ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მთავრობის რეაქცია წინასაარჩევნო დარღვევებზე


კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ოზურგეთში აქცია გამართა

წინასაარჩევნო აქტივობები საქართველოში ძალას იკრებს. არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე, ყოველდღიურ ახალ ამბებში საარჩევნო თემები პირველობს. დღეს, მაგალითად, გურიაში ორი წარმომადგენლობითი შეხვედრა იმართება: პრეზიდენტი ფოთში სტუმრობს საზოგადოებას, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი კი ოზურგეთში, ერთი კვირის წინ დაანონსებულ შეხვედრას მართავს.
თითქმის ყოველდღიურად ცენტრალური ტელევიზიები გადმოსცემენ ინფორმაციას ამომრჩეველთა მოსყიდვის შესახებ, რომლებიც ამ დრომდე, ძირითადად, „ქართულ ოცნებას“ უკავშირდება. მაგალითად დღეს, შოთა უტიაშვილმა, შსს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, თუ როგორ აღმოაჩინეს, რომ კასპის პოლიციის სამმართველოში მომუშავე ლაშა კურტანიძე ზაზა ჭელიძემ მოისყიდა და დაავალა ვიდეო ჩანაწერების გაკეთება საპოლიციო უწყებებში, რის შემდეგაც პოლიციამ ანალოგიური საქმე იმავე პოლიციელს მომსყიდველ ზაზა ჭელიძესთან განახორციელებინა, რომელიც „ქართული ოცნებისთვის“ მუშაობს. დღევანდელი შედეგის მიხედვით, მოსყიდული პოლიციელი მიიმალა, მას შემდეგ რაც ორივე მხარეს განახორციელა ფარული ჩანაწერები. მოქალაქე ჭელიძე კი პატიმრობაში იმყოფება და აცხადებს, რომ ჩანაწერებს „ქართული ოცნების“ ერთ–ერთ წევრს ირაკლი სესიაშვილს აწვდიდა და თანხასაც მისგან იღებდა.

მას შემდეგ, რაც შეხვედრებს დავასრულებ, ზუსტად მეცოდინება, რომ 1320 ადამიანს რეგიონებში პირადად მივაწოდე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა არის დარღვევა, როგორ შეიძლება მისი დაფიქსირება და ჩვენამდე მოტანა...
ია ანთაძე...


დაახლეობით ერთი თვის წინ ეროვნული უშიშროების საბჭოსთან შეიქმნა უწყებათაშორისო კომისია, რომლის ძირითადი მიზანი საარჩევნო დარღვევებზე მონიტორინგია. ამის თაობაზე მაშინ გიგა ბოკერიამ, უშიშროების საბჭოს მდივანმაც ისაუბრა.
ჰილარი კლინტონიმა საქართველოში ვიზიტისას საკუთარ სიტყვაში უწყებათაშორისი კომისიის შექმნის საკითხიც მოიხსენია და მისი შექმნა დადებითად შეაფასა.
უწყებათაშორისმა კომისიამ დღემდე რამდენიმე შეხვედრა გამართა, მათ შორის მედიის წარმომადგენლებთანაც, რომელსაც ია მამალაძეც, საქართველოს რეგიონული მედია–ასოციაციის ხელმძღვანელი ესწრებოდა. ჩვენთან საუბრისას იგი ამბობს, რომ უწყებათშორის კომისია დაინტერესდა მედიის წარმომადგენლებისთვის შექმნილი პრობლემებით ინფორმაციის მიღებისა და გაშუქებისას. „ჩვენ მათ მივაწოდეთ ცნობები, რაც მედიის წარმომადგენლებისთვის მუშაობაში ხელის შეშლის ფაქტებს ეხებოდა, თუმცა მათ ეს უკვე იცოდნენ. რაც შეეხება რეაგირებას და შედეგებს ამ უწყების მხრიდან, მათ შესახებ ინფორმაცია არ მაქვს“,– აცხადებს ია მამალაძე.
საარჩევნო დარღვევების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებამ ოპერატიულად რომ მიიღოს და მნიშვნელოვანი დარჩვევები ყურადღების მიღმა არ დარჩეს, ამისთვის ია ანთაძე, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი საინტერესო პროექტს ახორციელებს. მისი სახელწოდებაა „მოქალაქე ჟურნალისტები გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნებისთვის“. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ჟურნალისტებთან ერთად, ჩვეულებრივ მოქალაქეებსაც გაუჩნდეთ მოტივივაცია აქტიურად ჩაერთონ წინასაარჩევნო პროცესში და არჩევნების დროსაც ფხიზლად ეჭიროთ თვალი დარღვევებზე. ამისთვის ია ანთაძე საქართველოს 11 ქალაქში თავად მართავს შეხვედრებს და ჟურნალისტებს, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს, ჩვეულებრივ მოქალაქეებს პროექტის შინაარსს აცნობს. „მას შემდეგ, რაც შეხვედრებს დავასრულებ, ზუსტად მეცოდინება, რომ 1320 ადამიანს რეგიონებში პირადად მივაწოდე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა არის დარღვევა, როგორ შეიძლება მისი დაფიქსირება და ჩვენამდე მოტანა“,– ამბობს ია ანთაძე.
უწყებათაშორისი კომისია წინა არჩევნების დროსაც მუშაობდა, თუმცა ამჯერად ამ სტრუქტურის გამართული მუშაობისთვის საკანონმდებლო ბაზა მოწესრიგდა. მის ფუნქციებში პოლიტიკური პარტიების წევრებზე ანგარიშწორების ფაქტების შესწავლაც შედის. კომისიას საკუთარი საქმიანობისა და მუშაობის შედეგების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუხმაურებია.
XS
SM
MD
LG