ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მეთერთმეტე ქართველი ჯომოლუგმაზე


ავთანდილ ცინცაძე ევერესტზე 16.05.2019

55 წლის ავთანდილ ცინცაძე რიგით მე-11 ქართველი ალპინისტი გახდა, რომელმაც დედამიწის უმაღლეს მწვერვალზე - ევერესტზე ასვლა შეძლო. საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციის პრეზიდენტმა, რომელიც იმავდროულად ჯო ენის სამედიცინო ცენტრის კარდიოქირურგია, 8848 მეტრზე, 16 მაისს, დილის 9 საათზე შედგა ფეხი.

კანადელი ალპინისტის კლეიტონ მეთიუსის მეთაურობით ინტერნაციონალური ექსპედიცია ჯომოლუგმას გრძელ და რთულ გზას 2 აპრილს დაადგა. ავთანდილ ცინცაძის გარდა, ჯგუფში ბრიტანელი მაჰერ დეან მარკი, კორეელი ლი კილ ბონგი, ინდოელი კაკა კევალ ჰირენი და ექვსი ნეპალელი შერპი იყო.

ექსპედიციამ მიზანს 44 დღეში მიაღწია და ახლა უკან ბრუნდება. ევერესტზე სამჯერ ასული გია თორთლაძე „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ ამ წარმატებით ყველამ უნდა იამაყოს:

ჯომოლუგმა, ჰიმალაები
ჯომოლუგმა, ჰიმალაები

„ავთო ცინცაძისთვის ეს არის მესამე რვაათასიანი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალზეც ავიდა უკვე. 56 წლის ხდება ავთო და დიდი მიღწევაა, რომ ასეთ ასაკში შეინარჩუნა ფორმა და ევერესტი დალაშქრა. ვინც არ უნდა იყოს და რა ასაკშიც არ უნდა ავიდეს, ევერესტი არის დედამიწის სახურავი, ამიტომ ძალიან საამაყო და სასიხარულოა, რომ ქართულ ალპინიზმში არიან ადამიანები, რომლებსაც ევერესტზე ასვლა შეუძლიათ.

56 წლის ხდება ავთო და ძალიან დიდი მიღწევაა, რომ ასეთ ასაკში შეინარჩუნა ფორმა და ევერესტი დალაშქრა. ევერესტი არის დედამიწის სახურავი, ამიტომ ძალიან საამაყო და სასიხარულოა, რომ ქართულ ალპინიზმში არიან ადამიანები, რომლებსაც ჯომოლუგმას დალაშქვრა შეუძლიათ"
გია თორთლაძე, მთამსვლელი

ეს განსაკუთრებული შემთხვევაა, ევერესტის დალაშქვრა მარტივად არ ხდება, ურთულესი პროცესია, ამიტომ, ვფიქრობ რომ ნებისმიერი ქვეყნისთვის საამაყოა, როდესაც მისი შვილები ადიან უმაღლესს მწვერვალზე. არის მთელი რიგი ქვეყნების რომელთა მთამსვლელები ევერესტზე არასოდეს ყოფილან, საქართველოში კი უკვე მე-11 ადამიანია, რომელმაც ეს შეძლო. ვულოცავ მთელ საქართველოს და ვულოცავ ავთოს“ - ამბობს გია თორთლაძე.

ევერესტი და ჰიმალაები დიდი ხნის მანძილზე, ქართველ მთამსვლელთა არაერთი თაობის აუხდენელი ოცნება იყო. რკინის ფარდის და საბჭოთა სისტემის წყალობით, მთამსვლელობის მექაში ქართული ალპინიზმის არაერთი ლეგენდა უბრალოდ ვერ მოხვდა. გასული საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს ჰიმალაებში გამგზავრება ვერ შეძლო ქართულმა ექსპედიციამ, რომელიც თბილისში ყოფნისას ნეპალის მეფე მაჰენდრამ პირადად მიიწვია.

რომან გიუტაშვილი ევერესტზე 10.10.1991
რომან გიუტაშვილი ევერესტზე 10.10.1991

მოჯადოებული წრე, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 7 თვეში, 1991 წლის 10 ოქტომბერს, 54 წლის რომან გიუტაშვილმა გაარღვია. იგი ევერესტზე ამერიკელ მეწყვილე დენიელ მეზურთან ერთად ავიდა და მწვერვალზე, ნეპალში გათხოვილი ქართველი ქალბატონის თალიკო ყუბუსიძის შეკერილი საქართველოს შინდისფერი დროშა პირველმა გაშალა.

ბიძინა გუჯაბიძე და ლევ სარქისოვი ევერესტზე 12.05.1999
ბიძინა გუჯაბიძე და ლევ სარქისოვი ევერესტზე 12.05.1999

ქართული ალპინიზმისთვის განსაკუთრებული იყო 1999 წლის მაისი. 12 მაისს ევერესტის წვერზე ფეხი ბიძინა გუჯაბიძემ, აფი გიგანმა, ბენო ქაშაკაშვილმა და ლევ სარქისოვმა დადგეს.

26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს კი ჯომოლუგმას თავზე მერაბ ხაბაზი (გამორჩეული მთამსვლელი, რომელიც ზაალ ქიქოძესთან ერთად 2005 წლის ივლისში უშბაზე ტრაგიკულად დაიღუპა), მამუკა ციხისელი და ირაკლი უგულავა მოექცნენ. მოგვიანებით მწვერვალზე მერაბ ნემსიწვერიძე და გია თორთლაძე ავიდნენ.

მამუკა ციხისელი, მერაბ ხაბაზი და ირაკლი უგულავა ევერესტზე 26.05.1999
მამუკა ციხისელი, მერაბ ხაბაზი და ირაკლი უგულავა ევერესტზე 26.05.1999

გია თორთლაძემ ევერესტის დალაშქვრა კიდევ ორჯერ, 2001 და 2012 წლებში შეძლო, ბიძინა გუჯაბიძე მეორედ, 2003 წელს, სამხრეთის შემდეგ, უკვე ჩრდილოეთის მარშრუტით ავიდა. 2019 წლის 16 მაისს კი საქართველოს „ევერესტის კლუბს“ მე-11 წევრი ავთანდილ ცინცაძე შეემატა.

15-16 მაისს, ჯომოლუგმაზე ორი ახალი რეკორდი დამყარდა. მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალზე 23-ედ ავიდა 49 წლის ნეპალელი კაპი რიტა შერპა, ეს ახალი მსოფლიო რეკორდია. სამხრეთ აფრიკელი სარეი ნკუსი კუმალო კი გახდა პირველი აფრიკელი შავკანიანი ქალი, რომელმაც ევერესტის დალაშქვრა შეძლო.

სამწუხაროდ, ექსპედიცია, რომელშიც კუმალო შედის უკან ძალიან მძიმე დანაკარგებით ბრუნდება. 17 მაისს, 8300 მეტრ სიმაღლეზე, ირლანდიელი ალპინისტი გადაიჩეხა, მისი ცხედარი ამ დრომდე არ უპოვიათ, ხოლო გუშინ, 7920 მეტრზე, ინდოელი მთამსვლელი დაიღუპა.

გია თორთლაძე ევერესტზე 21.05.2012
გია თორთლაძე ევერესტზე 21.05.2012

ევერესტის „ქართული კლუბი“ 1991-2019

10.10.1991 - რომან გიუტაშვილი

12.05.1999 - ბიძინა გუჯაბიძე, აფი გიგანი, ლევ სარქისოვი, ბენო ქაშაკაშვილი

26.05.1999 - მერაბ ხაბაზი, მამუკა ციხისელი, ირაკლი უგულავა, მერაბ ნემსიწვერიძე, გია თორთლაძე

22.05.2001 – გია თორთლაძე

27.05.2003 - ბიძინა გუჯაბიძე

21.05.2012 - გია თორთლაძე

16.05.2019 - ავთანდილ ცინცაძე

ტვიტერი

XS
SM
MD
LG