ქართველები და ოსები ჰოლანდიის დედაქალაქში გაეროსა და ევროკავშირის მხარდაჭერით ერთობლივ საინფორმაციო სივრცეს შექმნიან. ამსტერდამში ქართულ-ოსური სამოქალაქო ფორუმი გაიმართა, სადაც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ჰოლანდიელ პარტნიორებთან ერთად ერთობლივი საინფორმაციო სივრცის შექმნაზე შეთახმდნენ. პროექტის თანახმად, ქართული მხრიდან გაგზავნილ ინფორმაციას ოსური მხარე გაზეთის მეშვეობით გაავრცელებს მოსახლეობაში. უფრო დეტალურად აღნიშნული პროგრამის შესახებ ქართული დელეგაციის ხელმძრვანელი, კოალიცია ”დევნილთა უფლებებისთვის” პრეზიდენტი ზურაბ ბენდიანიშვილი გვესაუბრება:
“ასეთი საქმიანობის საჭიროება წამოვიდა იქედან, რომ განსაკუთრებით 2008 წლის ომის შემდეგ საინფორმაციო ნაკადი ერთ და მეორე მხარესაც არის ან პროვოკაციული ან აგრესიული,რაც ნამდვილად არ უწყობს ხელს პოზიტიური განწყობების შექმნას მხარეებს შორის. ჩვენი მიზანი იყო, რომ სწორედ პოზიტიური საინფორმაციო სივრცე შეგვექმნა, გაგვეშუქებინა ისეთი ასპექტები, რომელიც არ ბადებს აგრესიას, არ არის მწვავე პოლიტიკური თემები. ორივე მხარიდან ჩვენ წარმოვადგენთ საზოგადოებებს, ჩვენი სიხარულებით, ტკივილებით, ჩვენი კულტურით.. აქედან გამომდინარე აიგო ეს პროექტი.
მეორე ამ პროექტში ჩადებულია ის, რომ 25 ათასი ახალი დევნილია, რომელთაც უკვე ხელი არ მიუწვდებათ სოფლამდე, საფლავებამდე.. ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს კონკრეტული დევნილისთვის ვთხოვოთ ოსურ მხარეს იქ სასაფლაო გადაიღოს ვიდეოთი, ასახოს ყველაფერი და გზავნილი აქ გამოგზავნოს თვითოეულ ადამიანთან დაკავშირებით. ძალიან ბევრ ადამიანს სურს სააღდგომოთ სასაფლაოზე ჩასვლა, ჩვენ შეგვიძლია ამ საკითხის აქტუალიზაცია გამოვიწვიოთ, დავაყენოთ ეს საკითხი , შესაბამის სტრუქტურებს მივმართოთ. ისედაც ცნობილია, რომ ძალიან ბევრ ადამიანს სურს სააღდგომოდ სასაფლაოზე ჩასვლა.. როგორც ვიცი ცხინვალში ამის შესაძლებლობა თითქოს განიხილებოდა, თუმცა ეჭვი მეპარება , იმიტომ რომ ისინიც თვითონ მარტო არ წყვეტენ, იქ მთავარი გადამწყეტი ძალა რუსეთის სამხედრო ძალაა, რუსეთის სამხედრო ძალები.. და მეორე, ძალიან დიდი რაოდენობაა ხალხის და შეიძლება ამ ეტაპზე უკონტროლობის შეეშინდეთ და არ შეუშვან. მაგრამ ჩვენ გაუწევთ ადამიანებს პატარა დახმარებას იმ კუთხით, რომ ნახავენ, რომ მათი საფლავები არ არის დაზიანებული ან თუ დაზიანებულია, ამასაც ოსურ მხარეს შევატყობინებთ...”.
უახლოეს მომავალში, კერძოდ სავარაუდოდ მაისში სტამბოლში ქართველი და ოსი ყოფილი მეომრების შეხვედრა გაიმართება.