ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დამარცხებული იუბილარი


დამარცხებული ნაციონალური მოძრაობა ვარდების რევოლუციის იუბილეს სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღარ აღნიშნავს

ვარდების რევოლუციიდან, 2003 წლის 23 ნოემბრიდან 9 წელი გავიდა . პირველად წელს საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებული ნაციონალური მოძრაობა ვარდების რევოლუციის იუბილეს სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღარ აღნიშნავს. გასულ წელს 23 ნოემბერს თბილისში განახლებული აღმაშენებლის გამზირის პრეზენტაცია გაიმართა, რიყეზე გაიხსნა რონალდ რეიგანის ძეგლი.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი გაბაშვილი იუბილესთან დაკავშირებით აცხადებს:

” ეს მთავრობა მთელი ძალით და სულისკვეთებით ეწინააღმდეგება ყველა იმ მონაპოვარს, რომელიც არის ვარდების რევოლუციის მონაპოვარი. ჩვენ, რა თქმა უნდა, აღვნიშნავთ ამ დღეს. მითუმეტეს დღეს გიორგობაა. რა თქმა უნდა აღვნიშნავთ ვარდების რევოლუციის დღესაც, მაგრამ სახელმწიფო დონეზე ეს აღნიშნვა არ მოხდება ახალი მთავრობის ხელში, ახალი მთავრობის სურვილია პირიქით ყველაფერი უკან შეაბრუნოს, რაც ვარდების რევოლუციამ მოიტანა”.

ცხადია, კონსტიტუციით ”ნაციონალურ მოძრაობას” როგორც პარტიას აქვს უფლება აღნიშნოს ნებისმიერი დღესასწაული, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, სახალხო ზეიმად ვერ გადაიქცევა”, ამბობს პოლიტოლოგი დემურ გიორხელიძე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი თვლის, რომ აღსანიშნავი არაფერია:
პირველივე წელს, როცა აღინიშნა, ეს იყო არაგულრწფელი აღნიშვნა. იმიტომ რომ აღნიშნავდა მთავრობა და არ აღნიშნავდა ხალხი. ბუნებრივია, ამ დონეზე ახლა არ აღინიშნება, ეს ნორმალური და ბუნებრივია. რევოლუციის მეთაურმა უღალატა რევოლუციის პრინციპებს, ზუსტად ორ თვეში მოახდინა ხელისუფლების უზურპაცია და ფაქტობრივად ვარდების რევოლუციის შედეგები გააუქმა თვითონ ბატონმა სააკაშვილმა, ამიტომ რა უნდა აღვნიშნოთ კარგად არ ვიცი”.

”ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი ამბობს, რომ 9 წლის განმავლობაში გააკეთეს ძალიან ბევრი კარგი, გამოუვიდათ ძალიან ბევრი ცუდიც, რამაც საბოლოო ჯამში ამ შედეგამდე მიიყვანა. მაგრამ მისივე თქმით, მნიშვნელოვანია არა ის, დღეს როგორ შეფასდება ”ნაციონალური მოზრაობის” 9-წლიანი მოღვაწეობა, არამედ 10 წლის შემდეგ როგორ შეფასდება 23 ნოემბერი:

” ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ისტორიაში ეს ეპოქა შეფასებული იქნება ძალიან დადებითად. გავა დრო, ხალხს დაავიწყდება ნეგატიური, დარჩება პოზიტიური, ისტორია ასეთია. რაც ყველაზე მთავარია, შემიძლია ვთქვა, ის ძეგლები, ის მშენებლობა, ის რეზულტატები, რომელიც ამ 9 წელმა მოიტანა, საქართველოს ისტორიაში დარჩება როგორც ძალიან დადებითი მონაპოვარი. პირველი, ქართული საზოგადოება შეიცვალა, ის წავიდა ძალიან წინ, პირდაპირ ვაღიაროთ, გახდა უფრო დემოკრატიული, უფრო თავისუფალი. ქართველმა ხალხმა იგემა თავისუფლების გემო, იგემა , რომ მას შუძლია ქრთამი არ გადაიხადოს, იგემა, რომ პოლიციელი აღარ არის მისი მტერი, რომ პოლიციელი არის მისი მეგობარი. მან იგემა, რომ შეუძლია არ დაკეტოს მანქანა და არ შეეშინდება, რომ მანქანას მოპარავენ”.

დამთავრდა თუ არა ნაციონალური მოძრაობის ეპოქა 1 ოქტომბერს, იუბილემდე 2 თვით ადრე? ექსპერტი ზურაბ ბენდიანიშვილი თვლის, რომ დამთავრდა:
” მე ვფიქრობ, რომ როგორც პოლიტიკური ძალა ”ნაციონალური მოძრაობა” რა თქმა უნდა დასრულდა. თუმცა, მათი საქმიანობის აქტივში შეიძლება ჩაითვალოს ბიუჯეტის ზრდა, მოწესრიგებული სახელმწიფო სტრუქტურები"..

”ამერიკის ხმა”: სწორედ ბიუჯეტთან დაკავშირებით აქვს ძალიან ბევრი შეკითხვა ადამიანებს. ბიუჯეტის ზრდა როგორ აისახა მოსახლეობის ცხოვრებაზე? ოფიციალური მონაცემებით 2 მლნ. მოქალაქე ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა..

ნაციონალური მოძრაობის 9 წლიან პერიოდში იყო ორი ეტაპი. 2007 – 2006 წლამდე, როდესაც ისინი მიყვებოდნენ იმ ხაზს, რომელიც იყო საზოგადოების განწყობიდან და შეკვეთიდან გამომდინარე, ანუ სოციალური პოლიტიკა, ბიზნესი შედარებით თავისუფალი იყო, მედია მრავალფეროვანი, საზოგადოებრივი განვითარება უფრო სწრაფად და კარგად ხდებოდა. მაგრამ როგორც კი განიმტკიცეს მათ ხელისუფლება, შევიდნენ პრაქტიკულად ყველა სფეროში დაწყებული ბიზნესიდან დამთავრებული მედიით, უკვე ამბიციები გაუჩნდათ. აქედან წამოვიდა მერე უკანონო დაჭერები, წართმეული ბიზნესები, ბიუჯეტის როგორც საკუთარი ჯიბის გამოყენება, ისეთი ობიექტების აშენება, რომელიც არაადეკვატური იყო იმ რეალობისა რაც იყო. თუმცა, ყველა რა თქმა უნდა ასეთი არ იყო, ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვნად მიმაჩნია”.

ექსპერტ კახა კახიშვილის თქმით საქართველოში დღეს ყველა მიმართულებით ხორციელდება საბოტაჟი:
” საპრეზიდენტო არჩევნებში 2008 წელს სააკაშვილმა 5-წლიანი ვადა მიიღო, მაგრამ შემდეგ ცვლილება შეიტანა და ვადა 11 თვით გაიხანგრძლივა. სააკაშვილს ძალიან დიდი ბერკეტები გააჩნია, მაგრამ მან ამ ბერკეტების გამოყენება არ უნდა შეეძლოს და მისი უზურპირებული ვადა ოქტომბრამდე მიიყვანოს. საქართველოში საბოტაჟი ყველა მიმართულებით ხორციელდება, არის დესტაბილიზაციის ფორმები და ეს ყველაფერი აუცილებლად საყურადღებოა : 1 ოქტომბრამდე ელექტროენერგია უპრობლემოდ მოგვეწოდებოდა, მაგრამ არჩევნების შემდეგ პრობლემები დაიწყო. ასევე შეზღუდვებია წყალზე, მოსალოდნელია შეზღუდვა გაზზეც დაიწყოს”.
XS
SM
MD
LG