ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დოპინგ სკანდალი: საქართველოს ოლიმპიური ვერცხლი ჩამოერთვა


მოჭიდავე მოძმანაშვილს ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე აღებული ვერცხლის მედლის დაბრუნება მოუწევს
მოჭიდავე მოძმანაშვილს ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე აღებული ვერცხლის მედლის დაბრუნება მოუწევს

1952 წლის ოლიმპიური თამაშებიდან მოყოლებული, ქართველმა ოლიმპიელებმა სამშობლოს 125 მედალი - 39 ოქრო, 30 ვერცხლი და 56 ბრინჯაო მოუპოვეს. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სოკ) სადისციპლინო კომისიის 17 იანვრის გადაწყვეტილებით, დოპინგის გამოყენების გამო, საქართველომ ერთი მედალი დაკარგა.

ოლიმპიური ვერცხლი თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით მოძმანაშვილმა უნდა დააბრუნოს. ეს მედალი მან 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ლონდონში მოიპოვა, როცა 120 კგ წონით კატეგორიაში ფინალში გასვლა შეძლო.

მოძმანაშვილის ვერცხლი დაღესტნელ მახოვს გადაეცემა
მოძმანაშვილის ვერცხლი დაღესტნელ მახოვს გადაეცემა

მსოფლი ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) მიერ 2012 წელს აღებული დოპინგ სინჯების უახლესი მეთოდებით განმეორებითმა შემოწმებამ აჩვენა რომ მოძმანაშვილს აკრძალული ანობალური სტეროიდი ტურინაბოლი ჰქონდა მიღებული. სოკ-ის გადაწყვეტილების შემდეგ, მოძმანაშვილის ვერცხლი რუსეთის წარმომადგენელ ბილიალ მახოვს გადაეცემა, რომელსაც ქართველმა ნახევარფინალში სძლია.

საქართველოს ანტისადოპინგო სააგენტოს დირექტორი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი პავლე კასრაძე „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ეს სამწუხარო ფაქტი საქართველოს ოლიმპიურ მოძრაობის პრესტიჟზე ძლიერი დარტყმაა

საქართველოს ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ დოპინგის გამო ოლიმპიური მედალი ჩამოგვართვეს..

რა თქმა უნდა, საქართველოსთვის ოლიმპიური მედლის ჩამორთმევა ძალიან ცუდი ფაქტია, ეს არის ოლიმპიურ მოძრაობის სულისკვეთებასა და პრესტიჟზე ძლიერი დარტყმა. ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ ბრძოლა დოპინგის წინააღმდეგ აუცილებელია, ამას ალტერნატივა არ აქვს. სპორტსმენებმა თუ იგრძნეს ცოტა სიმშვიდე ამ მიმართულებით, იმდენად დიდია ცდუნება, როგორც მატერიალური ასევე სპორტული კუთხით, არაკეთილსინდისიერი გზით მიზნის მიღწევის მცდელობები აუცილებლად წამოყოფს თავს.

დავით მოძმანაშვილმა, რომელიც 2017 წლიდან საქართველოს სახელით აღარ ასპარეზობს, სოკ-ის ეს გადაწყვეტილება არ გააპროტესტა ანუ გამოდის რომ მან დოპინგის მიღება აღიარა..

სპორტსმენს თუ აქვს რაიმე სათქმელი, მას ჰქონდა დრო რომ ამის შესახებ განეცხადებინა. მოძმანაშვილს კარგა ხანია მიღებული აქვს ეს ინფორმაცია, ჰქონდა აპელაციის უფლებაც, სპეციალური დრო იყო გასაჩივრების, რაც მან არ გააკეთა. რა თქმა უნდა ეს ნიშნავს, რომ დაეთანხმა. როცა არ აპროტესტებ, ეს ნიშნავს რომ ეთანხმები.

A და B დოპინგ სინჯები
A და B დოპინგ სინჯები

როგორც ვიცი, 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე გამგზავრებამდე, საქართველოს ანტისადოპინგო სააგენტომ ეროვნული ოლიმპიური ნაკრების ყველა წევრის, მათ შორის, მოძმანაშვილის A და B სინჯი აიღო, თუმცა მაშინ დოპინგი არ აღმოჩნდა...

დიახ, როგორც წესი, ყველა დიდი სპორტული ფორუმის წინ, იქნება ეს ოლიმპიური თამაშები, მსოფლიო თუ ევროპის ჩემპიონატები ჩვენ სპორტსმენებს გამოკვლევებს ვუტარებთ რომ ქვეყანა არ შერცხვეს. ასე იყო 2012 წელსაც, ოლიმპიადაზე გამგზავრებამდე ორჯერ ავიღეთ სინჯი.

მეტსაც გეტყვით, მოძმანაშვილს ლონდონშიც აუღეს კიდევ ერთი სინჯი, რომელმაც ასევე აჩვენა რომ „სუფთა“ იყო. მხოლოდ რვა თვის შემდეგ, განმეორებით შემოწმებაზე აღმოჩნდა, რომ აკრძალული ანობალური სტეროiდი ტურინაბოლი ჰქონდა მიღებული.

ეს ნიშნავს, რომ ტესტირების მეთოდი იყო არაზუსტი? თუ თავად სპორსტსმენმა ისეთ დროს მიიღო სტეროიდი რომ იგი სინჯზე არ გამოჩენილიყო..

დოპინგ სინჯის კვლევის და ანალიზის მეთოდი მაშინ ასე დახვეწილი არ იყო. ამას ხშირად იყენებდნენ სპორტსმენები. სპეციალისტების რჩევის საფუძველზე აკრძალულ ნივთიერებას სპეციალურად იღებდნენ ისეთ დროს, რომ დოპინგი შარდსა და სისხლში რაღაც დროის განმავლობაში არ გამოჩენილიყო. ასე ახერხებდნენ თავის დაძვრენას.

დღეს, თანამედროვე მედიცინის პირობებში ანალიზის მეთოდიკა იმდენად დაიხვეწა რომ 10-14 წლის წინ აღებული სინჯების განმეორებითი, უზუსტესი შემოწმება და ამის შედეგად სპორტული შედეგების გადახედვა ხდება.

სოკ-მა მოძმანაშვლს დისკვალიფიკაცია მისცა, სპორტსმენის გარდა, შეიძლება თუ არა დადგეს მისი მწვრთნელის ან ჭიდაობის ფედერაციის მაშინდელი ხელძღვანელების პასუხისმგებლობის საკითხი?

პირველ რიგში, ეს სპორტსმენის პასუხისმგებლობის საკითხია. დანარჩენი უკვე დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ითანამშრომლებს თავად სპორტსმენი ანუ დადგინდება თუ არა, ვინ ურჩია მას დოპინგის მიღება, ვინ დაეხმარა, ვინ იყო მთელ ამ ჯაჭვში ჩართული. ეს საკმაოდ რთული პროცესია, იმიტომ, რომ 2012 წლის შემდეგ ამდენი დროა უკვე გასული.

მოძმანაშვილი ბოლოს უზბეკეთის სახელით ჭიდაობდა
მოძმანაშვილი ბოლოს უზბეკეთის სახელით ჭიდაობდა

რუსეთის სახელით მოჭიდავე, დაღესტნელმა მოჭიდავემ მახოვმა, რომელიც 2012 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს ნაცვლად, მოძმანაშვილის დასაბრუნებელ ვერცხლს მიიღებს, თქვა, რომ დღეს ეს მასში არანაირ ემოციას არ აღძრავს...

ჩემი პირადი აზრია, რომ ეს რეგულაცია აუცილებლად დასახვეწია და ვაპირებთ კიდეც ამ თემაზე მსჯელობას ლოზანაში WADA-ს ყოველწლიურ სიმპოზიუმზე და კატოვიცეში, მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს მეხუთე მსოფლიო კონფერენციაზე.

ამდენი წლის შემდეგ, დადებითი დოპინგ სინჯი ნიშნავს, რომ ტექნიკური შედეგი ავტომატურად იცვლება, მესამე ადგილოსანი ამოდის მეორეზე, მეოთხე - მესამეზე და ა.შ, მაგრამ კვარცხლბეკზე დგომის ემოცია, სიხარული, ის, რაც ოლიმპიურ მოძრაობას და სპორტს ასე ალამაზებს იკარგება. მით, უმეტეს, რომ ლონდონის ოლიმიური თამაშების შემდეგ ერთი ოლიმპიადა კიდევ გაიმართა.

ის, რომ დოპინგთან ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ამდენი წლის შემდეგ მედლის ჩამორთმევის, სხვისთვის გადაცემის და ტექნიკური შედეგების ცვლილების რეგლამენტი, ჩემი აზრით, უკეთ არის მოსაფიქრებელი.

WADA-მ გასულ წლების ოლიმპიადებზე აღებული სინჯების ხელახალი გადამოწმება, მას შემდეგ დაიწყო, რაც დადგინდა, რომ რუსეთში, სპორტსმენების, მათ შორის ოლიმპიელების დოპინგ სინჯების გაყალბება სახელმწიფო დონეზე ხდებოდა.

ამის შედეგად ყველაზე მეტი ოლიმპიური მედალი სწორედ რუსეთს ჩამოერთვა. მაინტერესებს, არსებობს თუ არა ალბათობა, რომ მოძმანაშვილის შემთხვევა არ იყოს ერთადერთი და სხვა ქართველი ოლიმპიელების დოპინგ სინჯებიც დადგეს ეჭვქვეშ?

იცით რა, არასოდეს არ უნდა თქვა არასოდეს, ცოტა რთული თემაა, მაგრამ არა მგონია, არ უნდა დადგეს. ოლიმპიადებზე აღებული სინჯების გადამოწმებაზე მთლიანად WADA არის პასუხისმგებელი, ეს პროცესი კონფიდენციალურია და საქართველოს ანტისადოპინგო სააგენტოს მასზე წვდომა არ აქვს, მაგრამ მე არ ველოდები რომ ჩვენი ოლიმპიელების დოპინგ სინჯები შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს.

XS
SM
MD
LG