ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უმცირესობის და უმრავლესობის ურთიერთბრალდებები


შსს ცნობით ხულიგნობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარებს

გუშინ, 8 თებერვალს თბილისში ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომლის დროს თბილისის მერს და ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე დეპუტატს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, სამართალდამცავებმა სამი ადამიანი დააკავეს. მათ ბრალი ხულიგნობის მუხლით წაუწენეს. შსს ცნობით ხულიგნობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება:
”გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულები არიან მოქალაქეები მელორ ვაჩნაძე და მიშა მესხი. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, შედეგებს დამატებით გაცნობებთ”.
ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი გიორგი თარგამაძე პასუხისმგებლობას ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარ დაპირისპირებაზე ორივე მხარეს, ახალ მთავრობას და საპარლამენტო უმცირესობას აკისრებს:
” რა თქმა უნდა პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერც საპარლამენტო უმრავლესობა, რომელმაც ჩემთვის სრულიად გაუგებარი გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტში სააკაშვილის არმიღებასთან დაკავშირებით. თუ კი შენ აღარ აღიარებ მას როგორც პრეზიდენტს, მაშინ მიიღე შესაბამისი სამართლებრივი პოლიტიკური გადაწყვეტილებები. შენ ამას არ აკეთებ და უშვებ ამას ყველაფერს ქუჩაში, ეს ნიშნავს, რომ ძლივს პარლამენტში შესული პოლიტიკა კვლავ გამოდის ქუჩაში. ამ შემთხვევაში ვიღებთ იმას, რაც გუშინ ვნახე”.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი მომხდარი არეულობის ”დამკვეთის” დასჯას მოითხოვს:
”ჩვენ ვითანამშრომლებთ გამოძიებასთან იმისათვის, რომ დავადგინოთ დამკვეთი, ვიღაც უნდა დაისაჯოს ამისათვის”.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი გუშინდელი ინციდენტის ორგანიზებაში უფლებადამცველ ნანა კაკაბაძეს ადანაშაულებს და მის დაკავებას მოითხოვს:
”გუშინდელი მოვლენების მთავარი ორგანიზატორი ნანა კაკაბაძე არავის არ დაუჭერია და გარეთ არის. ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” თვლის, რომ სწორედ ნანა კაკაბაძე უნდა იყოს პასუხისგებაში მიცემული. ეს გახლავთ ქალბატონი, რომელმაც 1992 წელს მიიღო მომაწილეობა მსგავს ამნისტიაში, გარეთ გამოუშვეს კრიმინალები. ის იყო ჯაბას (ჯაბა იოსელიანის) მარჯვენა ხელი. მათ მოახერხეს საქართველოში ”მხედრიონის” ჩამოყალიბება და საქართველოს მიწასთან გასწორება. დღეს არის იგივეს მცდელობა, ეს არის ქალბატონი, რომელიც მონაწილეობდა ციხის ბუნტის ორგანიზებაში, ეს არის ადამიანი, რომელმაც მას შემდეგ, რაც გამოვიდნენ გარეთ ე.წ. პოლიტპატიმრები საგრძნობლად გაზარდა თავისი ბინების რიცხვი, ვაკეში და ბათუმში. 5 ოთახიანი ბინა იყიდა ვაკეში და თავის შვილზე გადააფორმა. მისი საქმიანობის ეს მხარეც უნდა იქნას გამოძიების საფუძველი და რაც მთავარია, ის უნდა დაიჭირონ გუშინდელი დარბევის ორგანიზებისთვის”.
თბილისის საკრებულოს ფრაქციის ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ზაზა გაბუნია გუშინდელ ფაქტზე ამბობს, რომ დედაქალაქის მერი გიგი უგულავა უპასუხისმგებლოდ მოიქცა:
”ჩვენ აქამდე ვიცნობდით გიგი უგულავას როგორც უპასუხისმგებლო დედაქალაქის მერს, რომელიც იყო უპასუხისმგებლო ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესების მიმართ . გუშინ ჩვენ ვნახეთ უპასუხისმგებლო დედაქალაქის მერი, რომელიც ამჯერად მოგვევლინა პროვოკაციისთვის ორგანიზებული ჯგუფის ლიდერად. მაშინ , როდესდაც პოლიციას ჰქონდა ყველა წინაპირობა, ყველა გეგმა შემუშავებული საიმისოდ, რომ აცილებული ყოფილიყო თავიდან საფრთხე და მომხდარიყო საფრთხის ნეიტრალიზაცია, გიგი უგულავამ მის მიერ ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად გააკეთა ყველაფერი, რომ მომხდარიყო სიტუაციის ესკალაცია, რაც მას გამოუვიდა კიდეც , რაც არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე”.
პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი 7 ნოემბრის და 26 მაისს მოვლენებს იხსენებს:
”გასაკვირია ის შეშფოთება და აღშფოთება, რომელსაც გამოთქვავენ ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ყოფილი უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე , ახლა ის უკვე საშიშრობის საბჭოს მდივანი გახლავთ, თუნდაც ქალაქის მერი, რომელთაც ასეთი შემართებით საკუთარ ბიოგრაფიაში ჩაწერეს 2007 წლის 7 ნოემბერი, 2011 წლის 26 მაისი. მაშინ ამის მეათედი უკმაყოფილება არ გამოუთქვავთ ძალადობის მიმართ, რომელიც მათ ჩაიდინეს”.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით ამბობს:
”ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი მივიდა გუშინ იმ აქციაზე და პირობა დასდო, რომ იქნება გამოძიებული სრულყოფილად ყველაფერი, რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ. ამან გარკვეულწილად განმუხტა იქ სიტუაცია, მაგრამ მომავალში ჩვენ უნდა ვიცოდეთ, სადაც მიდიან ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, ძირითადად ყველგან ხდება ასეთი ტიპის ექსცესები. ამიტომ ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ აგვეკიდა ვალდებულება საქართველოს პრეზიდენტის სააკაშვილის უსაფრთხოებისა და პოლიტიკური უფლებების დაცვის. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლების უსაფრთხოებისა და მათი პოლიტიკური უფლებების. ეს არის ისეთი ტვირთი და ისეთი მოვალეობა, რომელიც ჩვენ უნდა შევასრულოთ, სხვა ვერავინ ვერ შეასრულებს. ამიტომ ნებისმიერი გადაადგილება ჩვენი პოლიტიკური ოპონენტებისა უნდა იყოს განსაკუთრებულ აღრიცხვაზე და მუდმივად უნდა ტარდებოდეს პრევენციული ღონისძიებები”.
XS
SM
MD
LG