ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართული კულტურის ფესტივალი ატლანტაში


ღონისძიების ორგანიზატორი უკვე მეორე წელია ახალგაზრდა ქართველი სტუდენტი ხატია ესართიაა

შარშანდელმა დებიუტმა ისეთი წარმატებით ჩაიარა, რომ წელს ამერიკელები ღონისძიების ორგანიზატორს, ქართველ სტუდენტ, ხატია ესართიას რამდენიმე თვით ადრე აფრთხილებდნენ, წინასწარ გაგვაგებინე, როდის იქნება ქართული კულტურის ფესტივალი, რომ არ გამოგვჩესო. 11 მაისს ატლანტის ჯონ ჰოველის სახელობის პარკში ქართულ ფესტივალზე თითქმის ორჯერ მეტი ხალხი მივიდა, ვიდრე შარშან, ყვება ჯორჯიის დედაქალაქში უკვე ტრადიციად ქცეული ფესტივალის ინიციატორი და სულის ჩამდგმელი ახალგაზრდა გოგონა. და ამატებს: რაც ყველაზე უფრო მახარებს, ამერიკელთა რაოდენობა წელს ბევრად აღემატებოდა ადგილობრივ ქართველებსო.
გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

საქართველოს კულტურული ფესტივალის შესახებ ფეისბუქით შევიტყვე. ყველაზე მეტად ჩურჩხელა და ხაჭაპური მომეწონა. მოცეკვავეებიც არაჩვეულებრივები იყვნენ და საერთოდ, უამრავი ქართველის გაცნობაც ძალიან საინტერესო იყო“ - ამბობს ფესტივალის ერთ-ერთი სტუმარი, სტუდენტი გოგონა.

მე კი შარშან მეგობარმა გამაგებინა და წელსაც მოვედი. დიდი წარმატებით მიდის ქართული ფესტივალი. საჭმელი, მუსიკა, მოცეკვავეები... ყველაფერი საუკეთესოა! კარგი დროც გავატარეთ. შარშან გაცნობილი ადამიანიც ბევრი შემხვდა “ - ყვება მის გვერდით მდგომი ატლანტელი ყმაწვილი.

„შემოგვიარეთ, რომ მოისმინოთ ჩინებული ქართველი დიჯეის ორგანიზებული ქართული ხალხური და თანამედროვე მუსიკა; გასინჯეთ საუცხოო ქართული კერძები და სასმელები; ისიამოვნეთ ქართველი მოცეკვავეების და მომღერლების შესრულებული ნაწარმოებებით; გაეცანით მდიდარი ისტორიის მქონე ქართულ კულტურას; აჩვენეთ ბავშვებს თოჯინური თეატრი; შემოგვიერთდით ნარდის ჩემპიონატზე, ყურძნის ჭყლეტვაზე და უამრავ სხვა მხიარულ და გასართობ სანახაობაზე“ - ამ სიტყვებით იწვევდნენ სტუმრებს ამერიკის სამხრეთის სითბოთი და სიკეთით ცნობილ ქალაქში ქართული კულტურის სანახაობებით და ინფორმაციით მდიდარ ფესტივალზე.

ხატია რუსეთში დაიბადა. სკოლა შეერთებულ შტატებში დაამთავრა. ახლა მაგისტრატურის პროგრამას ასრულებს. მერიდება ქართველი აუდიტორიის, ქართულში ზოგჯერ შეცდომებს ვუშვებო და გვთხოვა ინტერვიუ ინგლისურად ჩაგვეწერა.

ხატია ესართია (მარჯვნივ)
ხატია ესართია (მარჯვნივ)
ძალიან დიდი ხანი არ ვიყავი საქართველოში ნამყოფი და 2 წლის წინ საახალწლოდ ჩავედი. შობა, ძველით და ახლით ახალი წელი იქ გავატარე. შინ რომ დავბრუნდი, ატლანტაში, ბერძნულ ფესტივალზე დამპატიჟეს. მაშინ პირველად გამიჩნდა სურვილი, რაიმე მსგავსი გამეკეთებინა. ვიფიქრე: ჩვენ, ქართველებს ფანტასტიური, დედამიწაზე ერთ-ერთი უძველესი კულტურა და ტრადიციები გვაქვს. მსოფლიოსთვის რამდენი რამის გაზიარება შეგვიძლია! რატომაც არა? სწორედ ასე გაჩნდა ქართული კულტურის ფესტივალის ჩატარების იდეა“ - ყვება ხატია.

მოსამზადებელი სამუშაოები არც ისე იოლი და იაფი გამოდგა, თუმცა ორგანიზატორული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, ამბობს, რომ დიდად დაეხმარა. ფონდების მოზიდვით დაიწყო, რადგან ჯერ მარტო ჯორჯიის შტატის და ატლანტის მუნიციპალიტეტიდან 13 სხვადასხვა ნებართვა უნდა აეღო, რაც თავისთავად, უფასო არ არის.

მოგვიანებით ხატიას უამრავი ქართველი და ამერიკელი დაუდგა გვერდში. წელს ნატვრის ხეც ჰქონდათ, ქართული სუვენირების და მხატვრების მინი-გამოფენებიც მოაწყვეს. სპეციალურ კარავში ქართული ტურიზმის ბუკლეტები რიგდებოდა და უცხოელ სტუმრებს საქართველოს უფრო საფუძვლიანად აცნობდნენ. სამზარეულოში დიდი პოპულარობით, როგორც ყოველთვის, ხაჭაპური სარგებლობდა. პატარები ყველაზე მეტად თოჯინური სპექტაკლებით გაერთნენო. „კომბლე“ მოეწონათ ძალიან, თურმე. და კიდევ, ქართული ასოებით დაწერილი მათი სახელები, რომლებსაც შინ გახარებული მიარბენინებდნენ.

თუმცა, როგორც ყოველთვის, ყველაზე დიდი მოწონებით მაინც ქართული ცეკვა სარგებლობდაო. ატლანტაში ნიუ იორკიდან საგანგებოდ ანსამბლი „კავკასიური ხმლები“ ჩავიდა. ყველაზე დიდი აპლოდისმენტებით მაყურებლებს სწორედ მათი ცეკვები დაუჯილდოვებია.

ხატია გვპირდება, რომ ქართული კულტურის ფესტივალის ახალ ტრადიციას არათუ გააგრძელებს, არამედ გაისად ატლანტის ფესტივალი კიდევ უფრო მრავალფეროვანი და ხალხმრავალი გახდება. და ვინ იცის, იქნებ სხვა შტატებში და ქალაქებშიც მოინდომონ ჩვენმა შვილებმა ხატიას გამოცდილების გაზიარება და ქართული კულტურის და ისტორიის ასეთ მაღალ დონეზე პოპულარიზება.

ფოტოგალერეა:

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG