ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვოლკერი 2008 წლის ომზე: ეს იყო პუტინის გათვლა და დასავლეთის გაურკვევლობამ მას ხელი შეუწყო


აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, "ამერიკის ხმის" ქართულმა რედაქციამ დისკუსიას უმასპინძლა. გამომსვლელბმა ომის ისტორია გაიხსენეს და აღნიშნეს, რომ საქართველო-რუსეთის ომი დასავლეთისთვის გაკვეთილი იყო. ამერიკის სპეციალურმა წარმომადგენელმა კურტ ვოლკერმა, რომელიც შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი იყო ნატოში, ხაზი გაუსვა იმას, რომ აგვისტოს ომზე დასავლეთის სუსტმა პასუხმა, რამდენიმე წელში რუსეთის უკრაინაში შეჭრა წაახალისა.

ომამდე, ნატოს ბუქარესტის სამიტზე, ამერიკა მხარს უჭერდა თბილისისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებას, თუმცა სხვა ქვეყნები ამ საკითხზე ვერ თანხმდებოდნენ. კურტ ვოლკერი ამბობს, რომ რუსეთმა ერთიანობის არ არსებობა შესაძლებლობად გამოიყენა.

„საშიშროება, რომელიც [2008 წელის ომის შემდგომ] შეიქმნა, იყო დარწმუნებულობის და სიცხადის ნაკლებობა დასავლეთის მხარიდან თუ რისთვის ვიყავით მზად და რას გავაკეთებდით ჩვენი პოლიტიკის დასაცავად. ჩვენ მხარს ვუჭერდით საქართველოს რიტორიკით, პოლიტიკით, და ა.შ. ასევე მხარს ვუჭერდით საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მიცემას, რათა საქართველო მომზადებულიყო ნატოს წევრობისთვის. საფრანგეთი და გერმანია ამას ეწინააღმდეგებოდნენ. ბუქარესტის სამიტზე ამას დავა მოჰყვა და ეს დავა პუტინმა აღიქვა, როგორც [დასავლეთის] მზაობის არ არსებობა“ - აღნიშნა კურტ ვოლკერმა.

ვოლკერი ამბობს, რომ რუსეთმა ჩათვალა, რომ საქართველო მისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე დასავლეთისთვის.

„[მოსკოვმა] ჩათვალა, რომ შეეძლო ეს ნაბიჯი გადაედგა და შემდეგ თავი დაეძვრინა. ეს იყო პუტინის გათვლა და ჩვენი მხრიდან გაურკვევლობამ მას ხელი შეუწყო... ეს არის 2008 წლის გაკვეთილი რამაც შემდეგ უკრაინაზე მოახდინა გავლენა“, აღნიშნა მან.

საქართველოს ელჩმა შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ მოსკოვი დღემდე აგრძელებს საქართველოს ტერიტორიაზე აგრესიული პოლიტიკის გატარებას. მან ისაუბრა ბორდერიზაციის პროცესზე და იძულებით გადაადგილებულ პირებზე. ელჩმა ოთხოზორიას და ტატუნაშვილის შემთხვევებზე გაამახვილა ყურადღება.

„საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხი არ იყო საკმარისი, რათა მოგვიანებით უკრაინაში რუსეთის აგრესია თავიდან ყოფილიყო აცილებული. განსხვავება ბევრია და არ მინდა განსხვავებული შემთხვევები ერთად განვიხილო, მაგრამ [საქართველოს და უკრაინას] ერთი ნათელი საერთო ფაქტორი აქვთ: რუსეთი და მისი მიზანი თავს დაესხას ღირებულებებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს და ევროპის უსაფრთხოების სისტემას. ეს ორივე შემთხვევაში ვიხილეთ“, თქვა დავით ბაქრაძემ.

ეროვნული ინტერესის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი პოლ სონდერსი ამბობს, რომ საჭიროა ვაშინგტონმა რუსეთთან ურთიერთობები გრძელვადიანი სტრატეგიის ჩარჩოში განიხილოს.

„ჩვენ უფრო შორს უნდა ვიყურებოდეთ, გავთვალოთ თუ როგორ უპასუხებს რუსეთი ჩვენს პოლიტიკას. ეს არ ნიშნავს რუსეთისთვის ჩვენს პოლიტიკაზე ვეტოს დადების უფლების მიცემას ან გადაწვეტილების მიღებაში რაიმე როლის მინიჭებას. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ჩვენი პოლიტიკა ეფექტური. ჩვენ უფრო სტრატეგიულად უნდა ვიფიქროთ, როდესაც საქმე რუსეთთან ურთიერთობას შეეხება“, თქვა სონდერსმა.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG