ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

In God We Thust: 4 ივლისი თბილისში


საქართველოში დღეს ორიგინალურად აღნიშნეს ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 237-ე წლისთავი. დილის ხუთ საათზე, კუს ტბაზე, დაიწყო ულტრამარათონი, რომლის მონაწილეებმა ტბას სიმბოლურად 43 წრე დაარტყეს, ანუ, ჯამში - 50 კილომეტრი გაირბინეს.

ულტრამარათონში, რომელიც საქართველოს ფედერაცია “სპორტი ყველასათვის” ინიციატივით მოეწყო და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა, 12 გამოცდილი მარათონელი და სირბილის მოყვარულთა კლუბის წევრი მონაწილებოდა.

მათ შორის იყო, ამერიკის მოქალაქე, ბიოფიზიკოსი ნუგზარ დავითაშვილი. იგი სტატისტიკის, კალკულუსისა და ფიზიკის ლექციებს ჯორჯიის შტატში, ატლანტაში, ბენჯამინ ფრანკლინის სახელობის აკადემიაში კითხულობს.

როგორც, ბოსტონის ტრაგიკული მარათონის მონაწილემ, ნუგზარ დავითაშვილმა დღევანდელი მარათონი, ბოსტონის ტერაქტის დროს დაღუპული ამერიკის და ჩინეთის სამი მოქალაქის ხსოვნასაც მიუძღვნა

დღეს პირველად საქართველოში გაიმართა 50 კილომეტრიანი ულტრამარათონი, რომელიც საქართველოში მარათონის ტრადიციის დამკვიდრებისათან ერთად, ეძღვნება ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს. დღეს, მოგეხსენებათ არის 4 ივლისი.

მე გახლავართ ამერიკის მოქალაქე. მონაწილეობას ვღებულობდი ბოსტონის მარათონში. მოგეხსენებათ იქ მოხდა ტერაქტი და ვერ დავასრულე მარათონი, ჩემს თვალწინ მოხდა ყველაეფერი..პირადად, მე დღევანდელ გარბენს ვუძღვნი ბოსტონის მარათონის დროს დაღუპულებს და დაჭრილებს.“

ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 237-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების პოლიტიკური ნაწილი კი გუშინ გაიმართა. თბილისში, ამერიკის საელჩომ საზეიმო მიღებაზე, ქართული პოლიტიკური და სამხედრო ელიტის დიდ ნაწილს, დიპლომატიურ კორპუსს, სამოქალაქო სექტორისა და ქართული საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებს უმასპინძლა.

საზეიმო მიღებაზე იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ახალი მთავრობის სახელით განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი საქართველოს მიმართ კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს. პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილმა კი ბრძანა, რომ 4 ივლისი ზოგადად თავისუფლების დღეა

„დიდი ხანია ეს დღე იქცა, არა მხოლოდ აშშ-ს დამოუკიდებლობის დღედ, არამედ, ზოგადად, თავისუფლების დღედ! მსოფლიოში თავისუფლების გამარჯვების დღედ...ამ დღეს ვულოცავ ქართველებსაც და საერთოდ ყველას მსოფლიოში.

თანამშრომლობა საქართველოსა და აშშ-ს შორის ღრმავდება. ყოველ წელს ახალი შედეგები მოაქვს და ჩვენ უახლოეს მომავალში კიდევ ბევრს მივაღწევთ. არის ძალიან ბევრი იდეა და გეგმა, განსაკუთრებით, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით.
პოლიტიკურ და სამხედრო სფეროებში ცხადია სტრატეგიულ პარტნიორებად ვრჩებით.“

„უკანასკნელ წლებში თქვენი დაუღალავი შრომის შედეგად, საქართველო შეიძლება პოლიტიკური წარმატების ნიმუში გახდეს - ისევე, როგორც ამჟამად საქართველოს ძალუძს გახდეს ეკონომიკური წარმატების ნიმუში, თუ “ახალი აბრეშუმის გზაზე” მისი უნიკალური მდებარეობის სრულ ათვისებას შეძლებს“ - ეს უკვე საქართველოში ამერიკის ელჩის რიჩარდ ნორლანდის სიტყვებია. „ამერიკა თქვენთან არის“ - ეს ფრაზა ამერიკის ელჩმა უკვე ქართულად წარმოსთქვა

„საქართველოს მთელი პოლიტიკური სპექტრი აქ არის და ისინი, ამერიკის 237-ე დამოუკიდებლობის წლისთავს ჩვენთან ერთად აღნიშნავენ! ჩემი დღევანდელი გზავნილი ძალიან მარტივია. საქართველო მიდის დემოკრატიის გზაზე, ამიტომ ამერიკა თქვენთან არის.“

ზუსტად 237 წლის წინ, 1776 წლის 4 ივლისს, ფილადელფიაში, მეორე კონტინენტურმა კონგრესმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც 13 კოლონია ინგლისისგან დამოუკიდებელ შტატებად გამოაცხადა. 4 ივლისს მიღებულ დამოუკიდებლობის დეკლარაცია იყო პირველი დოკუმენტი, რომელშიც ყოფილი ბრიტანული კოლონიები ამერიკის შეერთებულ შტატებად მოიხსენიებოდა.

In God We Thust - ჩვენ ღვთის გვჯერა! ეს არის ამერიკის ნაციონალური დევიზი, რომელიც პირველად 1864 წელს, ახალი მონეტების მოჭრის დროს გამოიყენეს, 1956 წლიდან კი ოფიციალურად, ეროვნული დევიზის სახელი მიიღო.

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG