ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი არასამთავრობოებს ხვდება


პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

უკრაინაში, ერთ-ერთ პოსტ საბჭოთა რესპუბლიკაში ვითარება უკიდურესად დაძაბული რჩება. მოქალაქეებსა და სპეცრაზმელებს შორის დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა. კიევის ცენტრში შეკრებილი მომიტინგეები ქვაფენილს ყრიან და ქვებს საბრძოლო იარაღად იყენებენ. ბერკუტსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებებისას უკრაინული მედიის ცნობით ორმოცზე ჟურნალისტი უკვე დაშავდა.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და პარლამენტის წევრებს ამ დრომდე უკრაინელი ხალხისადმი სპეციალური მიმართვა არ გაუვრცელებიათ. დღეს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინაში განვითარებული მოვლენები განიხილა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ ღიად უნდა დაუჭიროს მხარი უკრაინელების ბრძოლას ევროინტეგრაციის სასარგებლოდ. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა: „ამ საკითხთან დაკავშირებით, პირველივე დღეებიდან, მე ვგულისხმობ ვილნიუსიდან, ერთმნიშვნელოვნად ვაფიქსირებდით, რომ ჩვენთვის იქნებოდა უაღრესად სასიხარულო და მივესალმებოდით იმას, რომ უკრაინა, საქართველოს მსგავსად წასულიყო ერთიან პოლიტიკურ ევროპულ პროცესში. გვადარდებს და გვაღელვებს ის, რომ უკრაინაში ჰუმანიტარული კატასტროფა არ მოხდეს და მოვუწოდებთ ყველა მხარეს გაუფრთხილდნენ მთავარს, ეს არის ადამიანის სიცოცხლე და ეს არის ქვეყნის ერთიანობა. რა თქმა უნდა, ამ ემოციამ გაიმარჯვოს და რაციონალური, მშვიდი დიალოგის შედეგად უნდა მოხდეს მთავარის შენარჩუნება: ადამიანის სიცოცხლი დაცულობა და ქვეყნის ერთიანობა. მე მინდა გითხრათ, რომ უკრაინას ჰყავს თავისი არჩეული ხელისუფალი და ჩვენ, ასე პირდაპირ უკრაინის შიდა საქმეებში ვერ ჩავერევით“.

გუშინ თბილისში უკრაინელი მოქალაქეებისადმი მხარდამჭერი მიტინგი გაიმართა, რაც სოციალური ქსელით, ფეისბუქით მომზადდა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დღეს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ ამბობდნენ: ნინო ლომჯარია, სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელი: „პრეზიდენტმა, ფაქტობრივად არ გაიზიარა ჩემი მოსაზრება და ის თვლის რომ საქართველოს ხელისუფლება უფრო მეტად ფრთხილი უნდა იყოს თავის შეფასებებში უკრაინაში განვითარებული მოვლენების თაობაზე“.

საპარლამენტო უმცირესობა ცალსახად აცხადებს, რომ პარლამენტმა უნდა შეიმუშაოს და გაავრცელოს უკრაინელი დემონსტრანტების მხარდამჭერი ტექსტი. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დავით ბერძენიშვილი ამბობს: „თუ რაიმე აკვიატებები არ იქნება საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან, ზოგადად დეკლარირებული პოზიციები, რომ ეს არის უკრაინელი ხალხის არჩევანი, რომ უკრაინელი ხალხის ევროპულ არჩევანს ალტერნატივა არ აქვს, რომ სხვა შესაძლებლობები უკრაინაში არ არსებობს და გაიმარჯვებს ევროპული არევანი, რაც უფრო ნაკლები იქნება რუსეთის ზეწოლის შესაძლებლობა, ეს იქნება სტრატეგიული თვალსაზრისით უკეთესი, ამ ამ პოზიციების მქონე პოლიტიკური ძალების მიერ შესაძლებელია შეთანხმებული ტექსტის შედგენა. ეს დამოკიდებულია ჩვენს კოლეგებზე პარლამენტში.“

დავოსში, ეკონომიკურ ფორუმზე მყოფმა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკული ტელევიზია CNBC- სთან ღია ჩართვისას განაცხადა, რომ საქართველოსა და უკრაინის ისტორიები ერთმანეთისგან განსხვავდება. „ჩვენი მოსახლეობის 85 პროცენტმა მხარი დაუჭირა ევროინტეგრაციას რეფერენდუმში. ასე რომ, ევროპული არჩევანი ჩვენი არჩევანია. უკრაინა ჩვენთვის მეგობარი ქვეყანაა და დრამატულად განვითარებული მოვლენები, რაც იქ აქვს ადგილი, ძალიან გვაშფოთებს. ვნახეთ, რომ დაიღუპა ხალხიც. რუსეთისგან პროვოკაციები ჩვენთანაც მრავლადაა. თქვენ იცით, რომ საქართველომ ომი გადაიტანა 2008 წელს. საოკუპაციო ხაზთან ახლაც გრძელდება პროვოკაციები. მაგრამ საქართველო რუსეთზე არაა დამოკიდებული ისე, როგორც უკრაინა. ვერ ვიტყვი, რომ პროვოკაციები არ იქნება რუსეთის მხრიდან, მაგრამ ჩვენ მინიმალური რისკის ქვეშ ვართ, უკრაინისგან განსხვავებით. არჩევნების შემდგომ ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად ურთიერთობების ნორმალიზებას რუსეთთან, ეს იყო კიდეც ევროკავშირის ერთ-ერთი რეკომენდაცია ჩვენს მიმართ. გვაქვს წინსვლაც. ყველაფერი მოწესრიგებულია, გარდა პოლიტიკური ურთიერთობებისა“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამ დროისთვის კიევის ქუჩებში ბერკუტსა და მომიტინგეებს შორის ტაიმ აუტია გამოცხადებული. ვიტალი კლიჩკო, უკრაინული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრის შედეგები მომიტინგეებისა და ბერკუტის ქმედებებზე პირდაპირ აისახება. უკანასკნელი ცნობების თანახმად, ლვოვში, საოლქო ადმინისტრაციის შენობაში კიეველი დემონსტრანტებისადმი სოლიდარობის გამო ადგილობრივი მოქალაქეები შეიჭრნენ და შენობა დაიკავეს. უკრაინული მედია ასევე ავრცელებს ცნობას იმის თაობაზე, რომ დღეს კიევის პატრიარქმა ფილარეტმა უარი განაცხადა 85 წლის იუბილესთან დაკავშირებული ჯილდო პრეზიდენტ იანუკოვიჩისგან აეღო. პატრიარქმა საჩუქრის მიღება მაშინ, როდესაც კიევის ქუჩებში ადამიანები იღუპებიან, უადგილოდ მიიჩნია.
XS
SM
MD
LG