ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაისჯებიან თუ არა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმის მონაწილეები


არჩილ ტატუნაშვილი
არჩილ ტატუნაშვილი

გოგა აფციაური, "რადიო თავისუფლება"

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ, დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ არჩილ ტატუნაშვილის ჯგუფურად წამებაში დახმარებასა და წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ბრალდებულები.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს დავით გურწიევსა და ალიკ ტაბოევს სასამართლომ საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მათ მიმართ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა.

როგორც პროკურატურა აცხადებს, სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 22 თებერვალს, საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ი.პ., ლ.ქ. ზ.გ. და ე.გ. იმყოფებოდნენ ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე. აღნიშნული გარემოება ცნობილი გახდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისთვის და გადაწყვიტეს, რომ არჩილ ტატუნაშვილისთვის უკანონოდ აღეკვეთათ თავისუფლება, მიეყვანათ მათთვის ხელსაყრელ ადგილზე და ეწამებინათ.

საქმის მასალების თანახმად, 2018 წლის 22 თებერვალს ახალგორის რაიონის სოფელ მოსაბრუნთან, არჩილ ტატუნაშვილს და მასთან ერთად მყოფ პირებს ოკუპირებული ახალგორის ე.წ. პროკურატურის პროკურორის თანაშემწემ დავით გურწიევმა, ოკუპირებული ახალგორის ე.წ „КГБ“-ს სამსახურის განყოფილების უფროსმა ალიკ ტაბოევმა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს სხვა თანამშრომლებმა ჯგუფურად, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და ჯერ არჩილ ტატუნაშვილი, ხოლო მოგვიანებით - ი.პ., ლ.ქ., ზ.გ. და ე.გ. გადაიყვანეს ახალგორის რაიონის ე.წ. უშიშროების სამსახურის შენობაში, საიდანაც არჩილ ტატუნაშვილი წამების მიზნით, გადასცეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს შეიარაღებულ თანამშრომლებს, რომლებმაც იგი წაიყვანეს ცხინვალში.

როგორც საქართველოს პროკურატურა აცხადებს, ცხინვალის ე.წ. პროკურატურის შენობაში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცველებმა, 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის არჩილ ტატუნაშვილი აწამეს, რა დროსაც სხეულზე მიაყენეს სხვადასხვა სახის 100-ზე მეტი დაზიანება. მიღებული დაზიანებების შედეგად არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა.

არჩილ ტატუნაშვილის დაკრძალვა
არჩილ ტატუნაშვილის დაკრძალვა

არჩილ ტატუნაშვილის მამას, გივი ტატუნაშვილს დიდი იმედი არა აქვს, რომ დამნაშავეები დაისჯებიან. მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გურწიევსა და ტაბოევზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნა უკვე გამოცხადებული იყო, თუმცა რუსეთის ფედერაციას მათ დასაკავებლად არაფერი გაუკეთებია. გივი ტატუნაშვილი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლა გააძლიეროს, იმისთვის რომ დამნაშავეები ციხეში მოხვდნენ.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი მხარე რუსეთის ფედერაციაა, თუმცა კონფლიქტოლოგ ზურაბ ბენდიანაშვილს არ სჯერა, რომ რუსები ტატუნაშვილის მკვლელებს ქართულ მხარეს გადასცემენ. მიუხედავად იმისა, რომ ქართველ და რუს სამართალდამცავებს შორის გარკვეული თანამშრომლობაა და საქართველოს რუსეთისთვის არაერთი ძებნილი გადაუციათ. ბენდიანაშვილი ოსურ მხარესთან თანამშრომლობის შემთხვევასაც იხსენებს, როდესაც ცხინვალის ციხიდან გაქცეულები და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასული კრიმინალები, ოს სამართალდამცავებს გადასცეს. ბენდიანაშვილის აზრით, საქართველომ აუცილებლად კიდევ ერთხელ უნდა მიმართოს რუსეთს, მათი დაკავების მოთხოვნით და თუ დაკავება არა მათი ოკუპირებულ ტერიტორიაზე იზოლაცია მაინც მოხდეს.

ზურაბ ბენდიანაშვილი მიიჩნევს, რომ ცხინვალელი სამართალდამცავების მიერ ინალ ჯაბიევის სასტიკი მკვლელობის შემდეგ ადგილობრივი საზოგადოებაც დაფიქრდა ძალოვანების დაუსჯელობის შესახებ. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ცხინვალში გაიმართა მრგვალი მაგიდა, სადაც საზოგადოების წარმომადგენლები დე ფაქტო რესპუბლიკაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე სასაუბროდ შეიკრიბნენ. ცხინვალელმა პოლიტოლოგმა დინა ალბოროვამ ღიად თქვა, დავით ბაშარულის და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელები თავის დროზე რომ დასჯილიყვნენ, ინალ ჯაბიევის მკვლელობა აღარ მოხდებოდაო: "ჩვენ არ შეგვიძლია ვილაპარაკოთ ცალკე აღებულ პრობლემაზე. ეს ბიჭი, რომელიც აწამეს და მოკლეს, საერთო ჯაჭვის ერთი რგოლია. მანამდე ხომ იყო ბაშარული და ტატუნაშვილი?! მაშინ ყველანი ჩუმად ვიყავით. მეც ძალიან მაინტერესებს, რატომ?!"

არჩილ ტატუნაშვილი
არჩილ ტატუნაშვილი

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში ახლა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქმის დაწყებას ელოდებიან. არასამთავრობო ორგანიზაცია, ცენტრი „ემპათია“ ოჯახს სარჩელის შედგენაში და სხვა მტკიცებულებების მოპოვებაში დაეხმარა. ცენტრის ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლომ საქმე „არჩილ ტატუნაშვილი რუსეთის წინააღმდეგ“ წარმოებაში მიიღო და ახლა კომუნიკაციის მოლოდინში არიან.

35 წლის არჩილ ტატუნაშვილი სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის რეჟიმმა ახალგორში დააკავა ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილთან ერთად. 2018 წლის 23 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ცნობით, ცემის, წამებისა და სასტიკი მოპყრობის შემდეგ გარდაიცვალა. დე ფაქტო რეჟიმი და რუსეთის ექსპერტიზის ბიურო ამტკიცებდნენ, რომ ის გულის შეტევით გარდაიცვალა. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით, ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს 26 დღის შემდეგ, 2018 წლის 20 მარტს გადასცა

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG