ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სროლა, ცემა, დაპატიმრება - სახიფათო შტრიხები წინასაარჩევნო კამპანიაში


გორში მაჟორიტარ კანდიდატს ირაკლი ოქრუაშვილს ესროლეს
გორში მაჟორიტარ კანდიდატს ირაკლი ოქრუაშვილს ესროლეს

საპარლამენტო არჩევნებამდე 5 დღით ადრე, მშვიდი წინასაარჩენო გარემო თავდაყირა დააყენა ძალადობის რამდენიმე სერიოზულმა ფაქტმა, რომლებიც 1, 2 და 3 ოქტომბერს, ზუგდიდში, გორსა და თბილისში მოხდა.

გორში, სადგურის დასახლებაში, კვირას, თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს ესროლეს. დაჭრილია ოქრუაშვილის პირადი დაცვის წევრი, 40 წლის კობა კოშაძე, რომელსაც ტყვია მარცხენა წვივში მოხვდა და 36 წლის ბიძინა თომაშვილი, საარჩევნო შტაბის კოორდინატორი, იგი მარჯვენა მხარში დაიჭრა. ორივე მათგანი გორის სამხედრო ჰოსპიტალში იქნა გადაყვანილი და უკვე ჩაუტარდათ სასწრაფო ოპერაცია.

ირაკლი ოქრუაშვილზე თავდასხმის ადგილი გორში ფოტო qartli.ge
ირაკლი ოქრუაშვილზე თავდასხმის ადგილი გორში ფოტო qartli.ge

პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის: 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელიც გორის რჩევნებში, დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატის სტატუსით არის ჩართული, თავდასხმაში მმართველი პარტია დაადანაშაულა. მისი თქმით, სროლა ადგილობრივმა კრიმინალმა ალექსანდრე ინდუაშვილმა, მეტსახელად „ხამსამ“ განახორციელა. იგი ატენის ქუჩაზე, „ქართული ოცნების“ კოორდინატორს ედუარდ ნუცუბიძეს მოჰყვა და ამომრჩევლებთან შეხვედრის ჩაშლას ცდილობდა. "ქართულმა ოცნებამ" ბრალდება კატეგორიულად უარყო. ინდიაშვილი და ნუცუბიძე ამ დრომდე მიმალვაში არიან.

ბოლო პერიოდში, გორში კრიმინალური ავტორიტეტები ძალიან გააქტიურებულნი არიან. მათ აძლევენ გარანტიას, რომ პოლიცია არ შეაუწუხებთ, თუ ისინი „ქართული ოცნების“ კანდიდატს დაეხმარებიან.“
ირაკლი ოქრუაშვილი, გორის მაჟორიტარობის კანდიდატი

„ქართული ოცნების აქტივისტი ვინმე ნუცუბიძე ახლდა იმ კრიმინალს. ეს ინდუაშვილი არის არაერთგზის ნასამართლევი. ესეთი ტიპის ადამიანები გორში, ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურებულნი არიან. აძლევენ გარანტიას, რომ პოლიცია მათ არ შეაუწუხებთ, მათ წინააღმდეგ აქტიურად არ იმოქმედებს, გადამჭრელ ზომებს არ მიიღებს, თუ ისინი დაეხმარებიან გორში „ქართული ოცნების“ კანდიდატს.“

გორში სროლას, შაბათს ღამით, წინ უძღოდა ჯგუფური ჩხუბი სოფელ დიდინეძში, ზუგდიდიდან 15 კილომეტრში, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ აქტივისტებს შორის. შეტაკების დროს მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის სამი წევრი დაშავდა. განსაკუთრებით, მძიმე იყო 19 წლის ლიკა დემეტრაძის მდგომარეობა, რომელსაც თავის არეში ქვა მოხვდა და გონება დაკარგა. ასევე ნაცემები არიან, „ოცნების“ აქტივისტები თემურ მიქაძე და ნიკა ძიმისტარაშვილი.

დიდი ნეძში თავდასხმისას, ლიკა დემეტრაძემ მძიმე დაზიანება მიიღო
დიდი ნეძში თავდასხმისას, ლიკა დემეტრაძემ მძიმე დაზიანება მიიღო

პოლიციამ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე, ცემის მუხლით აღძრა და უკვე დაკითხა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები: პაპუნა კუკავა და მანუჩარ ქირია. დღესვე ზუგდიდის პოლიციაში ჩატარდა თავდამსხმელთა ამოცნობის პროცედურაც.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ აუცილებელია გორის და დიდინეძში მომხდარი თავდასხმები უსწრაფესად იქნას გამოძიებული

ყველა პოლიტიკურმა პარტიამ თავი უნდა შეიკავოს სიტუაციის ესკალაციისგან, უარი უნდა თქვან, აქტივისტების ჩართვაზე ძალადობრივ მოქმედებებში. ცალსახად უნდა მოხდეს ამ ძალადობრივი ფაქტების დაგმობა“
ანა ნაცვლიშვილი, საია-ს თავჯდომარე

„შემაშფოთებელი ფაქტებია და აუცილებელია მათზე იყოს სწრაფი, დროული და ადექვატური სამართლებრივი რეაგირება. მუდმივად პოლიტიკური კინკლაობის ჭრილის ნაცვლად, აუცილებელია, რომ ამ ინციდენტების განხილვამ გადაინაცვლოს სამართლებრივ სიბრტყეში.

ყველა პოლიტიკურმა პარტიამ თავი უნდა შეიკავოს სიტუაციის ესკალაციისგან, უარი უნდა თქვან, თავიანთი აქტივისტების ჩართვაზე ძალადობრივ მოქმედებებში. ცალსახად უნდა მოხდეს ამ ძალადოვრივი ფაქტებისგან გამიჯვნა და მათი დაგმობა.“

3 ოქტომბერს, გამთენისას კი პოლიციამ, თბილისში კულტურის ყოფილი მინისტრის, ამჟამად, „ნაციონალური მოძრაობის” მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნიკა რურუას შტაბის უფროსი დავით ჯაფარიძე დააკავა. ნიკა რურუას მტკიცებით, ჯაფარიძეს პოლიციამ იარაღი ჩაუდო,

„ჩემი მეგობარი დათო ჯაფარიძე ამბობს რომ ათმა კაცმა გააკავა იგი და იარაღი ჩაუდეს. და, ეს მოახერხეს, რადგან ხელები მას დაკავებული ჰქონდა. ათი სუს-ის თანამშრომელი დაეტაკა და ჩაუდეს იარაღი.“

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ ბრალებას უარყოფენ. შსს-ს განმარტებით, რურუას საარჩევნო შტაბის უფროსი სისხლის სამართლის 236-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

XS
SM
MD
LG