ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლიტიკური კომპრომისების ინსტიტუტი


ამოქმედდა თუ არა საქართველოში პოლიტიკური კომპრომისების ინსტიტუტი

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება არ ნიშნავს, რომ უმცირესობის და უმრავლესობის პოზიციები სხვა საკითხებშიც დაახლოვდა:
"ბუნებრივია, რჩება განსხვავებული შეხედულებები, იქნება სერიოზული კამათი, მაგრამ გუშინ დაფიქსირდა ერთი რამ, რომ საკითხში, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის პრინციპულად მიგვაჩნია, ჩვენ ერთმანეთისკენ ნაბიჯის გადადგმა შევძელით და შევძელით გადაწყვეტილების მიღება, რომელიც საზოგადოებაში ღელვას შეამცირებს.”

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი იგივე პროექტის ინიცირებას გეგმავდა:

”თუ ეს ჩავარდებოდა, მქონდა მომზადებული ზუსტად იგივე ცვლილება რაღაც იურიდიული ნიუანსებით. ასე რომ, ეს სცენარიც გვქონდა მომზადებული, თუ ცვლილებების მიღება ჩავარდებოდა.”

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, პარლამენტს რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არ დაემტკიცებინა, შესაძლოა საკითხის გადაწყვეტაში მოსახლეობა ჩარეულიყო:

”იყო საფრთხე, რომ პარლამენტს ვერ მიეღო გადაწყვეტილება და მაშინ დიდი ალბათობით საკითხის მოგვარებაში შეიძლებოდა ჩართულიყო უკვე საქართველოს მოსახლეობა, რაც იქნებოდა ყველაზე ნაკლებად სასურველი შედეგი საპარლამენტო უშედეგობისა. საბედნიეროდ ეს საფრთხე აცილებული იქნა. ვფიქრობ, რომ აცილებული იქნა ყველაზე ზომიერი და გონიერი ნაბიჯით პარლამენტის უმრავლესობისა. ცხადია, პოზიციები, რასაც აფიქსირებდნენ უმცირესობის წევრები რბილად რომ ვთქვათ, საკამათო იყო, თუმცა ასეთი თავგანწირვა მიგვანიშნებდა იმაზე, რომ ძალიან მკაცრი იყო ის საშინაო დავალება, რომლის შესრულება მათ უწევდათ საჯაროდ.”

ნიშნავს თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება რეალურად კოჰაბიტაციის განხორციელებას? მონარქისტული მოძრაობის ”სამეფო გვირგვინის” მეურვე ია ბაგრატიონ-მუხრანელი ამბობს:

”ძალიან კარგია, რომ მშვიდობიანად დამთავრდა. მაგრამ მე პიროვნულად ვუარვყოფ ამ ”შემოგდებულ” ტერმინს. კოჰაბიტაცია ქართულად ნიშნავს მოლაპარაკებას და ურთიერთგაგებას. ვთვლი, რომ ნაციონალური მოძრაობა არავითარი ნაციონალური და ეროვნული მოძრაობა არ არის, მიითვისეს ეროვნული ლოზუნგები, ეროვნული მრწამსი, რომელიც ყველა დიდ მხედართმთავარს, მეფეს თუ ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებს ახასიათებდა. ერზე, ქვეყნის გამთლიანებაზე კი არ ზრუნავდნენ, არამედ საკუთარი საქმეების მოგვარებაზე,ფიქრობდნენ საკუთარ კეთილდღეობაზე.”

”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის ნინო ბურჯანაძის თქმით ”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა პასუხი უნდა გასცენ არსებულ კითხვებზე :

”ძალიან საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა მსოფლიო მედიის საშუალებით, რომ კოჰაბიტაციის სამშობლოში, კლასიკური კოჰაბიტაციის ქვეყანაში ყოფილ პრეზიდენტ სარკოზის სასამართლომ წარუდგინა ძალიან კონკრეტული ბრალდებები. მაინტერესებს, ეს ქართული სტანდარტებით პოლიტიკური დევნაა?! კითხვები, რომელიც არსებობს პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელების მიმართ, ნაციონალური მოძრაობა მყავს მხედველობაში, უნდა დაისვას და ამ კითხვებზე პასუხები უნდა გაიცეს.”

”თავისუფალი საქართველოს” ლიდერის კახა კუკავას თქმით, ორ პოლიტიკურ ძალას შორის ადგილი აქვს მოჩვენებით დაპირისპირებას:
”ადმინისტრაციულ ორგანოებში ჩვენ ვხედავთ, რომ საბითუმო გადასვლას აქვს ადგილი საკრებულოების დონეზე. ნაციონალური მოძრაობის ფრაქციებმა დაირქვეს ფრაქცია ქართული ოცნება, არც კი მომხდარა იქ დეპუტატების გადანაცვლება ერთი ფრაქციიდან მეორე ფრაქციაში. ალბათ, ერთადერთი სფერო, სადაც კოჰაბიტაციის საჭიროება არსებობს არის ტელეეთერი, სადაც ამ ორ პოლიტიკურ ძალას შორის მოჩვენებითი დაპირისპირება მიმდინარეობს. პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე ეკისრება ხელისუფლებას, იმიტომ რომ საზოგადოება ხელისუფლებისგან ელოდა სამართლიანობის აღდგენას. სრულიად აშკარაა, რომ სამართლიანობა არ აღდგება, მიმდინარეობს სამართლიანობის აღდგენა მხოლოდ ”ქართუ” ბანკისთვის და მხოლოდ ”ელიტა ბურჯისათვის.” ჩვენ სრულიად აშკარად ვხედავთ, რომ თუ 2012 წელს ”ქართუ” ბანკისთვის არ მიგიყენებია ზიანი, სხვა ყველა ნაციონალური მოძრაობის მთელი ოლიგარქია აგრძელებს შეუფერხებლად თავის საქმიანობას. აქედან გამომდინარე საზოგადოებას აქვს სამართლიანი პრეტენზიები ხელისუფლებასთან, სად არის დაპირებული სამართლიანობის აღდგენა.თავი დავანებოთ დამნაშავეების დასჯას, სად არის ელემენტარულად უსამართლოდ დასჯილების რეაბილიტაცია? როდესაც ადამიანებს ჩამოართვეს ქონება, დაუნგრიეს საკუთარი სახლები. დღევანდელი ხელისუფლება რატომ არის დამანგრევლების და რეკეტიორების მხარეს და არა დაზარალებულების მხარეს, რომლებმაც #41 მაისურები ჩაიცვეს წინასაარჩევნო კამპანიის დროს.”

თუ როგორ განვითარდება საქართველოში პროცესები, ამის შესახებ პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი ამბობს:

”რა თქმა უნდა, იქნება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სწორედ ის, რომ ქვეყანაში მოქმედებს პოლიტიკური კომპრომისების ინსტიტუტი. კომპრომისებს ჩვენ უნდა შევეჩვიოთ, იმიტომ რომ აქამდე ეს საზოგადოებაში არ ხდებოდა”.
XS
SM
MD
LG