ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლეგენდა „ფალსიფიცირებული ისკანდერის შესახებ“ სტრასბურგის სასამართლოზე


სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს პროცესზე მოსმენა დღეს მიმდინარეობდა.

სახელმწიფოთაშორის სარჩელზე #2 საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, ზეპირი მოსმენა დიდი პალატის მიერ გაიმართა. იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე, რომელიც სტრასბურგში იმყოფება ჟურნალისტებთან ამბობს, რომ საქმე პრეცენდენტულია და მისი შედეგები მნიშვნელოვანი და ყურადღსაღები იქნება სხვა, რუსეთთან კონფლიქტის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნებისთვისაც. ზოგადად, ევროსასამართლოს პრეცენდენტული სამართლის ერთ–ერთ შემოქმედსაც უწოდებენ სწორედ იმის გამო, რომ ერთ კონკრეტულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება ხშირად იქცევა ხოლმე წესად, ერთგვარ ნორმად სხვა ანალოგიური საქმეებისთვისაც. „ეს იყო უკომპრომისო ომი ოღონდ სამართლიანობისთვის და სამართლისთვის. ამ საქმეს ექნება მნიშვნელობა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპის ფარგლებში სხვა კონფლიქტებისთვის, პირველ რიგში ესაა უკრაინა და მოლდოვა. არგუმენტების ნაცვლად ჩვენ მოვისმინეთ ისევ გაშარჟებულ–გაყალბებული ნარატივი ისტორიის შესახებ და ერთადერთი პასუხი, რომ ესაა ან სიყალბე, რაც საქართველომ წარმოადგინა, ან შეთქმულება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის ფედერაციას პროცესზე დღეს არგუმენტი საერთოდ არ ჰქონია“,– ამბობს გოჩა ლორთქიფანიძე.

რუსული მხარე ქართული მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილებისას აპელირებდა იმითაც, რომ მტკიცებულებებად წარდგენილი იყო ანტირუსული პროპაგანდის ნიმუშები და რომ ისკანდერი, რომელიც გორში ცენტრალურ მოედანზე 2008 წლის 12 აგვისტოს ჩამოვარდა და რომელმაც 12 მშვიდობიანი მოქალაქე და ჰოლანდიელი ჟურნალისტი იმსხვერპლა სულაც არ იყო რეალური, არამედ წარმოადგენდა ქართულ ფალსიფიკაციას.

მაიკ სვენსონი, რუსული მხარის ადვოკატი აცხადებდა იმასაც, რომ ადამიანთა ტრაგედიების შესახებ ინფორმაცია ქართული მხარის მიერ გადაჭარბებულადაა წარმოდგენილი და რომ იმედი აქვს, ეს ასახული იქნება სასამართლოს გადაწყვეტილებაში. „კარგია, რომ სასამართლომ მოისმინა სავარაუდო მტკიცებულებები. ძალიან მნიშვნელოვანია თავი დავაღწიოთ შეურაცხყოფებს და მტკიცებულებებს დავეყრდნოთ. მტკიცებულება სავარაუდო წამებაზე, შესაძლოა გაყალბებული იყოს“,– ამბობს სვენსონი ჟურნალისტებთან.

საქართველოს მიმართ სტრასბურგის სასამართლო მეორე სახელმწიფოთაშორის სარჩელს იხილავს. პირველი სახელმწიფოთაშორისი სარჩელი 2006 წლის მასობრივი დეპორტაციის საქმეზე მან 2014 3 ივლისს გამოიტანა, სადაც რუსეთი წაგებული აღმოჩნდა. ქართული მხარის მოთხოვნის თანახმად, მას 70 მილიონი ევროს კომპენსაცია უნდა გადაეხადა, თუმცა მიუხედავად ქართული მხარის გამარჯვებისა, პროცესი ბოლომდე ჯერაც არ მისულა. ქართული და რუსული მხარე ვერ შეთანხმდნენ კომპენსაციის საკითხზე, შედეგად კი საქართველომ კვლავ სტრასბურგს მიმართა თხოვნით დააკისროს კომპენსაცია რუსეთს. საკითხი ჯერაც განხილვის პროცესშია.

იურისტი თამარ აბაზაძე ამერიკის ხმასთან ამბობს: „საქართველო ოთხოვდა 70 მილიონს დაზარალებულთა სასარგებლოდ. ამის თაობაზე რუსეთი ამბობდა, რომ ეს ძალიან გაზვიადებული რაოდენობაა და რომ დაზარალებული ამდენი არ ყოფილა. კამათი მიმდინარეობდა დაზარალებულთა სიის დადგენაზე, ვინც უკანონოდ იყვნენ დეპორტირებული რუსეთის ფედერაციიდან. ეს პროცესი განხილვის ეტაპზეა და უახლოეს მომავალში ველოდებით გადაწყვეტილებას. სტრასბურგმა უნდა თქვას აქ საბოლოო სიტყვა. ამ საქმეზე ვერ ვიტყოდი, რომ ხელისუფლების მხრიდან რაიმე ხარვეზი იყო. ის, რომ ვერ იქნა მიღწეული საქართველოსა და რუსეთს შორის შეთანხმება კომპენსაციის ოდენობაზე, ბუნებრივია და ვერც იქნებოდა. რუსეთი არ იტყვის, „კარგი, 70 მილიონს მოგცემ, რადგან ვალდებული ვარ კომპენსაცია გადავიხადო.“

კითხვა იმის შესახებ, როდის შეიძლება გამოიტანოს გადაწყვეტილება სტრასბურგმა, კვლავ კითხვად რჩება, რადგან პროცედურებისა და სტრასბურგის პრაქტიკის გათვალისწინებით, ამას კიდევ რამდენიმე თვე შეიძლება დასჭირდეს, რის შემდგომაც, ქართული მხარის გამარჯვების შემთხვევაში, უკვე დაიწყება მოლაპარაკება კომპენსაციის კონკრეტული ოდენობის თაობაზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG