ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს პრემიერ მინისტრის დამატებითი უფლებები


პრემიერი მთავრობის კანცელარიას უხელმძღვანელებს და ბრძანებების გამოცემის და თვითმმართველობებთან ურთიერთობის უფლებების დეღეგირებაც შეეძლება


გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

ყოფილი ძალოვანი მინისტრი მთავრობის კანცელარიას უხელმძღვანელებს ნაცვლად მთავრობის კანცელარიის უფროსისა, მას ასევე ბრძანებების გამოცემის და თვითმმართველობებთან ურთიერთობის უფლებების დელეგირება შეეძლება. კანონის ახალი ნორმით, მთავრობის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღებას შესაძლოა ქვორუმი აღარ დასჭირდეს. საქართველოს ახალი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის განცხადებით, მთავრობის გეგმის, რომლის სახელწოდებაა ”მეტი სარგებელი ხალხს” მიზანი ვარდების რევოლუციიდან გასული 8 წლის განმავლობაში მიღწეული წარმატებების შედეგად გაზრდილი ბიუჯეტის ხალხის სასიკეთოდ გამოყენებაა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჯონდი ბაღათურია პრემიერის პროგრამასთან დაკავშირებით ამბობს :

” ოთხწლიანი პროგრამა, რაც მოიტანა ვანო მერაბიშვილმა, ეს იყო ტყუილების ძველი გუდა. სხვადასხვა სათაურებს არქმევენ, ახლა დაარქვეს -მეტი სარგებელი ხალხს. ქვეცნობიერად ვერც კი დააკვირდნენ, რომ ამით აღიარეს, რომ აქამდე თვითონ სარგებლობდნენ თავიანთი თანამდებობით და საკუთარ გამდიდრებას ემსახურებოდა მათი მოღვაწეობა."

რეფორმებს გაგრძელება ახალი ენერგიით და ახალი მენეჯმენტით სჭირდება, ეს კი გარკვეულ საკადრო ცვლილებებს საჭიროებს - თვლის პოლიტოლოგი ნიკა მახარაშვილი:

” ეს ნორმალურია მთელ მსოფლიოში. აშშ-ი გარკვეული ეტაპის მერე გამოიცვალა თავდაცვის მინისტრი და ა.შ. ცვლილებების შედეგად მოლოდინი მაქვს, რომ გათვალისწინებული იქნება საზოგადოების ის მოთხოვნები, რაც დაგროვდა. სოციალურიც და საერთოდ განვითარების ეტაპები. იმიტომ რომ არის ქვეყნები, მაგალითად მოლდოვა, სადაც მთლიანად განხორციელდა სოციალური რეფორმები, მაგრამ ქვეყანა წინ ვერ მიდის. ამიტომ ეს კომპლექსურია, ეს არ უნდა მოხდეს ისე, რომ მარტო სოციალურს მოემსახუროს ჩვენი ბიუჯეტი და ქვეყანა არ განვითარდეს. ერთად და როგორც ითქვა, გეგმაა დასაქმება და ა.შ. თუ ეს შესრულდა, მე მივესალმები ამ ცვლილებებს, იმიტომ რომ საზოგადოებაში დაგროვდა გარკვეული პრობლემები ჩატარებული რეფორმების შედეგად, შესაბამისად ჩვენ ველოდებით რომ განხორციელდეს საზოგადოებისთვის საკეთილდღეო პროგრამები. ვფიქრობ ეს პოზიტიურია და უნდა განხორციელდეს. მთავარია, უნდა განხორციელდეს.”

ჩემთვის მერაბიშვილი არის პიროვნება, რომელსაც აქვს გარკვეული კონტაქტები ყველა ჩვენს პარტნიორთან და არა პარტნიორთანაც, ამბობს ექსპერტი მამუკა არეშიძე:

” საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ე.ი. პოლიციის მინისტრი ვანო მერაბიშვილი. არ ვთვლი, რომ ამ თემაზე მხოლოდ იმ ფორმატში შეიძლება მსჯელობა მერაბიშვილი დააწინაურეს თუ დააქვეითეს. ეს არასერიოზული მიდგომა იქნება ამ საქმისადმი. მე არც იმას ვთვლი, რომ ეს არის მხოლოდ საქართველოს შიდა გადაწყვეტილება, საქართველოს ხელისუფლების შიდა გადაწყვეტილება. ამაში ჩართულია ძალიან სერიოზული ძალები, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ამ ძალების გავლენის შედეგია. ჩემთვის მერაბიშვილი არის პიროვნება, რომელსაც აქვს გარკვეული კონტაქტები ყველა ჩვენს პარტნიორთან და არაპარტნიორთანაც, მათ შორის რუსეთთან. მას აქვს გარკვეული კულუარული კონტაქტები. ძალიან კარგად გვახსოვს, როგორი აღფრთოვანება ისმოდა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიების ზოგიერთ არხზე იმ რეფორმების გამო, რომელიც ტარდებოდა საპოლიციო სისტემაში საქართველოში, როგორი შეფასებები ეძლეოდა.. გვახსოვს ინტერვიუები, რომელსაც აძლევდა მერაბიშვილი არა მხოლოდ რუსეთის ტელევიზიებს, არამედ რუსეთის პრესაში, ელექტრონულ მედიაში ქვეყნებოდა ეს ინტერვიუები. ასეა თუ ისეა, მას აქვს გარკვეული სახელი და აქედან გამომდინარე ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც განაპირობა მერაბიშვილის ამ პოსტზე დანიშვნა.
ისიც ნუ დაგვავიწყდება, ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილმა ძალიან მნიშვნელოვანი ორი ფრაზა გააჟღერა: ერთი იყო ის, რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგების წინააღმდეგი არ არის და რომ ეს პროცესი ადგილიდან უნდა დაიძრას. და მეორე , არანაკლებ მნიშვნელოვანი ფრაზა, რომ საქართველოდან რუსეთის ჯარი გავა უფრო მალე, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. თუ ერთი წუთით ჩავთვლით , რომ ეს არ იყო პოპულისტური ფრაზები და მის უკან გარკვეული შინაარსი იდო, მაშინ ბუნებრივია, საჭიროა ადამიანი, რომელიც ამ პროცესს დაძრავს და რომელიც ამ პროცესში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს. რა საკვირველია, პროცესის ხელმძღვანელი იგი ვერ იქნება, იმიტომ რომ არსებობს მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ საჭიროა კაცი, რომელიც ამ პროცესში აქტიურად იქნება ჩართული, ასე ვთქვათ, პულსზე ხელი ეჭირება. ასეთი კაცი საქართველოს მთავრობიდან შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ ერთი - ეს არის ვანო მერაბიშვილი.”
XS
SM
MD
LG