ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ამერიკისა და ევროპის გარეშე საქართველოს უსაფრთხოების დაცვა შეუძლებელია" - მეუფე საბა


ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მეუფე საბა
ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მეუფე საბა

"ჩვენ გვიწევს ყოველდღიური ბრძოლა, დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის," - ეს განცხადება ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა მეუფე საბამ "ამერიკის ხმასთან" საუბრისას გააკეთა.

მეუფე საბა ამბობს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში ძლიერი მხარდამჭერები სჭირდება. ის აცხადებს, რომ რუსეთისგან მომავალი საფრთხისთვის თავის გასართმევად, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან მჭიდრო ურთიერთობები მნიშვნელოვანია.

“დასავლეთი, ამერიკა, ევროატლანტიკური სტრუქტურები საქართველოს მოკავშირეები არიან. მათ გარეშე შეუძლებელია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება დაცული იყოს ისეთ რეგიონში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. ჩვენ ძლიერი მოკავშირე გვჭირდება. პატარა ქვეყანა ვართ, პატარა ქვეყანას ყოველთვის სჭირდება მხარში ედგას დიდი ქვეყანა, რომელიც დაგიაცავს შენი მეზობლისგან, რომელიც გჩაგრავს” - ამბობს მეუფე.

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საუბრის დროს ყურადღებას რუსულ ოკუპაციაზე ამახვილებს და ამბობს, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია ეს საკითხი გათავისებული ჰქონდეს.

“ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ოცი პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ჩვენ გვიწევს ოკუპაციაში ცხოვრება. მცოცავი ოკუპაცია, ბოლო დროს განვიათარებული მოვლენები, ჩვენთვის უცხო არ არის და ვფიქრობ, თითოეულ ქართველს ეს გათავისებული უნდა ჰქონდეს” - აცხადებს მამა საბა.

ის ასევე ამბობს, რომ მრწამსისა და პოლიტიკური კუთვნილების განურჩევლად, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ქართველი ხალხი ერთად უნდა დადგეს. მისი თქმით, "ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ყველანი ერთად უნდა ვიდგეთ, არ აქვს მნიშვნელობა ეს სხვა რელიგიის წარმომადგენლები იქნებიან თუ პოლიტიკური პარტიები. ჩვენ ერთად უნდა ვიდგეთ, ეს აუცილებელია".

მეუფე საბა ასევე აღნიშნავს, რომ 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა არ დასრულებულა.

"9 აპრილიდან დაწყებული პროცესი დღემდე გრძელდება. ეს პროცესი არ დასრულებულა. მე ასე ვფქირობ, ჩვენ ამისთვის უნდა ვიზრუნოთ და ვიფიქროთ, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა," - თქვა მეუფე საბამ.

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოსმა, "ამერიკის ხმასთან" განცხადება ნიუ-იორკში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა.

ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით დამოუკიდებლობის დღე 2 მაისს აღინიშნა. საღამოზე მიწვეული იყვნენ უცხოელი ჟურნალისტები, დიპლომატიური კორპუსისა და დიასპორის წარმომადგენლები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG