ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ყველაფერი, ან არაფერი“


„ქართული ოცნების“ ბრიფინგმა 28 ივლისს პოლიტიკური მეწყერი წარმოშვა. რა დაიმარხა მიწის ქვეშ? ამის თაობაზე მთელი დღის განმავლობაში კეთდება შეფასებები როგორც პოლიტიკურ წრეებში, ისე პოლიტოლოგებს, მესამე სექტორის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს შორის.

ნაშუადღევს, მმართველი პარტიის გუნდი ბრიფინგზე შეიკრიბა, სადაც პარტიის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქართული ოცნება ტოვებს/ანულირებას უკეთებს შარლ მიშელის შეთანხმებას, რომელზეც 19 აპრილს მოაწერა ხელი. ამის მიზეზად დასახელდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დოკუმენტზე ხელმოუწერლობა. კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი შეურაცხყოფილია, რადგან დოკუმენტზე „ოცნების“ ხელმოწერა ფიქსირდება, მათი მთავარი ოპონენტის, „ნაციონალური მოძრაობის“ კი არა.

„არჩევნები არ გაყალბებულა. მათ {„ნაციონალური მოძრაობის“] მიერ წარმოებული კამპანია, თითქოს არჩევნები გაყალბდა, იყო წმინდა წყლის დეზინფორმაცია, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის შექმნას ისახავდა მიზნად,“- განაცხადა კობახიძემ. ის ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ზედმიწევნით შეასრულა ყველა პირობა, რასაც დოკუმენტი ითვალისწინებდა. ამასთან, ის „კრიმინალებს“ უწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს, ნიკა მელიასა და „მთავარის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს გიორგი რურუას, ვისაც მთელი ოპოზიციური სპექტრი პოლიტპატიმრად მიიჩნევდა და მათ საპატიმროდან განთავისუფლებას მოითხოვდა.

აშშ საელჩოს პოსტი 23 ივნისს, 2021
აშშ საელჩოს პოსტი 23 ივნისს, 2021

„ქართული ოცნების“ მიერ დაპირებული და ხელმოწერილი პუნქტების შესრულების ხარვეზიანობის თაობაზე უცხოელმა პარტნიორებმა მმართველ გუნდს რამდენჯერმე მიუთითეს. 23 ივნისს კი მეტი სიცხადისთვის, ამერიკის საელჩომ სოციალურ ქსელში დადო დოკუმენტი, სადაც ყვითელი მარკერით გახაზული გახლდათ პუნქტები, რომელთაც „ქართული ოცნება“ შესრულებულ დაპირებად მიიჩნევდა, პროცესში ჩართული საერთაშორისო პარტნიორები და ექსპერტები კი შეუსრულებლად. ეს კონკრეტული შემთხვევა სასამართლო სისტემის რეფორმირების მიმართულებით არსებულ ვითარებას უკავშირდებოდა. მის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება შეასრულა.

გიორგი ბადრიძე, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი, ვისაც დიპლომატიური საქმიანობის მდიდარი გამოცდილება აქვს, "ამერიკის ხმასთან" ამბობს, რომ შარლ მიშელისთვის პიროვნულადაც ძალიან შეურაცხმყოფელი და დამამცირებელია საქართველოს მმართველი გუნდის ამგვარი დამოკიდებულება იმ ძალისხმევის მიმართ, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საქართველოსთან მიმართებით გაწია.

„მე არ მახსენდება, სხვა შემთხვევა, როდესაც ევროკავშირის ამ დონის ლიდერს, ამდენი პოლიტიკური კაპიტალი და პირადი პოლიტიკური ავტორიტეტი ჩაედო ჩვენი მსგავსი ქვეყნის შიდა პოლიტიკური პრობლემის გადაწყვეტაში. ჩემი აზრით, ეს უნდა იყოს უკიდურესად გამაფრთხილებელი. გასაგებია, რომ შარლ მიშელი პიროვნული მოტივაციით არ იმოქმედებს. ევროკავშირის რეაქცია იქიდან გამომდინარეც იქნება, რომ ეს დემარში იქნა მიმართული ევროკავშირის მხრიდან ასეთი სერიოზული მონაწილეობის შემდეგ, მას შემდეგ, რაც გამოცხადდა დიდი ფინანსური დახმარების მორიგი პაკეტი. სამწუხაროა, როდესაც პოლიტიკური ხელისუფლება ქვეყნის განვითარებასა და ძალაუფლების შენარჩუნებას შორის, არჩევანს ძალაუფლების შენარჩუნების სასარგებლოდ აკეთებს. საუბარია ქვეყნის მომავალზე, რომელიც დიდი საფრთხის ქვეშაა“, - აცხადებს გიორგი ბადრიძე.

„შარლ მიშელის დოკუმენტმა 100 დღის წინ, მოკლევადიან პერსპექტივაში თავისი ფუნქცია შეასრულა,“- ამისთვის ირაკლი კობახიძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მადლობას უხდის. იგი ამბობს, რომ „ოპოზიცია იძულებული გახდა შეეწყვიტა საბოტაჟი, რითაც ის ქვეყნის ინტერესებს აზიანებდა.“ თუმცა ხელმოწერა დოკუმენტზე შარლ მიშელის „მაქსიმუმი“ აღმოჩნდა, მან მეტი ვერ შეძლო. „დოკუმენტმა თავი ამოწურა“ - ასეთი გახლავთ ოცნების ვერდიქტი.

ჟურნალისტი ზვიად ქორიძე "ამერიკის ხმასთან" საუბრისას ყურადღებას ამახვილებს როგორც საერთაშორისო პარტნიორების თვალში საქართველოს მდგომარეობაზე, ისე ავტორიტარიზმის საფრთხეზე.

შეთანხმების დოკუმენტი, სახელწოდებით „სამომავლო გზა საქართველოსთვის“
შეთანხმების დოკუმენტი, სახელწოდებით „სამომავლო გზა საქართველოსთვის“

„ასეთი მაღალი დონის ფიგურის ჩართვა მოლაპარაკებების პროცესში, როგორიც შარლ მიშელია, თავისთავად გამორიცხავდა ვიღაცის მარგინალიზაციას, გარიყვას, განდევნას პოლიტიკიდან. ეს შეუწყობდა ხელს თანდათან, ნელ-ნელა ქვეყანაში ნორმალური პოლიტიკური პროცესის განვითარებას. ქართული ოცნება მოიქცა ბევრად უფრო სამარცხვინოდ, ვიდრე ეს მოხდა 2019 წლის შემოდგომაზე, როდესაც საჯაროდ დაპირებული და გაცხადებული საარჩევნო ცვლილება, სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის თაობაზე [ოცნებამ და პირადად ბიძინა ივანიშვილმა], ჩააგდო. ახლა გაცილებით უფრო მძიმე ვითარებაა. ოცნებამ უარი თქვა ამ მნიშვნელოვან მაშველ რგოლზე ევროკავშირიდან“,- ამბობს ზვიად ქორიძე.

უკანასკნელი პოლიტიკური მოვლენების შეფასებისას სულ უფრო და უფრო ხშირად ისმის მინიშნება ნულოვან ჯამიანი თამაშის შესახებ. „ან ყველაფერი, ან არაფერი. თუ მოიგო, ოცნებამ, იქნება ავტორიტარიზმი, თუ წააგო, განვითარდება სერიოზული სამოქალაქო დაპირისპირების სცენარი. ესაა ყველაზე უარესი სცენარი, მათ შორის, რაც კი შეიძლებოდა არსებულიყო. „ოცნებამ“ ეს სცენარი არა მხოლოდ დაწერა, არამედ განახორციელა კიდევ“,- მიიჩნევს ზვიად ქორიძე.

