ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუს მეცნიერს ევროპის კოსმოსურ პროგრამებზე ჯაშუშობა ბრალდება


ევროპის კოსმოსური სააგენტო

გერმანიაში დაკავებულია რუსეთის მოქალაქე, რომელიც ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. პროკურატურა მას ბრალად უყენებს რუსეთის დაზვერვისთვის კოსმოსურ ტექნოლოგიებზე ინფორმაციის გადაცემას, კერძოდ - ცნობებს „არიანის“ კოსმოსში გასაშვები დანადგარის შესახებ.

ფედერალური პროკურორების განცხადებით, მკვლევარი ილნურ ნ. ბავარიის უნივერსიტეტში მუშაობდა. ის გასული წლის 18 ივნისს დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის დაზვერვის თანამშრომლები მას პირველად 2019 წლის შემოდგომაზე დაუკავშირდნენ. ილნურმა მათთან თანამშრომლობაზე თანხმობა განაცხადა და ამის შემდეგ რუსეთის დაზვერვის წარმომადგენლებს სისტემატურად ხვდებოდა. ბრალდების ინფორმაციით, ერთ-ერთ შეხვედრაზე მას 2 500 ევრო გადასცეს.

აღნიშნული ფაქტის გასაჯაროება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რუსეთის დაზვერვის მუშაობის სტილს გერმანიაში. ეს იმ ფონზე ხდება, როცა დასავლეთის მოკავშირეები გერმანიისგან ითხოვენ, უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავოს რუსეთის მიმართ, რომელიც უკრაინას კვლავ შეჭრით ემუქრება.

გერმანია რუსეთის დაზვერვის ოპერაციების ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ რჩება. დეკემბერში, გერმანიის სასამართლომ რუსეთის დაზვერვის აგენტი დამნაშავედ ცნო „სახელმწიფო ტერორიზმის“ ფაქტში. ბერლინის ცენტრალურ პარკში 2019 წელს მომხდარი მკვლელობის მსხვერპლი საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი იყო. ბრალდებულ 56 წლის ვადიმ კრასიკოვს მაშინ სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. სასამართლოს ვერდიქტმა ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა გამოიწვია. რუსეთის ელჩმა გერმანიაში სერგეი ნეჩაევმა მაშინ განაცხადა, რომ განაჩენი „პოლიტიკურად მოტივირებული“ იყო.

XS
SM
MD
LG