ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"პუტინის სამყარო", საქართველო და ბალანსის აუცილებლობა


ანჯელა სტენტი (მარჯვნივ) და ჯილ დოერთი (მარცხნივ)
ანჯელა სტენტი (მარჯვნივ) და ჯილ დოერთი (მარცხნივ)

ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ვაშინგტონის ფილიალში გამართულ შეხვედრაზე, პროფესორი ანჯელა სტენტი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ევრაზიის, რუსეთის და აღმოსავლეთ ევროპის სწავლებათა ცენტრის დირექტორი, დამსწრეებს თავის ახალ წიგნზე - „პუტინის სამყარო“ - ესაუბრა. წიგნი რუსეთის ბოლო 20 წლის ლიდერის აღზევებას, დასავლეთთან დაპირისპირების დინამიკას, მსოფლიო არენაზე დამკვიდრების მეთოდებს და შესაძლო მიზნებს აანალიზებს.

„არ ვიცი აქვს თუ არა მას გენერალური გეგმა, მაგრამ პუტინის სურვილია, დარწმუნდეს იმაში, რომ რუსეთის გარეშე არცერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო გადაწყვეტილება არ მიიღონ... მასთან კონსულტაციები გაიარონ, ანგარიში გაუწიონ და დანარჩენმა სამყარომ აღიაროს, რომ რუსეთი დიდი ძალაუფლების მქონე ქვეყანაა“ - ამბობს პროფესორი სტენტი.

კრემლის ერთ-ერთი მთავარი მეთოდი, დასავლეთთან და ახლო სამეზობლოში წარმოებულ ე.წ. ჰიბრიდულ ომებში, ყოველთვის იყო დეზინფორმაცია. რუსეთი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ის სოციალურ მედიაშიც წარმატებით დანერგა.

ბოლო ანგარიშების მიხედვით, რუსული დეზინფორმაციის სამიზნე სულ ცოტა, 24 ქვეყანა გახდა. პრინსტონის უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს მოსკოვი განსაკუთრებით აქტიურად მუშაობდა მაგალითად იმაზე, რომ უკრაინაში და ბელორუსში შემცირებულიყო როგორც დასავლური პოლიტიკის მხარდამჭერთა რიცხვი, ასევე - მთავრობის პოპულარობა.

„ფაქტია, რუსული პროპაგანდა სხვადასხვა მეთოდს იყენებს. სიცრუის და ნახევრად სიმართლის გავრცელების გარდა, ზოგჯერ მათ ტყუილის მოფიქრებაც არ სჭირდებათ. სიმართლეზე აქცენტი ისე კეთდება, რომ ხალხში მთავრობის ნდობა შესუსტდეს...

ორიოდ წლის წინ საქართველოში ვიყავი და მახსოვს, იქ ვსაუბრობდით იმაზე, თუ როგორ გაუჩნდა ხალხს ახალი, უკეთესი მომავლის იმედი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ... სწორედ ამაზე ამახვილებს დღეს რუსეთი ყურადღებას. მას სურს, რომ დააფიქროს ხალხი: ესაა ის, რასაც ველოდი? სად არის დაპირებული სამუშაო ადგილები? სადაა უკეთესი ცხოვრება? ეს ძალიან, ძალიან ეფექტური მეთოდია, სწორედ იმიტომ, რომ აპელირება სიმართლეზე ხდება“ - ამბობს ჯილ დოერთი, მკვლევარი უილსონის ცენტრიდან. ის 30 წლის მანძილზე ტელეკომპანია "სი-ენ-ენის" ჟურნალისტი იყო და 2008 წელს საქართველო-რუსეთის ომს აშუქებდა.

საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობის თემამ შეხვედრაზე არაერთხელ წამოიწია. იმ ფონზე, როცა რუსეთს საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებული აქვს და ქვეყანა ამით ძლიერ დასუსტებულია, პროფესორ სტენტის აზრით, ახლა რუსეთის მთავარი მიზანია დაარწმუნოს საქართველო, რომ დასავლეთი მის მიმართ ინტერესს თანდათან კარგავს. მოსკოვი ცდილობს აიძულოს თბილისი, მეტი პატივი სცეს რუსეთის ინტერესებს.

პროფესორ სტენტის თქმით, „საქართველო და მსგავსი ქვეყნები, რა თქმა უნდა, შეეცდებიან დამოუკიდებლობა მაქსიმალურად შეინარჩუნონ, გააღრმავონ თანამშრომლობა დასავლეთთან, ევროკავშირთან, ნატოსთან. თუმცა, არსებობს ლიმიტები, თუ რას იზამს, რის გაკეთება შეუძლია დასავლეთს არამარტო საქართველოს, არამედ რუსეთის სამეზობლოში მყოფ ნებისმიერ ქვეყანაში, უკრაინის ჩათვლით...

ამასთან, რუსეთთანაც საჭიროა ისეთი ურთიერთობის შენარჩუნება, რომელიც მოსკოვის პროვოცირებას არ გამოიწვევს, რომ იმაზე მეტი არ ქნას, რაც უკვე ჩაიდინა. ეს არ არის იოლი პოზიცია საქართველოსთვის, მაგრამ ბალანსის დაცვა, ჩემი აზრით, კიდევ დიდხანს იქნება საჭირო“.

ანჯელა სტენტის აზრით, დასავლეთი მაშინ შეცდა, როცა ჩათვალა, რომ პრობლემა მხოლოდ კომუნისტურ პარტიაში იყო და საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად, ის ამოიწურა. შესაბამისად, პუტინის აღზევების პერიოდში, არ არსებობდა რუსეთთან ურთიერთობის სტრატეგია, მაშინ როცა პუტინს, ჯერ კიდევ 2 ათეული წლის წინ ხელისუფლებაში მოსვლისას, აშკარად გააჩნდა გეგმა, რომლის განხორციელებასაც ის თანმიმდევრულად შეუდგა.

დღეს, მოსკოვის ღია, თუ ფარული აგრესიის პირისპირ, ისევ მთელი დასავლეთია. თუმცა, ანალიტიკოსების თქმით, რუსეთი ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით, ძალიან სუსტია იმისთვის, რომ დასავლეთს რეალური ზიანი მოუტანოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG