ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართველმა ჟურნალისტებმა ტრეინინგები აშშ-ი გაიარეს


ქართველი ჟურნალისტები აშშ-ში

ჩიკაგო და ვაშინგტონი -ქართული ტელეარხების პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანები და პროდიუსერები მედიის განათლების ორკვირიან პროგრამაში მონაწილეობდნენ. პროგრამა ჩიკაგოს ლოიოლის უნივერსიტეტში თეორიულ სწავლებას და წამყვან ამერიკულ ტელეკომპანიებში ინტერვიუებზე მუშაობის გამოცდილების გაზიარებას მოიცავდა. ქართველი ჟურნალისტების ამერიკული სწავლება საქართველოში ამერიკის საელჩომ დააფინანსა. გაზაფხულზე ამ პროგრამით შეერთებულ შტატებში იმყოფებოდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის, „ტაბულისა“ და „კავკასიის“ წარმომადგენლები. აგვისტოს პროგრამა „რუსთავი 2-ის“, „იმედის“, „არტარეასა“ და „მაესტროს“ ჟურნალისტებსა და პროდიუსერებს დაეთმოთ. თეა თუაშვილი მოგვითხრობს.

ქართული პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანები და პროდიუსერები, რომელთაც ამ სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, ამერიკული მედიის მუშაობას ორი კვირის განმავლობაში ეცნობოდნენ. ამერიკა ის ქვეყანაა, სადაც საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ციფრული მაუწყებლობის სფეროში ყოველ საათში რაიმე სიახლე ხდება. ქართველი ჟურნალისტები ამბობენ, რომ ორკვირიანი კურსი საინტერესო, ინფორმატიული და საჭირო იყო.

ტელეკომპანია „იმედის“ პოლიტიკური თოქ-შოუ " რეაქციის" წამყვანმა ინგა გრიგოლიამ ამერიკაში მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთა:
ინგა გრიგოლია: „მიმუშავია პოსტ-საბჭოთა პროდუსერებთან, თუნდაც რუსული ტელეკომპანიების ძალიან ცნობილ პროდუსერებთან. ამ ვიზიტის ბოლოს უცებ აღმოვაჩინე რომ რუსები, რომლებზეც ამბობენ, რომ ძალიან განვითარებული ტელევიზიები აქვთ, ასეთი ტიპის ტრეინინგებზე გასწავლიან, როგორ მოიტყუო და შეფუთო პოლიტიკური ამბები ისე, რომ არ შეგატყონ, შენ რომ რაღაცას ფუთავ. ამერიკული გამოცდილება რადიკალურად საპირისპირო აღმოჩნდა: შეფუთვა კი არა, რეალობის რეალურად გადმოცემა და ძალიან დიდი დოზით სიმართლისკენ ბიძგი.“

ქართული ჟურნალისტებისთვის საინტერესო იყო, უხდებათ თუ არა ამერიკელ ჟურნალისტებს ჩინოვნიკებთან კომპრომისზე წასვლა, იმისთვის, რომ ისინი მათ გადაცემაში სტუმრად მივიდნენ.
ინგა გრიგოლია: „იმისთვის რომ სტუმარი გადაცემაში კონკრეტულ თემაზე სასაუბროდ მოვიდეს, შეიძლება, ვუთხრა: მოდი და რაღაცას არ გკითხავ. და გაკვეთილი ნომერი პირველი, რაც აქედან მიმაქვს - არასოდეს დატოვო არანაირი კითხვა დაუსმელი. როგორ ძალიანაც არ უნდა გინდოდეს ექსკლუზივი, არასოდეს არანაირი კომპრომისი.“

ქართული პოლიტიკური თოქ-შოუს ისტორია საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლიდან რამდენიმე წელში, სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი საქართველოს ტელევიზიის პარალელურად, ალტერნატიული ტელე-არხების გახსნით დაიწყო. არხებს შორის მძაფრ კონკურენციას თოქ-შოუებში დასმული უმწვავესი კითხვები და ოპოზიციონერი და რეფორმატორი პოლიტიკოსების წარმოჩენა განაპირობებდა. ნოდარ მელაძეს, რომელიც ახლა „რუსთავი-2-ში“ მუშაობს, სხვადასხვა დროს „კავკასიაში“, პირველ არხზე, „ტვ 3-ში“, „იმედსა“ და "მზეში" უმუშავია. ასეთივე მდიდარი გამოცდილება აქვთ ქართული ტელევიზიების სხვა წამყვან ჟურნალისტებსა და პროდიუსერებსაც. საპასუხისმგებლო საქმეს, როგორ სატელევიზიო სლენგით ამბობენ, "ქუჩიდან მოყვანილი ადამიანი“ ვერ გაუძღვება. მაგრამ ნოდარ მელაძეს მიაჩნია, რომ საქართველოში სატელევიზიო პოლიტიკურ შოუებს ახალი სულის შთაბერვა სჭირდება.

ნოდარ მელაძე: „საუბარია ინტერვიუს ტექნიკისა და თოქ-შოუს მომზადების ამერიკული გამოცდილების გაზიარებაზე, რაც ქართველი ჟურნალისტებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ქართული შოუები საჭიროებენ ახალი სულის შთაბერვას. მნიშვნელოვანი იყო გამოცდილება, რომელიც ამერიკაში მივიღეთ. ჩიკაგოში შევხვდით გამოცდილ პროდიუსერებს, რომლებიც ახლა საგანმანათლებო სფეროში მოღვაწეობენ. მათ შორის იყვნენ ოპრა უინფრის ყოფილი პროდიუსერი , სი-ენ-ენის ყოფილი პროდიუსერი. ჯერ ჩვენ ვაწვდიდით ინფორმაციას, თუ როგორ ვამზადებდით გადაცემებს და შემდეგ უკვე ისინი გვაძლევდნენ რეკომენდაციებს და გვიზიარებდნენ გამოცდილებას.“

ქართულ ტელე-სივრცეში შედარებით ახალი ტელეარხი "არტარეას" გადაცემა "პოლიტარტის" გამოცდილი წამყვანი ნინო ჟიჟილაშვილი ამერიკული გამოცდილების გაზიარებას თავის გადაცემაში აპირებს. საუბარია სოციალური ქსელების უფრო მეტ ინტეგრაციაზე პოლიტიკურ შოუში, რაც დღევანდელი ამერიკული ტელემედიის მთავარი სეგმენტია.

ნინო ჟიჟილაშვილი: „მე პირადად დამაინტერესა თანამედროვე ამერიკული ტელევიზიების მთავარმა გამოწვევამ, სოციალურმა ქსელებმა. ჩვენ ქვეყანაში ეს მიმართულება ასე განვითარებული არ არის. ჩვენთან ტვიტერის, ინსტაგრამისა და სხვა სოციალური ქსელების შესაძლებლობები ნაკლებად არის ათვისებული. მათ კი შეუძლიათ ერთი-ორად გაზარდონ მაყურებელი. ჩვენ შევხვდით სოციალური ქსელების მენეჯერებს, წარმატებული პროექტების ავტორებს. ძალიან ხშირად სოციალური ქსელი პირდაპირ ნიუსრუმის დაქვებდებარებაში შედის და არ რჩება მხოლოდ ვებ-გვერდზე. მოკლედ რომ ვთქვა, ამაზე ძალიან ბევრს მუშაობს ჩვენი კოლეგა-სამყარო განვითარებულ ქევყანაში.“

ზაფხული ქართული სატელევიზიო პოლიტიკური თოქ-შოუების დასვენების დროა. პოლიტიკური ტემპერატურა სექტემბრის მეორე ნახევრიდან აიწევს. წინ 2016 წლის არჩევნებია.

XS
SM
MD
LG