ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს


GEORGIA SOUTH OSSETIA
GEORGIA SOUTH OSSETIA

ამ დროისთვის, ცნობილია 14 გარდაცვლილის შესახებ

ოფიციალური ცნობების თანახმად, საქართველო-რუსეთის დაღესტანის მონაკვეთის საზღვართან მიმდინარეობს ანტიტერორისტული სპეც-ოპერაცია. ამ დროისთვის, ცნობილია 14 გარდაცვლილის შესახებ, რომელთაგან სამი საქართველოს ძალოვანი უწყების თანამშრომელია, 11 კი საქართველოს სამართლებრივ სივრცეში უკანონოდ შემოჭრილი ჯგუფის წევრი. შსს-მ ლოპოტას ხეობაში გადაღებული ვიდეო მასალა გაავრცელა, რომელზეც ჩანს გარდაცვლილი ადამიანები და მათი საბრძოლო იარაღი.

ლოპოტას ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციის ძირითადი ფაზა დასრულებულია. შეიარაღებულ დივერსანტთა ჯგუფის 11 წევრის გვამი ნაპოვნია, მათი ნაწილი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან ჩრდილო კავკასიიდან. გარდაცვლილთა დაკრძალვა მოხდება მათი რელიგიური მრწამსის შესაბამისად. შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ შეიარაღებული ჯგუფის რამდენიმე დაჭრილი წევრი შეიძლება იმალებოდეს ხეობაში. დივერსანტთა ჯგუფი სავარაუდოდ ოცი შეიარაღებული პირისგან შედგება. პოლიცია აგრძელებს ძებნის ღონისძიებებს. ხეობაში მოსახლეობის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია. მათ არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ,“ - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში, რომელიც დღეს გავრცელდა.

გორში, სამხედრო ჰოსპიტალში საგანგებო მდგომარეობა 28 აგვისტოს ღამიდან გრძელდება. ჰოსპიტალში შესვლა შეზღუდულია, პერსონალიც საგანგებო რეჟიმში მუშაობს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, გორის სამხედრო ჰოსპიტალმა 11 გარდაცვლილი ადამიანი გუშინ მიიღო.

შემთხვევის ადგილიდან კახეთის საინფორმაციო ცენტრი და ტელეკომპანია მეცხრე არხი ადგილობრივების კომენტარებს ავრცელებს. ლაფანყურელები აცხდებენ, რომ ადგილობრივი ახალგაზრდები, რომლებიც შეიარაღებულმა დაჯგუფებამ, ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, მძევლებად აიყვანეს, ნორმალურ პირობებში იმყოფებოდნენ და მათ მხოლოდ საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩვენება მოსთხოვეს. დივერსიული ჯგუფის წევრები მათ საკვებითაც გაუმასპინძლდნენ და გამომშვიდობებისას, მადლიერების ნიშნად ფული და სამხედრო ფეხსაცმელი აჩუქეს. ლაფანყურელები იმასაც ამბობენ, რომ შეიარაღებული ჯგუფის ერთი წევრი ადგილობრივებს ქართულ ენაზე ესაუბრებოდა.

განცხადება ლიპოტას ხეობაში მიმდინარე მოვლენების თაობაზე უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამაც გააკეთა გუშინ საღამოს. მისი თქმით, შეიარაღებულმა ჯგუფმა მძევლებად ჯერ ადგილობრივები აიყვანეს, შემდეგ კი ისინი შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტორს წარმომადგენლებით ჩაანაცვლეს.

ექსპერტმა პაატა ზაქარეიშვილმა გუშინ საღამოს გაკეთბულ განცხადებაში აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციამ შესაძლოა შექმნილი ვითარება იმის საჩვენებლად გამოიყენოს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტები მომზადებას გადიან.

ლოპოტას ხეობაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადება საქართველოში ევროკავშირის მისიის წარმომადგენლობამაც გააკეთა. მათი თქმით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აკვირდება საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე მიმდინარე მოვლენებს.
XS
SM
MD
LG