ყველაზე დიდი კითხვა, დაუჯერებლობის ეფექტის თანხლებით, რაც მმართველი გუნდის ქცევის ტრაექტორიის კვალდაკვალ ისმის, საქართველოს რუსულ ორბიტაზე მოქცევას ეხება. „არადემოკრატიული მეთოდებით მოებღაუჭო ძალაუფლებას, ამის რესურსები ამოუწურავი არ არის. ძალაუფლებაზე კონტროლის შენარჩუნებასა და დასავლეთთან ურთიერთობას შორის არჩევანში, ეს ხელისუფლება დადგა ავტორიტარიზმის მხარეს. სამწუხაროდ, შესაძლოა, ეს ძვირად დაუჯდეს საქართველოს პერსპექტივას ევროკავშირთან დაახლოებაში,“- გვეუბნება გიორგი ბადრიძე.

დასავლური მედიაცია საქართველოში შედგა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:16 0:00

რამდენად შეძლებენ პროგრესული პოლიტიკური ძალები საქართველოში მობილიზებას? ეს მნიშვნელოვანი კითხვაა, რომელზეც პოლიტიკურმა პარტიებმა პასუხი უნდა იპოვონ. „ავტორიტარიზმში კარგა ხანია ვართ. ახლა საკითხი დგას ასე: მისცემს თუ არა საზოგადოება ბიძინა ივანიშვილს და მის ქართულ ოცნებას შესაძლებლობას, რომ ეს გააფორმოს რეალობაში. პოლიტიკურმა პარტიებმა აქამდე საზოგადოება ვერ დაარწმუნეს ნათლად, რომ მათი სახით არსებობს ხელისუფლების სერიოზული ალტერნატივა. საზოგადოებას თუ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ხელისუფლების გამოცვლა, მას წინ ვერ დაუდგება ვერანაირი არჩევნების გაყალბება და ადმინისტრაციული რესურსი“,- მიიჩნევს გიორგი ბადრიძე.

„საქართველოს არადემოკრატიული განვითარება, ეს უკვე, თავისთავად არის რუსული ორბიტა. რუსულ ორბიტაზე ყოფნა ჩემთვის არ ნიშნავს მაინცდამაინც იმას, რომ აქ რუსული ჩექმით უნდა იაროს ვინმემ და კეფაზე დაგვადგას. რუსეთი თავის მიზანს ბევრად უფრო ადვილად მიაღწევს აქაური, აბორიგენული პოლიტიკური ძალების დახმარებით. თუ ამ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესი მოკვდა, ლიბერალურ-დემოკრატიული გარემო გაჩანაგდა, მედია განადგურდა, არასამთავრობო-სამოქალაქო აქტივიზმი გაქრა და მთელი ძალაუფლება ქვეყანაში ერთმა პოლიტიკურმა ძალამ აიღო, რომელიც იტყვის, რომ მე აქ ვაფორმებ უმრავლესობის დიქტატურას, ჩემთვის ეს უკვე არის რუსული მოდელი“,- გვეუბნება ზვიად ქორიძე.

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

„ქართული ოცნების“ განაცხადს შარლ მიშელის დოკუმენტიდან გასვლის თაობაზე, დღესვე, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი. მან განაცხადა, რომ აბსურდულად გამოიყურება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ მიცემული ინტერვიუ, სადაც ის ევროკავშირთან ურთიერთობის პერსპექტივებზე საუბრობს, იმ განცხადების ფონზე, რაც დღეს ოცნებამ გააკეთა. მან დაწერა ისიც, რომ საქართველოში აპირებს ჩამოსვლას.

ვინ გამოუწვდის ამჯერად მაშველ რგოლს ვა-ბანკზე წასულ პოლიტიკურ ელიტას საქართველოში? ან თუ ექნება ამგვარი სურვილი კიდევ ვინმეს, მას შემდეგ, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმაც კი დაიწვა ხელი ანალოგიური მოტივაციისას? ეს ის კითხვებია, რომლებზეც პასუხის გაცემა მხოლოდ დროს შეუძლია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG