ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო გენერალური ასამბლეა - ქართული დელეგაციის მიზნები


„ძალიან მნიშვნელოვანია, გაეროს გენერალური ასამბლეა იყოს მაქსიმალურად გამოყენებული იმისთვის, რომ საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები იყოს რაც შეიძლება მკაფიოდ დაყენებული საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში,“ განაცხადა დავით ზალკალიანმა, გაეროს გენერალური ასამბლეის 74 სესიის ფარგლებში, ქართული დელეგაციის მიერ დაგეგმილ ორმხრივ და მრავალმხრივ შეხვედრებზე.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სესიის ფარგლებში დელეგაციას დატვირთული დღის წესრიგი აქვს. პირველი დიპლომატი, პარტნიორებთან 39 ორმხრივ და მრავალმხრივ შეხვედრას გამართავს. შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი საკითხი კი რუსული ოკუპაცია და უკანასკნელ პერიოდში მიმდინარე უკანონო ბორდერიზაცია იქნება.

„ჩვენ ყველანაირად გამოვიყენებთ, როგორც ორმხრივ შეხვედრებს, ასევე მრავალმხრივ ღონისძიებებს იმისთვის, რომ განსაკუთრებით უკანასკნელ პერიოდში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი სიტუაცია და ის უკანონო ბორდერიზაცია, რომელიც მიმდინარეობს ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, იყოს განსაკუთრებული სიმწვავით დაყენებული საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. ჩვენთვის საინტერესო იქნება კონსულტაციები ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან. მექნება შეხვედრები ევროპელ კოლეგებთან, საგარეო საქმეთა მინისტრებტან, გაეროს, ევროკავშირის ხელმძღვანელობებთან. დაგეგმილია, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოწვევით, ევრო-ატლანტიკურ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, სადაც უკრაინა და საქართველო არიან მიწვეული და ამ ფორმატსაც გამოვიყენებ იმისთვის, რომ ჩვენი პრობლემატიკა და გამოწვევები იყო განსაკუთრებულად ხაზგასმული,“ - აცხადებს დავით ზალკალიანი.

საქართველოს პირველი დიპლომატი ამბობს, რომ ევროპელ პარტნიორებთან ერთად იმსჯელებს რა ახალი მექანიზმების მოძიებაა შესაძლებელი, რუსული ოკუპაციის შესაჩერებლად. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია უკვე არსებული ფორმატების და მექანიზმების გამოყენება მაგრამ, ასევე მნიშვნელოვანია სხვა ფორმატებისა და მექანიზმების ძიებაც. ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ რა რჩევას მოგვცემენ ევროპელი პარტნიორები. თუ რა ეფექტური მექანიზმები არსებობს იმისთვის, რომ ის უკანონო ბორდერიზაცია, გამწვავებული ოკუპაციის ფონზე იყოს, რაც შეიძლება, აქტუალური საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მთავარია თანამეგობრობის კონსოლიდაცია და ამ მხრივ ძალისხმევას არ ვაკლებთ, თუმცა, პროცესები მაინც გრძელდება,“ აცხადებს ზალკალიანი.

გაეროს გენერალური ასამბლეა ოფიციალურად ხვალ გაიხსნება, თუმცა 74-ე სესიის ფარგლებში, სხვადასხვა შეხვედრები და სამიტები უკვე დაიწყო.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG