ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო ნატოს გარეშე შესაძლოა ვერ გადარჩეს


დავით უსუფაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებით, ნატოს გარეშე საქართველო შესაძლოა რუკიდან გაქრეს

დავით უსუფაშვილის თქმით, ნატოს -ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის- გარეშე, საქართველო შესაძლოა მსოფლიო რუკიდან ისევ გაქრეს და ეს შეიძლება მალე მოხდეს. აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს, ვილნიუსში მიმდინარე ევროკავშირის პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე, აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნების საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის სესიაზე გააკეთა.

„2008 წელს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მიერ განხორციელებული ინტერვენცია არ აღმოჩნდა საკმარისი გაკვეთილი ევროპისთვის... სამწუხაროდ ჩვენ ვნახეთ, რომ 2008 წელს საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ რუსეთის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდა“ - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. მისი თქმით, ევროკავშირის ერთიანობა უკრაინის კრიზისის საკითხში ძალიან მნიშვნელოვანია და თუ რომელიმე ქვეყანა საერთაშორისო წესრიგის და სამართლის წინააღმდეგ გადადგამს ნაბიჯს, ის დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „2008 წლის აპრილში ნატოს სამიტზე წევრი ქვეყნები მივიდნენ კონსენსუსამდე, რომ საქართველო ალიანსის წევრი ქვეყანა გახდება, თუმცა არც მექანიზმებზე, არც ინსტრუმენტებსა და თარიღზე არ უსაუბრიათ“. სწორედ ამ გარემოებას მიიჩნევს დავით უსუფაშვილი რუსეთის მიერ 2008 წელს განხორციელებული სამხედრო აგრესიის ერთ-ერთ მიზნად. „დღეს კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ვართ. გვესმის, რომ თუ საქართველოს ნატოსკენ ნაბიჯს გადადგამს, ეს რუსეთის მხრიდან მორიგ აგრესიას გამოიწვევს. ჩვენ ვრისკავთ, სწორედ იმიტომ, რომ გვჭირდება პასუხი, რას მოვიმოქმედებთ, თუ საქართველოს რუსეთის მორიგი სამიზნე გახდება“ - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

დავით უსუფაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მიერ ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისადმი ერთგულება. „საქართველო დაუახლოვდება ევროპას, გახდება ნატოს წევრი და დემოკრატიული ქვეყანა გახდება რუსეთიც. სწორედ ესაა პრობლემის გრძელვადიანი გადაჭრის გზა“ - განაცხადა მან.
XS
SM
MD
LG