უცხოური პრესის მიმოხილვას ვიწყებთ ჯოშ როგინის სტატიით სათაურით „რუსეთში შეერთებული შტატების ელჩი: ‘გადატვირთვის’ გამო ჩვენ საქართველოსთვის შეიარაღების მიწოდება არ შეგვიძლია,“ რომელიც ჟურნალ „ფორინ პოლისის“ ვებ გვერდზე 7 დეკემბერს გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:
„მას შემდეგ რაც პრეზიდენტი ბარაკ ობამა ხელისუფლებაში მოვიდა, მისი ადმინისტრაცია საქართველოსთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებაზე უარს ამბობს. ცოტა ხნის წინ ვებ გვერდ ‘ვიკილიქსზე’ გამოქვეყნებული საიდუმლო დოკუმენტის თანახმად ირკვევა, რომ რუსეთში შეერთებული შტატების ელჩი ამტკიცებდა, რომ შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს სამხედრო მხარდაჭერა არაკეთილგონივრული იქნება რადგან შედეგად ამერიკა-რუსეთის ‘გადატვირთვა’ დაზარალდება.
2009 წლის ივნისში შეერთებული შტატების ელჩის ჯონ ბეირლეს მიერ ხელმოწერილ წერილში კერძოდ აღნიშნულია, რომ ‘საქართველოსთან უფრო აქტიური სამხედრო ურთიერთობის დამყარება რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვას საფრთხეში ჩააგდებს.’ ‘ჩვენი აზრით, თუ ჩვენ თბილისთან სამხედრო ურთიერთობას მნიშვნელოვნად გავაფართოვებთ, მაშინ რუსეთი დაძაბულობის საშუალოვადიან შემსუბუქებაზე უარს იტყვის და შეერთებული შტატების კრიტიკულად მნიშვნელოვან სტრატეგიულ ინტერესებს უფრო აქტიურ წინააღმდეგობას გაუწევს,’ ნათქვამია დიპლომატიურ წერილში.
რუსეთისთვის ევრაზიაში გავლენის გაფართოების ‘აბსოლუტური’ პრიორიტეტი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ამერიკა-რუსეთის გადატვირთვა, აღნიშნავს ბეირლე. მას მიაჩნია, რომ სამხედრო აღჭურვილობის გაგზავნა საქართველოში ამერიკა-რუსეთის თანამშრომლობაზე უარყოფით ზეგავლენას მოახდენს, მათ შორის ირანზე ზეწოლის მიზნით ერთობლივი სამოქმედო გეგმის შემუშავების კუთხითაც.
აღსანიშნავია, რომ ობამას ადმინისტრაციას საქართველოსთვის შეიარაღების მიწოდებაზე ოფიციალურად აკრძალვა არ დაუწესებია. მას უბრალოდ საქართველოსთვის შეიარაღება არ გადაუცია და, როგორც ჩანს, ამას ის არც აპირებს. თუმცა დე ფაქტო აკრძალვამ ვაშინგტონში გარკვეული წრეების გაღიზიანება გამოიწვია, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გავლენიანი რესპუბლიკელი წევრის ბატონ რიჩარდ ლუგარის ჩათვლით.
‘იმის ნაცვლად, რომ ჩვენ საქართველოს მთავრობის სურვილის შესრულებაზე ვიზრუნოთ, ჩვენ უკან უნდა დავიხიოთ და დავსვათ შემდეგი კითხვა, ‘რას წარმოადგენს შეერთებული შტატების ინტერესი ამ კონტექსტში?’ ამ შემთხვევაში ხომ ლაპარაკი სამხედრო ბალანსსა თუ სამხედრო შეკავებაზე ზედმეტია,“ აღნიშნავს ამერიკული პროგრესის ცენტრის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამის ასოციირებული დირექტორი სამუელ ჩარაპი.
სხვა ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მართალია ბეირლეს წერილები ერთი ადამიანის მოსაზრებებს ასახავს, დოკუმენტებში ასახული დაკვირვებები შეესაბამება ობამას ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის საერთო მიმართულებას, რომელიც ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების გაუმჯობესებაზეა აქცენტირებული მაშინ როცა საქართველოსა და შუა აზიის სხვა რეგიონებს ნაკლები ყურადღება ეთმობა.“
უცხოური პრესის მიმოხილვას ვაგრძელებთ კორტნი უივერის სტატიით სათაურით „რუსეთს სათამაშო ბევრი გაუჩნდა,“ რომელიც გაზეთ „ფაინენშლ თაიმსში“ 10 დეკემბერს გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:
„როცა 2 დეკემბერს რუსეთმა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მოიპოვა, ერთი დღის შემდეგ მოსკოვის საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების კურსმა მთელი წლის მანძილზე რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. მაგრამ საბჭოთა დროინდელ საკურორტო ქალაქ სოჭში ზამთრის ოლიმპიადისთვის გამიზნული მოსამზადებელი სამუშაოებით რომ ვიმსჯელოთ, სამშენებლო პროექტების უმრავლესობაზე გაღებული დანახარჯები ბიუჯეტს მნიშვნელოვნად აჭარბებს, მათი ჩაბარება დაგვიანებულია და კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებები დღითიდღე იზრდება. ყოველივე ეს სერიოზულ კითხვებს ბადებს იმასთან დაკავშირებით შესძლებს თუ არა რუსეთი უმნიშვნელოვანესი საფეხბურთო ჩემპიონატის ორგანიზებას. რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე 950 მილიარდი რუბლი დაიხარჯება, რაც თავდაპირველად დაგეგმილ დანახარჯებს სამჯერ აღემატება და პოტენციურად პეკინის 2008 წლის ოლიმპიური თამაშების, როგორც ყველაზე ძვირი სპორტული ღონისძიების, საფასურს უახლოვდება. ამას გარდა, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ნახსენები ციფრი სამშენებლო მასალებისა და გამოყენებული სამუშაო ძალის ნამდვილ საფასურს ბევრად აღემატება, რაც ბუნებრივად ბადებს კითხვებს იმის თაობაზე თუ სად მიდის დანარჩენი სახსრები.
როცა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის უფლობა უბოძა ქალაქს, რომელშიც სათხილამურო ინფრასტრუქტურა და ხარისხიანი გზები თითქმის არ არსებობდა, კომიტეტი დიდ რისკზე წავიდა. მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძლობა მსგავს რისკს უკავშირდება. რუსეთი ახალი სტადიონების, გზების, რკინიგზისა და სასტუმროების აშენებას აპირებს. თუ სახელმწიფო ორივე პროექტს წარმატებულად გაუძღვა, მაშინ მოსკოვი პოტენციურად უხვ ეკონომიკურ დივიდენდებს მიიღებს. მაგრამ წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთის მთავრობას ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ სირცხვილი ელის.“