საარჩევნო კამპანიის დროს ძირითადი ქცევის წესების განსაზღვრის მიზნით ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკურ პარტიებს ერთობლივი დოკუმენტის გაფორმრბას სთავაზობს. დეკლარაციის ბოლო ვარიანტი 5 პუნქტიდან და არასამთავრობო ორგანიზაციების 17 რეკომენდაციიდან შედგება.
თავიდან ნაციონალურმა მოძრაობამ სამართლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი არჩევნების ჩატარების მიზნით 4-პუნქტიანი დეკლარაცია წარმოადგინა, რომლის პირველ პუნქტში ნათქვამია:” უარს ვამბობთ ძალადობაზე საარჩევნო კამპანიის პროცესში, სხვა პარტიის კამპანიისა და აქციებისთვის ხელის შეშლაზე, მათ შორის საკუთარი აქტივისტების მობილიზაციითა და პარალელური აქციების დაგეგმვით”.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ პარტიები შეხვედრებზე ამომრჩევლებთან უარს ამბობენ აგრესიის გამოხატვაზე, ძალადობისკენ მოწოდებაზე და უმცირესობების თემებში სიძულვილის ენის გამოყენებაზე.
დეკლარაციის მე-2 პუნქტში წერია, რომ პოლიტიკური პარტიები უარს ამბობენ ამომრჩევლის მოსყიდვაზე . მე-3 პუნქტი :
”მზად ვართ, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვის შესახებ ცსკო-ს , არასამთავრობო ორგანიზაციების და უწყებათშორისი კომისიის რეკომენდაციები განუხრელად დავიცვათ”. მე-4 პუნქტის თანახმად, პოლიტიკური პარტიები პასუხისმგებლობას იღებენ ცსკო-ს მიერ შეჯამებული და სანდო რეპუტაციის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ შედეგების აღიარებაზე და მე-5 პუნქტი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ გააჟღერა : ვუერთდებით და მხარს ვუჭერთ 16 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სამართლიანი, კონკურენტული და მშვიდობიანი საარჩევნო პროცესის ხელშეწყობის მიზნით შემოთავაზებულ პრინციპებს. დავით ბაქრაძის თქმით, ინიციატივას ეთიკის კოდექსის შესახებ პოლიტიკური სპექტრის ნაწილისგან პოზიტიური , ნაწილისგან ნეგატიური გამოხმაურება მოყვა, რის შემდეგაც პროცესი უკვე არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით გაგრძელდა. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივად დამატებითი პრინციპები შეიმუშავა”, განაცხადა დავით ბაქრაძემ.
კოალიცია ქართული ოცნების წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს:
”ვფიქრობ, რომ სამოქალაქო სექტორი იმსახურებს ყველა პარტიის მხრიდან ნდობას, რომ ის გახდეს მედიატორი, ხელისშემწყობი და მაკონტროლებელი წინასაარჩევნო კამპანიის პროცესის. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ, რომ მათი მედიატორობით შეიქმნას დოკუმენტი, რომელზეც ორმხრივი ვალდებულებები წარმოიშვება.”
ეთიკის კოდექსის ინიციატივას მიესალმნენ მოძრაობა ”სამართლიანი საქართველოსთვის”, ქრისტიან-დემოკრატები, ახალი მემარჯვენეები, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია. ”ქართული ოცნების” სპიკერის მაია ფანჯიკიძის განცხადებით ”ქართული ოცნება” კოდექსის შექმნას მიესალმება, თუმცა, მისივე თქმით სირცხვილია, რომ საქართველოში ასეთი კოდექსის შექმნა გახდა საჭირო. პარტია ”თავისუფალი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე შალამბერიძე ამბობს:
” ჩვენ პირველ რიგში ვიტყოდით, რომ გასული წლის 29 დეკემბერს რა კანონიც მიიღო ნაციონალურმა მოძრაობამ (კანონი ”პოლიტიკური პარტიების შესახებ”) არის დისკრიმინაციული. ფაქტიურად , პოლიტიკურ პარტიებს არანაირი დაფინანსების საშუალება არ აქვთ. ეს ნიშნავს, რომ მიზანმიმართულად ნაციონალურ მოძრაობას სურს აუკრძალოს პოლიტიკურ პარტიებს არჩევნებში მონაწილეობა. როცა 6 თვის შემდგომ აცხადებს რაღაც ეთიკური თამაშის წესებზე, ეს არის ბლეფი, ეს არის თვალში ნაცარის შეყრა. ეს არის გაკეთებული დასავლეთისთვის, თითქოს ოპონენტებს შესთავაზეს ერთმანეთს ქვები არ ვესროლოთო და ქვებს თვითონ ისვრიან, შესთავაზეს, რომ პოლიტიკურ პარტიებს ექნებათ თანაბარი პირობები, ამ დროს 29 დეკემბერს მიღებული კანონი ”პოლიტიკური პარტიების შესახებ” დისკრიმინაციულია. ქვების სროლის შემდგომ, პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პერიოდში ფინანსური შეზღუდვების შემდგომ გამოდიან ეს უსირცხვილო ნაცისტები და აცხადებენ, რომ ჩვენ ვთავაზობთ პოლიტიკურ ოპონენტებს საარჩევნო ქცევის წესებს. ეს არის ბლეფი. ეს არის თვალთმაქცობა, ამით სურთ დასავლეთის ყურადღება მოადუნონ. მე ამას უარყოფითად ვუყურებ, ჩვენ უკვე ვუპასუხეთ, სპეციალური განცხადებაც გვაქვს მიღებული. გააუქმოს 2011 წლის 29 დეკემბერს მიღებული კანონი ”პოლიტიკური პარტიების შესახებ”. მეორე - ის ბანდფორმირებები, რომელის ჰყავს და კარალეთში ქვებს ისროდნენ - დაიჭიროს, მაშინ დავუჯდებით სალაპარაკოდ ეთიკის კოდექსზე”.
არასამთავრობოთა რეკომენდაციებში ნათქვამია:
ჩვენ, არჩევნებზე დამკვირვებელ არასამთავრობო ორგანიზაციებს მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ საარჩევნო პროცესში მონაწილე ყველა პარტია შემდეგ პრინციპებზე შეთანხმდეს:
არ დაუშვან საკუთარი მომხრეთა მხრიდან აგრესიული და დესტრუქციული ქმედებების განხორციელება ან წახალისება , უზრუნველყონ საკუთარი აქტივისტების კამპანიის წარმართვა პოლიტიკური ეთიკის ფარგლებში და გაატარონ შესაბამისი ზომები ამ წესის დამრღვევთა მიმართ;
არ დაუშვან მიუკერძოებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქმიანობაში ჩარევა და მათი დისკრიმინაციის მცდელობა;
არ განახორციელონ ამომრჩევლის მოსყიდვა და ამ კუთხით დაიცვან საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები;
ხელი შეუწყონ მაღალი პოლიტიკური კულტურის დანერგვას და სხვა. სულ. როგორც უკვე აღინიშნა , დეკლარაციაში არასამთავრობოთა 17 რეკომენდაცია დაფიქსირდა.
პარტიათა ქცევის დეკლარაციაზე ხელმოწერები ჯერ არ დაწყებულა.