ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართველი სპეცების გამოცდა კემბრიის მთებში


სურათზე: პირველი ქვეითი ბრიგადის სადაზვერვო ქვედანაყოფის მებრძოლები უელსში
სურათზე: პირველი ქვეითი ბრიგადის სადაზვერვო ქვედანაყოფის მებრძოლები უელსში

საქართველოს არმიის პირველი ქვეითი ბრიგადის სადაზვერვო ქვედანაყოფის პატრული, იმ 78 პატრულს შორის აღმოჩნდა, რომელმაც უელსში, სადაზვერვო ქვედანაყოფების საერთაშორისო სწავლებაზე ურთულესი გამოცდა ჩააბარა.

ეს არის კემბრიის შავ მთებში, შვიდ ფაზიანი, 55 კილომეტრიანი რთული მარშრუტი, სხვადახვა რთული ტაქტიკური ამოცანებით, რომელიც სპეციალური დანიშნულების პატრულმა 48 საათში უნდა დაფაროს.

წლევანდელ შეჯიბრზე, ცენტრალური უელსის სოფელ სენიბრიჯში მდებარე, გაერთიანებული სამეფოს არმიის საწვრთნელ ბაზაზე, სარეკორდო რაოდენობამ, 119-მა პატრულმა (გუნდმა) მოიყარა თავი, მსოფლიოს 22 ქვეყნის არმიიდან.

საბოლოოდ, ოქროს მედალი შვიდმა პატრულმა მოიპოვა, მათ შორის ოთხი გუნდი, დიდი ბრიტანეთის არმიას წარმოადგენდა. გამარჯვებულთა შორის ასევე მოხვდნენ: ახალი ზელანდიის, ამერიკისა და პაკისტანის არმიის პატრულები.

ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიიდან სწავლება-შეჯიბრში სულ სამი ქვეყანა მონაწილეობდა. ყაზახეთის არმიის პატრულმა ვერცხლის მედალი დაიმსახურა, ლიტველმა სპეცებმა ბრინჯაოს, ხოლო საქართველოს არმიის პატრულმა კურსის დახურვის სერთიფიკატი მიიღო. აღსანიშნავია, რომ 41 პატრული ფინიშამდე საერთოდ ვერ მივიდა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების, გენშტაბის, J-2 დაზვერვის დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა გოგა კვირიკაშვილმა სწავლებასთან დაკავშირებით კერძოდ აღნიშნა

„სწავლებას აქვს ძალიან დიდი ხნის ისტორია. მაშინ, წელს მსოფლიოს 22 ქვეყანა მონაწილეობდა და ჩვენი ქვედანაყოფი იყო ერთ-ერთი წარმატებული ამ ქვეყნებს შორის. წლეულს, ქართული მხარე მეორედ მონაწილეობდა ამ სწავლებაში და მინდა აღვნიშნო, რომ შედეგები წლიდან წლამდე უმჯობესდება.

სწავლების ძირითადი თემები იყო ნავიგაცია დღისით და ღამით, პატრულირება, მოწინააღმდეგის აღმოჩენა და მისი განადგურება.“

საერთაშორისო სწავლება Exercise Cambrian Patrol 1959 წლიდან იმართება და მსოფლიოში, რეგულარული და სარეზევრო საჯარისო ერთეულების გამძლეობის შესამოწმებელ, ერთ-ერთ ურთულეს გამოცდათ ითვლება. ეს არის ჯარისკაცის ფიზიკური, ფსიქიკური და მორალური მზადყოფნის ურთულესი ტესტი.

უელსის მთის მასივში, 48 საათის განმავლობაში, როგორც დღისით, ისე ღამით, 30 კილოგრამიანი აღჭურვილობით, 55 კილომეტრიანი მარშირება, მოიცავს ისეთ ურთულესს ტაქტიკურ ამოცანებს, როგორებიცაა: დესანტირება მტრის ზურგში, თვალთვალი და ჩასაფრება, მტრის აღმოჩენა, კლდეების, გვირაბების, მდინარეების და ტბების გადალახვა, ტყვეების დაკითხვა და პირველადი დახმარების გაწევა.

2015 წლის შეჯიბრებაზე, ყველაზე მეტი პატრული ტრადიციულად გაერთიანებული სამეფოს არმიის დანაყოფებიდან იყო, საუკეთესო შედეგი კი იორკშირის პოლკის, მეორე ბატალიონის „მწვანე ქურთუკებმა“ აჩვენეს. იორკშირელთა მეთაურმა სამუელ ჰამფრისმა აღნიშნა, რომ ცივ ამინდში, მდინარის გადალახვა მარშირების შემდეგ ერთ-ერთი ურთულესი დავალებაა

„მდინარის გადალახვა დღის ორ საათზე ისედაც რთულია ამოცანაა, მაგრამ თუ თქვენ ამას აკეთებთ, საპატრულო რაიონში 18 კილომეტრიანი ღამის მარშის შემდეგ, ეს ყველასთვის ურთულესი ამოცანაა.“

პრესტიჟულ საერთაშორისო სამხედრო შეჯიბრზე წელს, ევროპის კონტინენტიდან მონაწილეობა მიიღეს: პოლონეთის, ბოსნიის, საფრანგეთის, დანიის, ჰოლანდიის, ირლანდიის, შვეიცარიის, ჩეხეთის, ლიტვისა და საქართველოს სპეცებმა; აზიიდან იყვნენ: პაკისტანის, ინდოეთის, ყაზახეთის, ომანისა და ნეპალის სამხედროები; ამერიკის კონტინენტიდან: ბრაზილიის, კანადის, ჩილესა და შეერთებული შტატების პატრულები; ოკეანეთს კი ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის სპეცები წარმოადგენდნენ.

საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები კემბრიის პატრულის სწავლება-შეჯიბრზე ზედიზედ მეორე წელია რაც გამოდიან.

XS
SM
MD
LG