ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წარმატებული ქართველი ქალების იურიდიული კომპანია ნიუ-იორკში


“EK LAW OFFICE” – ეს არის რამდენიმე დღის წინ, ნიუ-იორკში გახსნილი იურიდიული ფირმა. კომპანიის ოფისი მანჰეტენზე, ლექსინგტონ ავენიუზე მდებარეობს. ბიზნეს სამართალი, - ნიუ-იორკის შტატში კომპანიის დაფუძნება, რეგისტრაცია, კონტრაქტები, ინტელექტუალური საკუთრება და მათი დაცვა ამერიკაში; საემიგრაციო სამართალი, კერძოდ, ბიზნეს იმიგრაცია, სამუშაო უფლების მოპოვება და ინვესტორთა საემიგრაციო მომსახურება - ეს არის სერვისები, რომლებსაც კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს.

კომპანიის დამფუძნებელი, ჰარვარდის სამართლის სკოლის კურსდამთავრებული, ეკატერინე ეგუტიაა. წლების განმავლობაში ის „თი ბი სი“ ბანკის მთავარი იურისტის პოზიციას იკავებდა.

ნიუ - იორკი არის რთული ბაზარი კონკურენციის მხრივ, განსაკუთრებით იურიდიულ პროფესიაში. ამავე დროს, ამერიკა არის შესაძლებლობების ქვეყანა, ყველა დარგში ფასდება შრომა და გამორჩეული უნარ-ჩვევები.
ეკატერინე ეგუტია.

ეკატერინე, „ამერიკის ხმასთან“ საუბრობს, რა გახდა მოტივატორი, საქართველოში წარმატებული კარიერის შემდეგ, იურიდიული საქმიანობა ნიუ-იორკში გაეგრძელებია, - „ნიუ-იორკის შტატის ახალი კანონმდებლობით, ნიუ-იორკში ლიცენზირებულ იურისტებს, მათ შორის საზღვარგარეთ მყოფ ნიუ-იორკელ ადვოკატებს ევალებათ იქონიონ ფიზიკური ოფისი და მისამართი ნიუ-იორკში, რათა მათ შეძლონ კლიენტების იურიდიული მომსახურება. ლიცენზირებული იურისტებისთვის, ნიუ-იორკში იურიდიული პრაქტიკის წინაპირობად, ნიუ-იორკში იურისტის ყოფნა და ოფისის არსებობა განისაზღვრა. მე ნიუ-იორკის შტატის ადვოკატის ლიცენზია 2016 წლიდან მაქვს. ეს გარემოება იყო ერთ-ერთი მოტივატორი, ჩემს მიერ ნიუ-იორკში იურიდიული ფირმის დაფუძნების. მეორე მნიშვნელოვანი გარემოება იყოს ის, რომ პროფესიულად ძალიან მიზიდავს პრეცედენტული სამართლის იურისდიქციაში მოღვაწეობა. როგორც იცით, აქამდე იურისტად საქართველოში ვმუშაობდი. ჩვენი ქვეყანა კონტინენტური (გერმანული) სამართლის ქვეყანაა, რაც განსხვავდება ამერიკული და ინგლისური სამართლისგან. ჩემთვის, პრეცედენტული სამართლის სივრცეში საქმიანობა პროფესიულად ძალიან საინტერესოა.“

იურიდიულ ფირმის სამიზნე ჯგუფები, ნიუ-იორკში მცხოვრები აღმოსავლეთ ევროპელები, პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმომადგენლები და ქართველები არიან. მათ შორის ისინიც, ვინც ნიუ-იორკის შტატში ბიზნესის კეთებას გეგმავენ და არ იმყოფებიან აშშ-ში.

ეკატერინე ამბობს, რომ რისკები ყველა ახალ ბიზნესთან არის დაკავშირებული და ბუნებრივია ეს ფაქტორი გააზრებული ჰქონდათ. იურიდიულ ფირმაში, ბიზნესის განვითარების მიმართულებას ნინა კობახიძე ხელმძღვანელობს. კობახიძე, ამერიკული სადაზღვეო კომპანია „გლობალ ჯგუფის“ ქართული წარმომადგენლობის დირექტორია. გარდა ამისა, ის წარმოადგენს საქართველოში „Willis Towers Watson“ -ს და ორგანიზაცია "ქალები მომავლისთვის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. მანამდე, სხვადასხვა დროს, მუშაობდა საქართველოს მთავრობაში და შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG