ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აქტივისტები "ქართულ ოცნებას" გამოხატვის თავისუფლების დაცვისკენ მოუწოდებენ


თბილისი პრაიდის განცხადება: სახელმწიფო, სად ხარ?

საქართველოში დაგეგმილ „ღირსების მარშს“, რომელსაც ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი“ 1-5 ივლისს კვირეულის ფარგლებში გეგმავს, განსხვავებული შეფასებები მოჰყვა მთავრობასა და ოპოზიციაში. ლგბტქ აქტივისტები, „ღირსების მარშს“ რუსთაველის გამზირზე, 5 ივლისს გეგმავენ, ხოლო პრორუსული და ნაციონალისტური ჯგუფები მისი ჩაშლით იმუქრებიან.

აღნიშნულთან დაკავშირებით, 17 ივნისს განცხადება გააკეთა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და თქვა, რომ მარში არ უნდა გაიმართოს.

"მე მაქვს ჩემი პირადი დამოკიდებულება - მგონია, რომ სრული კონტექსტის გათვალისწინებით, ამ ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ ამ ღონისძიების ჩატარებაზე", - თქვა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ „ტვ პირველის“ ეთერში.

კობახიძის განცხადებას აქტივისტების კრიტიკა მოჰყვა. ისინი მას კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების შეზღუდვაში დებენ ბრალს.

"მნიშვნელოვანია, რომ გადატყდეს ყოველწლიური ეს საშინელი ტრადიცია. ერთი და იგივე რამ ხდება და წრეზე ვტრიალებთ", - ამბობს "თბილისი პრადისი" დირექტორი გიორგი თაბაგარი "ამერიკის ხმასთან" საუბარში. "კონსტიტუციით გარანტირებული ამ უფლების აღსრულება არის მნიშვნელოვანი. არ შეიძლება ამდენი წელი ერთი და იგივე პრობლემა გრძელდებოდეს და მხოლოდ ერთადერთი ჯგუფი ვიყოთ ჩვენ, ვისაც ეზღუდება მშვიდობიანად შეკრება და გამოხატვა ამ ქვეყანაში. სხვა ყველა ჯგუფს აქვს ამის შესაძლებლობა გარდა ლგბტ ადამიანებისა", ამბობს ის.

დღეს, კვირეულის გამართვას მხარი არ დაუჭირა ასევე თბილისის მერმა, კახი კალაძემ. მისი თქმით, ამის მიზეზი ცალკეული ჯგუფების მიერ ღონისძიების "არასწორად გამოყენებაა".

"მე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ამის გაკეთება იმიტომ, რომ არსებობენ კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული ჯგუფები, რომლებმაც შეიძლება ეს არასწორად გამოიყენონ, როგორც ერთი ასევე მეორე მხრიდან", - თქვა კალაძემ.

რამდენიმე დღის წინ, 30-მა ევროპარლამენტარმა საქართველოს მთავრობას „თბილისი პრადისისთვის“ უსაფრთხოების გარანტიების გაცემისკენ და გამოხატვის თავისუფლების დაცვისკენ მოუწოდა. განცხადება გააკეთა ასევე შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა და თქვა, რომ იმედოვნებს მოქალაქეების გამოხატვის და შეკრების თავისუფლება დაცული იქნება.

„საქართველო ადამიანის უფლებების დასაცავად ასწლეულების განმავლობაში იბრძოდა. როგორც ჩანს, არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ ძალადობრივი მეთოდების გამოყენება, რათა საქართველოს მოქალაქეებს ხელი შეუშალონ მათი ფუნდამენტური თავისუფლებების - შეკრების და გამოხატვის უფლებების განხორციელებაში. ეს ქმნის სერიოზულ პრობლემას სამართალდამცველებისთვის, რომლებსაც აქვთ პასუხისმგებლობა, რომ უზრუნველყონ საქართველოს მოქალაქეების მიერ ამ ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობა“, - თქვა აშშ-ის ელჩმა.

„ღირსების მარშის“ გამართვის საწინააღმდეგო პოზიცია ისმოდა ოპოზიციის ნაწილისგანაც. ოპოზიციონერმა პარლამენტარმა ალეკო ელისაშვილმა თქვა, რომ მარშს ზიზღის ტალღის აგორების გარდა სხვა შედეგი არ აქვს.

"რატომ მართავენ ამ პრაიდს, რომელსაც სიძულვილის, ზიზღის ტალღის აგორების და პრორუსული ძალების გამოცოცხლების გარდა არაფერი შედეგი არ აქვს, ამას ვერ ვხვდები უბრალოდ... თავს თუ შეიკავებენ, იქნება ძალიან კარგი", - თქვა ელისაშვილმა.

თუმცა ოპოზიციის სხვა წარმომადგნელებმა, მხარი დაუჭირეს უმცირესობების გამოხატვის თავისუფლებას და მთავრობას მოუწოდეს კონსტიტუციის დაცვისკენ.

„მოქალაქეების უფლებებს კონსტიტუცია განსაზღვრავს. მოქალაქეები თანაბრები უნდა იყვნენ ყველა უფლებაში. ამავდროულად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ევალება, რომ დაიცვას წესრიგი, არ დაუშვას დაპირისპირება და რაიმე ტიპის მოქალაქეებს შორის დაძაბულობის შექმნა“, - განაცხადა პარტია ლელოს ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.

„პრაიდის“ კვირეული 1 ივლისს დაიწყება. ის მარშთან ერთად სხვადასხვა ღონისძიებებს, მათ შორის, ფილმების ჩვენებასა და მუსიკალურ ფესტივალს მოიცავს.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG