ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ოცნების“ პირველი მძიმე არჩევნები


სურათზე: მმართველ კოალიციას საგარეჯოში გაუჭირდა

მმართველმა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“, ხელისუფლებაში მოსვლიდან სამი წლის თავზე, უმძიმესი შუალედური არჩევნები გადაიტანა საგარეჯოში, სადაც ძირითადი ოპოზიციური ძალები, არჩევნებში საერთოდ არ მონაწილეობდნენ. „ოცნების“ ერთადერთი კონკურენტი კი უკიდურესად მემარცხენე პოლიტიკური ჯგუფი - „პატრიოტთა ალიანსი“ იყო.

კოალიციის ინტერესებს საგარეჯოში ისევ, „რესპუბლიკური პარტია“ იცავდა. შუალედური არჩევნების საჭიროება ამ რაიონში მას შემდეგ დადგა, რაც პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, „რესპუბლიკელი“ თინა ხიდაშელი, მაისში თავდაცვის მინისტრად დაინიშნა.

„რესპუბლიკებმა“ ხიდაშელი ისევ ხიდაშელით ჩაანაცვლეს. თამარ ხიდაშელი 2008-2010 წლებში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ხელმძღვანელობდა. 2012 წლიდან კი ევროკავშირის პროექტის „სახალხო დამცველის აპარატის გაძლიერების“ ხელმძღვანელი იყო.

ხიდაშელის მეტოქე კი ირმა ინაშვილი გახლდათ. ყოფილი ჟურნალისტი, ტელეკომპანია „ობიექტივის“ ხელმძღვანელი, ციხის გახმაურებული კადრების სკანდალის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე, რომელმაც 2014 წლის თბილისის მერის არჩევნებში,5 პროცენტზე მეტი მიიღო.

31 ოქტომბერს გამართულ არჩევნებზე, წინასწარი შედეგებით, ხიდაშელმა ხმების 49,5 პროცენტი აიღო, ინაშვილმა კი 45,83 პროცენტი. ხიდაშელმა ინაშვილს მხოლოდ 559 ხმით მოუგო. ირმა ინაშვილმა არჩევნებს უკვე უწოდა გაყალბებული და საპროტესტო აქციებით იმუქრება:

„რესპუბლიკელები ვიდრე მოვიდოდნენ ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა აპროტესტებდნენ გამგებლების ჩარევას არჩევნებში, სპეცუბნების გახსნას და ა.შ. ფაქტია, რომ ამ 13-ე უბანზე მიბმულ სპეცუბანზე, ჯარისკაცების 570 ხმა სულ მათ წაიღეს. ხო, დაუჯერებელია, რომ ამ ჯარისკაცებიდან ნაწილს მაინც არ მოეცა ხმა ჩემთვის? მით უმეტეს, რომ მათ შორის იყო ძალიან ბევრი ბორჯომელი და დუშელი და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დარწმუნებული ვარ რომ ისინი მაინც მე მომცემდნენ ხმას. მაგრამ, ჩვენ ვნახეთ, რომ მთელის ეს ჯარის „ხმა“ წავიდა სახელისუფლებო კანდიდატის მიმართულებით.“

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ) მონაცემებით, საგარეჯოში სულ 46082 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, არჩევნებზე კი მხოლოდ 15867 მივიდა ანუ 34 პროცენტზე ოდნავ მეტი. 49 საარჩევნო უბნიდან: 26-ში ირმა ინაშვილმა გაიმარჯვა, 23 უბანი კი თამარ ხიდაშელმა მოიგო.

ყველაზე დიდი სხვაობა სწორედ უჯარმის მე-13 უბანზე დაფიქსირდა, რომელზეც მუხროვანის სამხედრო ნაწილის 50-ე სპეცუბანი იყო მიბმული. აქ 1000 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, მათ შორის 621 სპეციალური სიით. 573 ხმა ხიდაშელმა მიიღო,ინაშვილმა კი მხოლოდ 101.

სპეცუბნების გამოყენების პრაქტიკა შუალედურ არჩევნებზე გააკრიტიკა თამარ ხიდაშელის ყოფილმა ორგანიზაციამ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია). „არჩევნებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა ე.წ სპეცუბნებთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციების ხარვეზები. საია წლების განმავლობაში მოუწოდებდა ხელისუფლებას აღნიშნული საკითხის სათანადოდ რეგულირებისაკენ, რათა არ გაჩნდეს ეჭვები, ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის მიერ, განსაკუთრებული კატეგორიის მქონე პირების, ამ შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურეების, ხმებით შესაძლო მანიპულაციასთან დაკავშირებით.“ - ვკითხულობთ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში.

საია-მ ასევე აღნიშნა, რომ ისევე, როგორც ყველა წარსულ არჩევნებზე, „საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ახლაც შეინიშნებოდნენ უცხო პირები, რომლებიც აქტიურად აღრიცხავდნენ უბანზე მისულ ამომრჩევლებს, რაც წარმოადგენს ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე ირიბ კონტროლს. ხმის მიცემა კი დაბალი აქტივობით წარიმართა. მაღალი იყო როგორც ცენტრალური ასევე ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობის დონე წინასაარჩევნო პროცესებში და უშუალოდ არჩევნების დღეს“.

საგარეჯოს ყოფილმა მაჟორიტარმა, თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა,რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს თამარ ხიდაშელს, აღნიშნა, რომ ეს არჩევნები არის იმის გარანტი, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩვენები უფრო ღია და ობიექტური იყოს:

„ეს არჩევნები, ისევე როგორც ყველა არჩევნები, რომელიც ქართულმა ოცნებამ აქამდე ჩაატარა, არის მთავარი გარანტი იმისა, რომ 2016 წელს იქნება ყველაზე უფრო საჩვენებელი, მნიშვნელოვანი და მთავარი არჩევნები ქვეყანაში.“

შუალედური არჩევნების შედეგების შეფასებისას უფრო თვითკრიტიკული იყო პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილი, რომელმაც ბრძანა, რომ „2016 წლის საპარლამენტო არჩვენებზე კოალიციის სუბიექტებს, ცალ-ცალკე, განსაკუთრებული წარმატების ილუზია არ უნდა ჰქონდეთ.“

გარდა საგარეჯოსი პარლამენტის შუალედური არჩევნები ასევე გაიმართა მარტვილში, სადაც ასევე „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა.

ძირითადმა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა შუალედურ არჩევნებს ბოიკოტი მას შემდეგ გამოუცხადეს, რაც მმართველმა კოალიციამ, დაპირების მიუხედავად, არ გაატარა "ფართომასშტაბიანი საარჩევნო რეფორმა" და წინა ხელისუფლების მსგავსად, მოირგო „ანტიდემოკრატიული საარჩევნო გარემო“.

XS
SM
MD
LG