ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართველი მოსწავლეების გლობალური გამოწვევა


ვაშინგტონში რობოტიქსის საერთაშორისო კონკურსი First Global Challenge გაიმართა. შეჯიბრში საქართველომ წელს პირველად მიიღო მონაწილეობა და 160-მდე ქვეყნის გუნდს შორის მე-14 ადგილი დაიკავა. კომაროვის, ვეკუასა და ზალდასტანიშვილის სახელობის სკოლების 7 მოსწავლე ამერიკის დედაქალაქში ჩასვლამდე სპეციალური რობოტის შექმნაზე მუშაობდა. ამ რობოტმა ოლიმპიური პრინციპით მიმდინარე პრესტიჟულ კონკურსში ბევრი კმოპლიმენტი დაიმსახურა.

ყოველ წელიწადს კონკურსისთვის მზადება რამდენიმე თვით ადრე იწყება. შეირჩევა რომელიმე გლობალური პრობლემა და დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, დავალება ეგზავნებათ. წელს კონკურსის თემა სუფთა სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობა იყო, მოსწავლეების მისია კი - დაბინძურებული წყლის გამწმენდი ტექნოლოგიის - სპეციალური რობოტის შექმნა. მისია სამი ქართული სკოლის მოსწავლეებმა შეასრულეს.

მოუსმინეთ მოსწავლეებს, რომლებიც თავიანთ შექმნილ რობოტზე, კონკურსზე და "პირველ გლობალურ გამოწვევაზე" გვიყვებიან:

გივიკო დარჩია, რეზი ბაკურაძე, სოფიო ბრეგაძე, ელენე ბახტაძე, ლევან ჭიკაიძე, ანასტასია იოსებაძე, ანდრია უფლისაშვილი - რობოტის დიზაინზე, დაპროგრამებაზე, მის ფუნქციებზე რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ . First Global Challenge მათი უმეტესობისთვის პირველი შესაძლებლობა იყო თავიანთი ქვეყანა საერთაშორისო კონკურსში წარმოედგინათ და საპრიზო ადგილისთვის ებრძოლათ.

გუნდის მენტორი, ამერიკული აკადემიის პედაგოგი ილია მესტვირიშვილი ამბობს, რომ ამგვარი მასშტაბური კონკურსები მეცნიერების, ტექნოლოგიებით, ინჯინერიითა და მათემატიკით, ანუ ე.წ. STEM-ის მიმართულებებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს უმნიშვნელოვანეს შესაძლებლობებს აძლევს. ცოდნისა და კონკურსის გარდა კი ისინი სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან თანამშრომლობას, ერთმანეთის დახმარებას, ფუნქციების გადანაწილებას სწავლობენ. მესტვირიშვილი ამბობს, რომ ქართველ ახალგაზრდებს მსგავს კონკურსებში მონაწილეობისთვის კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ.

თანამშრომლობა რობოტის ფუნქციურობასთან ერთად, კონკურსის უმთავრესი კრიტერიუმია. ჟიურის წევრები ალიანსებში გუნდების ერთობლივ მუშაობასაც აფასებენ და ქულებს შესაბამისად წერენ.

მოსწავლლეებმა კონკურსზე შემთხვევით, ერთ-ერთი თანაკლასელის მშობლისგან შეიტყვეს და შემდეგ მონაწილეობის მისაღებად ბევრი გზა მოსინჯეს. უშუალოდ დავალებაზე მუშაობის გარდა, ისინი მგზავრობისა და მონაწილეობის დაფინანსებისთვის საჭირო თანხების მოძიებაშიც იყვნენ ჩართულნი, ამზადებდნენ პრეზენტაციებს სპონსორებისთვის და ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რატომ არის განათლების ეს მიმართულებები მნიშვნელოვანი.

თანამშრომლობა რობოტის ფუნქციურობასთან ერთად, კონკურსის უმთავრესი კრიტერიუმია. ჟიურის წევრები ალიანსებში გუნდების ერთობლივ მუშაობასაც აფასებენ და ქულებს შესაბამისად წერენ.

გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა უშუალოდ საკონკურსო დღეებიც. ორი დღის განმავლობაში გუნდმა ხუთზე მეტ თამაშში მიიღო მონაწილეობა. შეჯიბრის წესების თანახმად, 3-3 ქვეყნისგან ცალკეული ალიანსები კომპლექტდება. ანუ სამი გუნდი მოწინააღმდეგე ალიანსის სამ გუნდს ერთად უპირისპირდება, მათი რობოტები ერთად ცდილობენ დავალებას უკეთ გაართვან თავი და სასმელი წყალი დაბინძურებული ნაწილაკებისგან უფრო სწრაფად და ეფექტურად გაწმინდონ.

თამაშებს შორის გუნდის წევრებს ვაშინგტონის ცხელ და ტენიან დღეებში დასვენების საშუალება პრაქტიკულად არ ჰქონდათ. რობოტებს შეკეთება, დახვეწა და გაუმჯობესება სჭირდებოდა.
საკონკურსო დარბაზის დერეფნებში ხშირად ისმოდა თხოვნა გაფუჭებული ნაწილების შეკეთების, ხელსაწყოს თხოვების ან ამა თუ იმ ფუნქციის შემოწმების შესახებ. ყოველი შემდეგი თამაში წინასგან განსხვავდებოდა, გუნდის წევრები ამბობენ, რომ რობოტი ადგილზეც გააუმჯობესეს.

მომავალ წელს First Global-ი ნიჭიერ ახალგაზრდებს უკვე მექსიკაში უმასპინძლებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG