ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფარული მიყურადებები


Recordings of Private Lives Obtained through Illegal Surveillance said to be Destroyed on September 5
Recordings of Private Lives Obtained through Illegal Surveillance said to be Destroyed on September 5

მობილურ ოპერატორებთან განთავსებული ე.წ. „შავი ყუთების“ მეშვეობით, სამართალდამცავ უწყებებს შესაძლებლობა აქვთ, ერთდროულად მოუსმინონ ათიათასობით ადამიანს

ეჭვი იმისა, რომ შსს აგრძელებს ისევ ფარული მიყურადებების პრაქტიკას, დიდია. ეჭვის საფუძველს კი წარმოადგენს ტექნიკური და საკანონმდებლო შესაძლებლობები, რაც ამ დრომდე უცვლელად არსებობს. „2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მოსულ მმართველ კოალიციას ამ მიმართულებით არანაირი სისტემური ცვლილება არ განუხორციელებია. დაპირების მიუხედავად, სამართალდამცავ ორგანოებს კვლავ აქვთ შეუზღუდავი წვდომა კავშირგაბმულობის ოპერატორთა მონაცემებთან და მოქალაქეთა შორის ყველა სახის კომუნიკაციასთან.

მობილურ ოპერატორებთან განთავსებული ე.წ. „შავი ყუთების“ მეშვეობით, სამართალდამცავ უწყებებს შესაძლებლობა აქვთ, ერთდროულად მოუსმინონ ათიათასობით ადამიანს, დაადგინონ მათი ადგილსამყოფელი, წაიკითხონ SMS-ები და პირადი ელექტრონული (ელფოსტით, Viber, WhatsApp, BBM და სხვა აპლიკაციებით განხორციელებული) მიმოწერა,“ - ამბობენ წარმომადგენლები კამპანიისა „ეს შენ გეხება“, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა შორისაა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი. მათივე თქმით, შსს-ს შეუძლია ერთდროულად 21 ათას ადამიანს მოუსმინოს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება პრობლების არსებობას აღიარებს. თუმცა უკანასკენლი ერთი წლის მანძილზე, ანუ იმ დროიდან, რაც პარლამენტში მოხდა კანონპრიექტის ინიცირება, ამ მიმართულებით არანაირ მსჯელობას და რეალობის შეცვლისკენ გადადგმულ ნაბიჯებს ადგილი არ ჰქონია.

„თომას ჰამარბერგის დასკვნაში მითითებულია, რომ წინა წლებში შსს-ს ტელეკომუნიკაციებზე ჰქონდა პირდაპირი წვდომა. ეს ტექნიკური საშუალებები დღესაც არსებობს და სამინისტროს შეუძლია გააკონტროლოს სატელეფონო ზარები, სმს-სები, ელეტქრონული ფოსტა და კომუნიკაციის სხვა საშუალებები. აქვე მითითებულია, რომ თემა საჭიროებს ნათელ რეგლამენტაციას და აუცილებელ რეფორმირებას. საქართველოს მთავრობამ შექმნა უწყებათშორისი კომისია, რომელმაც შეიმუშავა სტრატეგია და თქვა, რომ ჰამარბერგის დოკუმენტი ობიექტურად ასახავს რეალობას და მასში მითითებული რეკომენდაციები აუცილებლად გასათვალისწინებელია. ანუ, მთლიანობაში სახელმწიფომ ეს პრობლემა აღიარა. ამიტომ ჩემთვის უცნაურია, როდესაც დღეს კიდევ მიდის მსჯელობა იმაზე, ეს პრობლემა არის თუ არა რეალური და მწვავე,“- ამბობს კახა კოჟორიძე.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მთავარი იურისტი ეკა ბოკუჩავა ამერიკის ხმასთან საუბრისას აცხადებს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თანამშრომლები რამდენჯერმე შეხვდნენ შსს-ს წარმომადგენლებს, თუმცა ეს უკანასკნელნი ეწინააღმდეგებიან ცვლილებების მიღებას, ამიტომაც პროცესი ამ დრომდე გაყინულია.

„დღეის მდგომარეობით არაფერი არ შეცვლილა და ყველაფერი გრძელდება ისე, როგორც ეს ადრე იყო. მუშაობენ ისევ იგივე პირები ამ სისტემაში და ზუსტად ისევეა პირდაპირი წვდომა ჩანაწერებზე, როგორც ეს იყო ადრე. ჩვენ სწორედ ამის შეზღუდვას ვითხოვთ. რაც შეეხება, არის თუ არა მზადყოფნა ხელისუფლებისგან ცვლილებებისთვის, შემიძლია გითხრათ, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ პარლამენტში ინიცირებულ იქნა კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა ოპერატიულ-სამძებრო საქმნიანობაში ცვლილებების განხორციელებას, რეგულაციების გამკაცრებას. იურიდიულმა კომიტეტმა მოიწონა ეს და დაარეგისტრირა, როგორც თავისი წინადადება. ამის შემდეგ პარლამენტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის წევრები ჩვენც ვართ და აქტიურად მიდიოდა მუშაობა ცვლილებებზე. კონკრეტულად, ჩვენ ვცდილობდით დაგვეახლოვებინა ეს კანონპროექტი საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან. პარალელურად, დაიწყო მოლაპარაკება არა ჩვენს, არამედ პარლამენტის ჯგუფსა და შსს-ს წარმომადგენლებს შორის. ჩვენ ვიცოდით დიდი ხანი, რომ შსს ამ ცვლილებებს ეწინააღმდეგებოდა. მას არ სურდა ცვლილებების განხორციელება. მინდა გითხრათ, რომ უკვე 11 თვეა ამ მიმართულებით არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა“,- განაცხადა ეკა ბოკუჩავამ.

შსს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ ერთ-ერთ სატელევიზიო თოქ-შოუში დაადასტურა, რომ სატელეფონო ჩანაწერების გაკეთების შესაძლებლობები არსებობს. მან აქვე დასძინა, რომ „შესაძლებლობა ავტომატური წვდომის, ჯერ კიდევ არ ნიშნავს ავტომატურად ჩართვას.

„კანონპროექტში იყო ჩანაწერები, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უსაფრთხოებას. ბუნებრივია, გვქონდა კრიტიკა ამის მიმართ, თუმცა ჩვენ ამ პროცესიდან არ გავთიშულვართ, კი ბატონო, მზად ვართ ვიმსჯელოთ ამის თაობაზე. ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, პროვაიდერი ვალდებულია, მაგალითად, გერმანიაში ტელეკომუნიკაციების ასმეათე მუხლი პირდაპირ ავალდებულებს, თავისი ხარჯებით შეიძინოს სერვერი და დააინსტალიროს. ამ ინიციატივაში კი ეს შესაძლებლობა საერთოდ იყო ამოღებული. პრაქტიულად, ქვეყნის უსაფრთხოება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. რაც შეეხება ავტომატურ წვდომას საუბრებზე და ჩანაწერებზე. ის, რომ არსებობს შესაძლებლობა წვდომის, ჯერ კიდევ არ ნიშნავს ავტომატურად ჩართვას. ბუნებრივია კანონმდებლობა ითვალისწინებს მოსამართლის ბრძანების საფუძველზე ჩართვას, პროკურორის შუამდგომლობით და მხოლოდ რიგ შემთხვევებში, გადაუდებელ შემთხვევებშია გათვალისწინებული ჩართვა მოსამართლის ბრძანების გარეშე, რაც შემდგომ უნდა დადასტურდეს მოსამართლის ბრძანებით,“- განაცხადა ლევან იზორიამ, შსს მინისტრის მოადგილემ.

კამპანია „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ იმ დროს, როდესაც როგორც ტექნიკური, ასევე საკანონმდებლო ბაზა იძლევა ფარული მიყურადების განხორციელების შესაძლებლობას, არ შეიძლება მხოლოდ ცალკეული ხელისუფალის კეთილი ნების იმედად ყოფნა, რომელსაც მოსმენის განხორციელების უფლებას სინდისი არ მისცემს, არამედ საჭიროა ამ მიმართულებით სისტემური ცვლილებების გატარება და პირველ რიგში კანონმდებლობის უზრუნველყოფა.
XS
SM
MD
LG