ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული ქმედებები და ქართული პროტესტი


სოფელი ერგნეთი, სამხრეთ ოსეთის საზღვართან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპროტესტო განცხადება გაავრცელა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის მიერ დაწყებული ფართომასშტაბიანი წვრთნების თაობაზე, განცხადება ეხმაურება ასევე გუშინ სოფელ გუგუტიანთაკრში, ზარდიაანთკარსა და კოშკასთან რუსული ვერტმფრენის გამოჩენას.

„სამხედრო წვრთნების პარალელურად გრძელდება რუსეთის მხრიდან საქართველოს მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცის დარღვევები. კერძოდ, 2015 წლის 19 აგვისტოს, დილის 10:57 საათზე ოკუპირებულ სოფელ ხელჩუას მიმართულებიდან რუსეთის საოკუპაციო ძალების „მი–8“ ტიპის სამხედრო ვერტმფრენმა გორის რაიონის სოფ. ზარდიაანთკარის მიმართულებით შემოფრენისას ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცე დაარღვია. ინციდენტის შემდეგ ვერტმფრენმა ფრენა ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით განაგრძო.

რუსეთის ფედერაციის მსგავსი ქმედებები პროვოკაციულ ხასიათს ატარებს და საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებას. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოითხოვს რუსეთის ფედერაციისგან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემას და ნაკისრი ვალდებულებების, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების შესრულებას და საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციას,“ - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გუგუტიანთკარში ადგილობრივები რუსული ვერტმფრენის გამოჩენას ასე იხსენებენ: „ვერტმფრენის ხმა ისმოდა, ქვემოთ მხრიდან გადმოიარა, კოშკა-გუგუტიანთკარის ზემოთ გადაიფრინა, ჩავიდოდა, ალბათ, დაათვალიერებდა თავისიანებს და დაბრუნდებოდა უკან“.

ამერიკის ხმა პარლამენტარს, თავისუფალი დემოკრატების წევრს ვიქტორ დოლიძეს ესაუბრა, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოს ოფიციალური უწყებების მხრიდან წარმოებული სამუშაო რუსეთის ქმედებების გასაპროტესტებლად, არასაკმარისია. „ერთგვარი ტრანსფორმირებაა საჭირო ჩვენი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის. ვგულისხმობ იმას, რომ თავისუფალი დემოკრატები ამ საკითხებზე სერიოზულად ვმუშაობთ და პარლამენტში ჩემი ბოლო გამოსვლის დროს რეზოლუციის მზადებაც დავიწყეთ, როდესაც აღვნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანი იქნება გადაიხედოს ევროკავშირის მონიტორინგის მისიის როლის გაძლიერების საკითხი ადგილზე, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზეც მოახერხონ მათ შეღწევა, მოახერხონ სკურპულოზური მონიტორინგი იქ არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობისა, რითაც უკმაყოფილოა, ბუნებრივია ადგილობრივი მოსახლეობა. საჭიროა გაძლიერდეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების და ხელისუფლების მხრიდან მიმართული ღონისძიებები ადგილობრივი მოსახლეობის დასახმარებლად, ეს იქნება მოსავლის აღება, მათი ინფრასტრუქტურული მოწყობა, როგორიცაა წყლის მიწოდება, სახნავ-სათესი საშუალებების შეძენა და მიწოდება და სხვა“,- ამბობს ვიქტორ დოლიძე.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, აშშ-ში შესაძლოა ერთ სივრცეში აღმოჩნდნენ საქართველოს ხელისუფლების საპროტესტო განცხადებების ადრესატთან, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე დასწრებას აპირებს ნიუ იორკში. ვიქტორ დოლიძე ამბობს, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მოხვედრა დასავლელი კოლეგების გარემოცვაში, შესაძლოა, სასარგებლო აღმოჩნდეს, რაც შეეხება საქართველოს დელეგაციასთან ურთიერთობებს, გაეროში იგი „შემთხვევითი შეხვედრების“ ალბათობას გამორიცხავს:

„არამც და არამც არ ვარ იზოლაციის მომხრე, არ ვფიქრობ, რომ კარგი იქნება, თუ შეწყდება მოლაპარაკებები, კომმუნიკაცია და კონტაქტი დასავლეთსა და რუსეთს შორის. ამიტომ, ამ მხრივ, მე პუტინის მონაწილეობას გაეროს ასამბლეაზე დადებითად ვუყურებ, მაგრამ რაც შეეხება ქართულ დელეგაციასთან შეხვედრას, გადაკვეთას ან საუბარს უმაღლეს დონეზე, ამას სჭირდება საგანგებო მომზადება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ვინ ვის ხვდება, რაზე საუბრობს და ასე შემდეგ, ყველა დეტალი“.

დე-ფაქტო ადმინისტრაციის ტერიტორიებზე ცხოვრება პარალელურ რეალობაში გრძელდება. ორი დღის წინ ცხინვალი აფხაზურ დელეგაციას მასპინძლობდა, რომლის საელჩო იქ საზეიმო ცერემონიალის თანხლებით გაიხსნა.

XS
SM
MD
LG