ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოში რუსული საბანკო ექსპანსია არ იგეგმება


VTB დღემდე, რუსეთის ერთადერთი ბანკია საქართველოში
VTB დღემდე, რუსეთის ერთადერთი ბანკია საქართველოში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:59 0:00
ბმული


საქართველოს ეროვნული ბანკი ამ დრომდე არ აკეთებს განმარტებას ნამდვილად მიაწოდა თუ არა, პრეზიდენტ სააკაშვილს ინფორმაცია, რომ თითქოს, ქვეყნის ორ უმსხვილეს ბანკს: TBC და "ლიბერთის", რუსეთის ბანკები ყიდულობენ.

პრეზიდენტმა ამის შესახებ, გუშინ თითქმის სამსაათიანი პრესკონფერენციის დროს განაცხადა და ინფორმაციის წყაროდ, სწორედ ეროვნული ბანკი დაასახელა.

„რაღაც ინფორმაციები რაც მე წინასწარ მქონდა, საბედნიეროდ არ დადასტურდა. ვწუხვარ თუ რაიმე არასწორად ვთქვი. თუ არასწორად დავასახელე ბანკები, ეს ჩემდა უნებურად მომივიდა.“
მიხეილ სააკაშვილი, პრეზიდენტი

მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ ივანიშვილის „ქართუ ბანკს“ რუსეთის ბანკი უწოდა, რუსეთის ბანკების საქართველოში შემოსვლას კი - საგანგაშო:

„რამდენიმე დღის წინ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი - "ლიბერთი ბანკი" იყიდა რუსეთის სახელმწიფო ბანკმა - SberBank-მა . ახლა რუსეთის ერთ-ერთი დიდი ბანკი Alfabank, მჭიდროდ დაკავშირებული კრემლთან, ყიდულობს TBC ​ბანკს.

"ქართუ" ისედაც რუსული ბანკია. შემოდის ასევე დიდი რუსული სახელმწიფო Gazprombank​ , რომელსაც უნდა რამდენიმე ქართული ბანკის ყიდვა.

მინდა გვესმოდეს ეს რა არის. ჩვენი, ქართველების ქონების 60-70 % არის ჩადებული ამ ბანკებში კრედიტებით, იპოთეკით და ა.შ. ახლა ეს ყველაფერი აღმოჩნდება რუსეთის ხელში.“

დღეს ბაქოში გამგზავრებამდე კი მიხეილ სააკაშვილმა ფაქტობრივად აღიარა, რომ დეზინფორმაცია გაავრცელა

„რაღაც ინფორმაციები რაც მე წინასწარ მქონდა, საბედნიეროდ არ დადასტურდა. ვწუხვარ თუ რაიმე არასწორად ვთქვი. თუ არასწორად დავასახელე ბანკები, ეს ჩემდა უნებურად მომივიდა.“

როგორც TBC ბანკმა, ისე "ლიბერთიმ" პრეზიდენტის გავრცელებული ინფორმაცია, პრესკონფერენციის მიმდინარეობისას, კატეგორიულად უარყვეს.

"ლიბერთი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა, ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ლადო გურგენიძემ აღნიშნა, რომ რუსულ SberBank-თან, არანაირი მოლაპარაკება ბანკის გაყიდვის თაობაზე არ ჰქონიათ.

2009 წელს, "ლიბერთი ბანკი" საკმაოდ საეჭვო ვითარებაში აღმოჩნდა გურგენიძისა და რუმინელი მილიარდერის დინუ პატრიციუს ხელში. ყოფილი აქციონერები ბანკის დასაბრუნებლად დღემდე იბრძვიან.

„TBC ბანკს არც Alfabank-თან და არც სხვა რუსულ ბანკთან, არ უწარმოებია მოლაპარაკება, წილის გაყიდვის შესახებ და არც მომავალში ვგეგმავთ ამას.“
ვახტანგ ბუცხრიკიძე, TBC ბანკი

პრეზიდენტის გავრეცელებული ინფორმაცია უარყო TBC ბანკმაც. გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ "ამერიკის ხმასთან" აღნიშნა, რომ TBC განვითარებას აგრძელებს. TBC-მ 2011 წელს, მიკროსასფინანსო სეგმენტის ლიდერი ბანკი „კონსტანტა“ შეიძინა:

„TBC ბანკს არც Alfabank-თან და არც სხვა რუსულ ბანკთან, არ უწარმოებია მოლაპარაკება, წილის გაყიდვის შესახებ და არც მომავალში ვგეგმავთ ამას.“

დღეისათვის, საქართველოში 19 კომერციული ბანკი მუშაობს. მათ შორის 17 ბანკია, არარეზიდენტი ბანკების ფილიალების ჩათვლით, უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

უცხოური კაპიტალის წილი, ქართული ბანკების მთლიან განაღდებულ საწესდებო კაპიტალში, 1 თებერვლის მონაცემებით, 77 პროცენტს აღემატება.

ბოლო დრომდე საბანკო სექტორში ყველაზე აქტიური მოთამაშე ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი (EBRD) იყო, რომელმაც რამდენიმე ბანკის, მათ შორის - უმსხვილესი „საქართველოს ბანკის“ აქტივები შეიძინა, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან ერთად.

უცხოური კაპიტალი ქართულ საბანკო სექტორში საკმაოდ ჭრელია. უდიდესი ფრანგული ფინანსური კონგლომერატის „სოსიეტე ჟენერალის“ ჯგუფში შედის ბანკი „რესპუბლიკა“. სწორედ ამ ბანკმა იყიდა 2011 წლის ბოლოს, საქართველოდან წასული ბრიტანული გიგანტის - HSBC ბანკის საქართველოს ფილიალის საცალო პორტფელი.

გერმანული სახელმწიფო ბანკის მონაწილეობით დაფუძნდა 1999 წელს „პროკრედიტ ბანკი“, რომლის აქციონერიც 2001 წლიდან გერმანული „კომერცბანკია“. 2003 წლიდან, ლიხტენშტეინისა და ბრიტანეთის კაპიტალით მუშაობს „ინვესტბანკი.“

ყაზახური ბანკი „ტურანალემი“ საქართველოში 2005 წლიდან „ბითიეი ბანკით“ არის წარმოდგენილი. 2008 წლიდან თბილისში ასევე მუშაობს ყაზახური „სახალხო ბანკის“ შვილობილი „ხალიკ ბანკი“. 2007 წლიდან კი უკრაინულმა „პრივატ ბანკმა“ „ტაო ბანკი“ შეიძინა და ის „ტაოპრივატბანკად“ აქცია.

2008 წელს გარდაცვლილი ბადრი პატარაკაციშვილისთვის „სტანდარტ ბანკის“ ჩამორთმევის შემდეგ, ეს ბანკი არაბეთის გაერთიანებული საემიროების განათლების მინისტრმა შეიხმა ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანმა და მისმა პარტნიორებმა შეიძინეს. საქართველოში ასევე ოპერირებს თურქეთის სოფლის მეურნეობის ბანკი „ზირაათ ბანკი“ და „იშ ბანკის“ ფილიალი ბათუმში.

ახლახანს, „ბაზისბანკის“ 90 პროცენტიანი წილი 100 მილიონ აშშ დოლარად ჩინეთის „სინცზიან ჰუალინგის საინვესტიციო-სავაჭრო ჯგუფის" ხელში გადავიდა.

„არ ვიცი, რაზე საუბრობდა საქართველოს პრეზიდენტი, მაგრამ მე რაც მახსენდება არის ის, რომ ძალიან ბევრი სტრატეგიული ინფრასტუქტურა, ეს იქნებოდა ენერგეტიკის სფროში, იგივე ოქროსა და სპილენძის საბადოები, იგივე ენგურჰესი, რუსეთზე სწორედ მისი და მისი პარტიის მმართველობის დროს გასხვისდა.“
ირაკლი ალასანია, თავდაცვის მინისტრი

თებერვალში თბილისში პირველი ფილიალი გახსნა აზერბაიჯანულმა „პაშა ბანკმა“. ეს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკ-საქართველოსა“ და „კავკასიის განვითარების ბანკის“ თბილისის ფილიალის შემდეგ, მესამე მსხვილი აზერბაიჯანული ბანკია, რომელიც საქართველოს ბაზარზე შემოვიდა.

რაც შეეხება „ქართუსა“ და „პროგრეს ბანკს“ ისინი პრემიერ ბიძინა ივანიშვილისა და ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის საკუთრებას წარმოადგენენ. თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ პრეზიდენტ სააკაშვილის ბრალდებას ასე უპასუხა:

„არ ვიცი, რაზე საუბრობდა საქართველოს პრეზიდენტი, მაგრამ მე რაც მახსენდება არის ის, რომ ძალიან ბევრი სტრატეგიული ინფრასტუქტურა, ეს იქნებოდა ენერგეტიკის სფროში, იგივე ოქროსა და სპილენძის საბადოები, იგივე ენგურჰესი, რუსეთზე სწორედ მისი და მისი პარტიის მმართველობის დროს გასხვისდა.“

დღეისათვის, ქართულ ბაზარზე რუსული კაპიტალის მონაწილეობით ერთადერთი ბანკია - VTB Bank Georgia. ყოფილი „გაერთიანებული ქართული ბანკი“, რუსულმა Vneshtorgbank-მა 2005 წელს, ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ მოსვლის შემდეგ შეიძინა.

მაშინ საკონტროლო პაკეტის ყიდვა უმაღლეს დონეზე შეთანხმდა. Vneshtorgbank-ის პრეზიდენტი ანდრეი კოსტინი აშინ თბილისში ჩამოფრინდა და პრეზიდენტ სააკაშვილს პირისპირ შეხვდა. Vneshtorgbank (2006 წლიდან VTB Bank -ზ.წ ) რუსეთის სიდიდით მეორე ბანკია და მისი აქციების 75 პროცენტს რუსეთის სახელმწიფო ფლობს.

2005 წელს, რუსულ-ქართულ საბანკო მოლაპარაკებებში აქტიურად მონაწილეობდა, პეტერბურგში მცხოვრები ქართული ფესვების მქონე მილიონერი, კრიმინალური წარსულის მქონე ფსიქიატრი შოთა ბოთერაშვილი. მოგვიანებით მასზე რუსეთშიც და საქართველოშიც ძებნა გამოცხადდა.

P.S დღის ბოლოს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა განცხადება, რომ, „არ ფლობს ინფორმაციას გუშინ ტელევიზიით დასახელებულ კომერციულ ბანკებს შორის წილის შესაძლო გასხვისებასთან დაკავშირებით.“

XS
SM
MD
LG