ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სალომე ზურაბიშვილი "ამერიკის ხმის" 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციას 70 წელი შეუსრულდა. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

პრეზიდენტის განცხადებით, 70 წლის წინ „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის დაარსება "იყო ძალიან დიდი მოვლენა". მას შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის თქმით, „ამერიკის ხმა“ მუდამ იყო მატარებელი იმ იმედის, რომ "საქართველო დამოუკიდებელი გახდებოდა, რომ აქ თავისუფლება და თავისუფალი სიტყვა ხელახლა გაიჟღერებდა".

პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებით, სწორედ ამ იმედით და სულისკვეთებით ცხოვრობდა ქართული ემიგრაცია, რომელთაგან ბევრი "ამერიკის ხმაში" მსახურობდა. "ჩემთვის გაიგივებული არის, მე ვიტყოდი, „ამერიკის ხმა“ სწორედ იმ ხალხთან [ემიგრანტებთან], რომლებიც წლების მანძილზე მუშაობდნენ „ამერიკის ხმაში“ და განასახიერებდნენ სწორედ ამ სტანდარტს: ჟურნალიზმის, რომელიც ნიშნავს თავისუფლებას, ობიექტურობას, მიუკერძოებლობას. და მე ვისურვებდი, რომ „ამერიკის ხმა“ მუდამ იყოს ამისი მატარებელი საქართველოში და მსოფლიოში“- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

26 მაისს რედაქციას საიუბილეო თარიღი მიულოცა შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა. “ქართველმა ხალხმა „ამერიკის ხმის“ მოსმენა 1951 წელს დაიწყო, 26 მაისს, მათი დამოუკიდებლობის დღეს. ამიტომ განსაკუთრებულია, რომ დღეს, როცა საქართველო 103 წლის დაბადების დღეს აღნიშნავს, „ამერიკის ხმა“ მის 70 წლისთავს ზეიმობს. ამერიკის ხმის ქართული რედაქციის თანამშრომელ ქალებსა და კაცებს, საქართველოში ამერიკის საელჩოს ქალების და კაცების სახელით - გილოცავთ“ - ასე მიულოცა ელჩმა დეგნანმა 70 წლის იუბილე „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას.

"ამერიკის ხმამ" მილოცვები შეერთებული შტატების გავლენიანი სენატორებისგანაც მიიღო. „70 წლის განმავლობაში, „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტები და თანამშრომლები თავდადებით მუშაობდნენ, ზოგჯერ საკუთარი სიცოცხლის ფასადაც, რომ სიმართლისთვის ნათელი მოეფინათ. იუბილის აღნიშვნასთან ერთად, რომელიც საქართველოს მიერ დამოკიდებლობის გამოცხადების 30 წლისთავს ემთხვევა, გვინდა გამოვყოთ რედაქციაში და ადგილზე ის ადამიანები, რომლებიც რთულ შეკითხვებს სვამენ და გულახდილ პასუხებს ითხოვენ ქართველი ხალხისთვის. თქვენმა გაწეულმა სამსახურმა თავისუფალი მედიის მშენებლობისთვის, რომელიც პასუხისმგებელია მხოლოდ მისი ხალხის მიმართ, საქართველოს დემოკრატიას სიძლიერე შემატა“, - უთხრა „ამერიკის ხმას“ ჯინ შაჰინმა, დემოკრატმა სენატორმა და ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ.

საქართველოს პარლამენტის სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირებმაც მიულოცეს "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციას 70 წლის იუბილე. ვიდეო მილოცვები "ამერიკის ხმას" საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურმა მიაწოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG