სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო ვიზიტორთა პროგრამით ამერიკას ქართველ პოლიტიკოსთა დელეგაცია ესტუმრა. სასწავლო პროგრამის მიზანია ახალგაზრდა ქართველ პოლიტიკოსებს შეერთებული შტატების პოლიტიკური სისტემა და პარტიების მუშაობის პრინციპები გააცნოს.
ჯგუფში ოთხი პოლიტიკური პარტია და ერთი დამოუკიდებელი ექსპერტია წარმოდგენილი. თეა წულუკიანი, პარტია თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარის მოადგილე, „ამერიკის ხმის“ რედაქციას პირადად ესტუმრა და ჩვენ საშუალება მოგვეცა ოპოზიციური რვიანის დამოკიდებულებას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე უშუალოდ გავცნობოდით.
რვიანის მიერ წაყენებული საარჩევნო გარემოს შეცვლის მოთხოვნების მთელი პაკეტიდან მთავრობა არცერთ დათმობაზე არ წამოვიდა, აცხადებს ქალბატონი თეა. ამიტომ ამ ეტაპზე ბრძოლის სტრატეგია შეიცვალა და რვიანი რეგიონებში გასვლას, ხალხთან მეტ ურთიერთობას და საკუთარი საქმიანობის შესახებ ახსნა-განმარტების მიცემას აპირებს.
რეგიონებს ოპოზიციურ ტელე-არხებზე ხელი არ მიუწვდებათ, ამიტომ იძულებულნი ვართ პირადად ვიაროთ სოფელ-სოფელ და ხალხს იმ გარეშე საფრთხეზე ვესაუბროთ, რაც უსამართლო არჩევნების შემთხვევაში შიდა დესტაბილიზაციამ შეიძლება მოგვიტანოს. არცერთი წუთით არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს ისეთი საგარეო საფრთხე, როგორიც არის რუსეთი, აცხადებს ქალბატონი თეა.
„ამერიკის ხმის“ შეკითხვაზე, თუ რამდენად აღიქვამს ოპოზიციის მეორე ნაწილი ნინო ბურჯანაძის მეთაურობით, რუსეთს საგარეო საფრთხედ, ქალბატონმა თეამ გვიპასუხა, რომ მან არ იცის პირადად ბურჯანაძის აზრი. თუმცა ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ქალბატონი ნინო სათანადოდ ვერ აფასებს იმ სავალალო შედეგებს, რაც ჩვენს ქვეყანას 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ღია მტრობამ მოუტანა. რუსეთის საფრთხის არაღიარება კი ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან ელემენტარული უპასუხისმგებლობა იქნებოდა, განაცხადა მან.
საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით ქალბატონ თეას ქართულ მოსახლეობაში არსებული ანტი-დასავლური განწყობების შესახებაც ვესაუბრეთ.
„ეს არის ჩემი აზრით ყველაზე საჭირბოროტო შეკითხვა, რომელიც ქართულ საზოგადოებაში დგას. მიხეილ სააკაშვილმა დაამკვიდრა ისეთი მავნე სტერეოტიპი, რომლის თანახმადაც ის არის დასავლეთი... ის არის სახელმწიფო... და როგორც კი მას გააკრიტიკებ, ესე იგი შენ აკრიტიკებ საქართველოს, ესე იგი შენ აკრიტიკებ სახელმწიფოს, ესე იგი შენ აკრიტიკებ დასავლეთს” - განაცხადა ქალბატონმა თეამ
26 მაისის თემას გვერდს ვერ ავუვლიდით. ჩვენი შეკითხვა ასეთი იყო: ოპოზიციის ლიდერებისგან მოვლენების არაერთი მძაფრი პოლიტიკური თუ მორალური შეფასება მოვისმინეთ. რამე კონკრეტული საქმე თუ გაკეთდა ამ რიტორიკის მიღმა?
ქალბატონი თეას აზრით 26 მაისს ხელისუფლების მხრიდან ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი. მისი პარტიის მოთხოვნა იყო, რომ შექმნილიყო სპეციალური საპარლამენტო კომისია, რომელიც ამ ფაქტებს გამოიკვლევდა, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობამ მათ მხარი არ დაუჭირა. „სხვა კონკრეტულ ნაბიჯებზე ჯერ ადრეა ლაპარაკი. სანამ კერძო პირები საერთაშორისო სასამართლოს მიმართავენ, მათ სახელმწიფოშივე უნდა ამოწურონ სამართლებრივი გზები“, განაცხადა მან.
26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით „ამერიკის ხმა“ დელეგაციაში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს, ნატა მჭედლიშვილსაც ესაუბრა. მისი კომენტარი ვაშინგტონის დალასის აეროპორტიდან ტელეფონით ჩავწერეთ:
„მერიამ და პოლიციამ არაერთხელ მიმართა მათ თხოვნით რომ გადაენაცვლათ სხვა ნებისმიერ ადგილზე. უბრალოდ ის ადგილი უნდა გაეთავისუფლებინათ, სადაც 26 მაისს ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული დღესასწაული უნდა გამართულიყო. რაზეც მათ უარი განაცხადეს და მიზანმიმართულად გადაწყვიტეს, რომ პოლიციას ხელჯოხებით და მოლოტოვის კოქტეილებით დაპირისპირებოდნენ. მათ ასევე დაემტვრიეს პოლიციის მანქანები. რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე, პოლიციის მოქმედება იყო ლეგიტიმური და ამაზე ორი აზრი არ უნდა არსებობდეს“.
ჩვენ რა თქმა უნდა გვაინტერესებდა დელეგაციის წევრთა აზრი უკანასკნელ დღეებში მედიაპალიტრის გარშემო ატეხილი სკანდალის შესახებ. თეა წულუკიანის თქმით ეს სკანდალი უფრო პრევენციულ ხასიათს ატარებს. ქართული საზოგადოება სახალხო დამცველის და ჟურნალისტთა დიდი ნაწილის ჩათვლით ფეხზე დადგა. მათ საფუძვლიანი ეჭვი გაუჩნდათ იმის გამო, რომ მედიაპალიტრის დაქვემდებარებაში მყოფ ექვსივე ორგანიზაციაში ფართო საგადასახადო შემოწმება დაიწყო. ამერიკის საელჩოც დაინტერესდა ამ ფაქტით და მედიაპალიტრის ხელმძღვანელობას ესტუმრა.
განსხვავებული მოსაზრება აქვს ნაციონალ ნატა მჭედლიშვილს. ის აცხადებს, რომ ამ ფაქტის პოლიტიზირება უსაფუძვლოა. საგადასახადო შემოწმება ნორმალური მოვლენაა და კანონის წინაშე არავინაა ხელშეუხებელი, მათ შორის მედიის ის საშუალებებიც, რომლებიც ოპოზიციურ შეხედულებებს აქვეყნებენ.
დელეგაციის დამოუკიდებელი წევრის, ირაკლი მელაშვილის თქმით, ეს ფაქტი ისევ 26 მაისის გაგრძელებაა. მედიაპალიტრა ცდილობდა მოვლენები ობიექტურად გაეშუქებინა და არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ ემხრობოდა. მათ მიერ ინტერნეტ გვერდზე 26 მაისის მიტინგის მონაწილეთა სასტიკი ცემის ამსახველი დოკუმენტური ვიდეოკადრების გამოქვეყნებამ ხელისუფლება ძლიერ გაანაწყენა. შესაბამისად საგადასახადო შემოწმება არის სადამსჯელო ღონისძიებების გაგრძელება -აცხადებს ბატონი მელაშვილი. ხელისუფლება ამჟამად უკვე შედარებით თავისუფალ ინტერნეტ და ბეჭდვით მედიაზე კონტროლის დაწესებას ცდილობს:
„როგორც ჩანს ხელისუფლება მიხვდა, რომ მხოლოდ ტელევიზიების კონტროლი არ არის საკმარისი. იგი ეცდება თანამედროვე მედია-საშუალებების, იგივე ინტერნეტის და სოციალური ქსელების, რომლებიც უკვე ძალიან აქტიურად მოიხმარება საქართველოში, გაკონტროლებას. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ცოტა ხნის წინ ინტერნეტ ტელევიზია „აი-თივის“ თანამშრომლები გაყარეს და ის ხელისუფლების მხრიდან სრულიად კონტროლირებადი გახდა“.
საპარლამენტო არჩევნებამდე სულ ცოტა ხანი რჩება, წელიწადი და რამდენიმე თვე. პოლიტიკურ სპექტრში არსებული პრინციპული განსხვავებები პოლიტიკური ვნებების შემდგომ ესკალაციას მოასწავებს.
ამ ფონზე ქართველ პოლიტიკოსთა დელეგაცია შეერთებულ შტატებში ვიზიტს აგრძელებს და პოლიტიკური განათლების მიღების და გამოცდილების გაზიარების მიზნით ამერიკელ ექსპერტებს ხვდება. სამშობლოში მშვიდობით დაბრუნებას და ახლადშეძენილი ცოდნის გონიერ და საქართველოსთვის მაქსიმალურად ეფექტურ გამოყენებას ვუსურვებთ ჯგუფის თითოეულ წევრს.