ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს განუყოფელი ნაწილი - ლაზეთი


საქართველოს განუყოფელი ნაწილი - ლაზეთი
საქართველოს განუყოფელი ნაწილი - ლაზეთი

ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან დღეს კოლხური კულტურის საერთაშორისო ცენტრის დამფუძნებელი გიორგი ანდრიაძე, მომღერალ, ცნობილი თურქული ჯგუფის ”მარსისის” ვოკალისტი და დამფუძნებელი ,ეროვნებით ლაზი კორან ოზილდისი, და კომპოზიტორი ბ-ნი ჭაბუკა ამირანაშვილი.

ცენტრი 2003 წლიდან აქტიურ მოღვაწეობას ეწევა ლაზური საზოგადოების ინტეგრირებისთვის ქართულ საზოგადოებაში, ასევე ლაზური კულტურის პოპულარიზაციისთვის საერთაშორისო არენაზე.

-ყოველი ჯგუფი, ყოველი მომღერალი, რომელიც პოპულარობით სარგებლობს როგორც ლაზებში, ასევე თურქეთის მოსახლეობაში, ჩვენი სასურველი სტუმრები არიან, ამბობს გიორგი ანდრიაძე:

” - ამ ფორმატში პირველად მოვიწვიეთ 2003 წელს ბაიარ შაჰინი და კაზიმი საქართველოში, მას შემდეგ მრავალი მომღერალი მოვიწვიეთ საქართველოში, ასევე ჩვენს მიერ შექმნილი ლაზური სიმღერები გავაცანით თურქეთის მოსახლეობას. ეს არის ახლად შექმნილი ჯგუფი ”მარსისი”, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჯგუფი სტამბულში მოღვაწეობს , კონცერტები აქვთ თურქეთის თითქმის ყველა დიდ ქალაქში. ჯგუფის სახელწოდებაა სუფთა ლაზური - ”მარსისი”, რაც ნიშნავს მთის პლატოს, ლაზეთშია ეს მთის პლატო... მათ რეპერტუარშიც ლაზური სიმღერებიც არის, არის მეგრული, ქართული სიმღერა. ასევე რეპერტუარის დიდ ნაწილს თურქულად მრერიან, მაგრამ რეპერტუარის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს ქართული, მეგრული, ლაზური სიმღერები.

ისტორიული ლაზეთი მდინარე ჭოროხიდან იწყება ქალაქ რიზეს რეგიონამდე და ცოტა უფრო შორსაც. ამ რეგიონს ერქვა ლაზეთი. მის აღმოსავლეთითაც ასევე ქართული რეგიონი იყო, ჭანეთი, რომელიც ტრაპიზონის საზღვრებს ცილდებოდა. რიზეს აღმოსავლეთით მდებარე რეგიონში სუფთა ლაზურად მოლაპარაკე 5 უზარმაზარი ქალაქია.

საერთაშორისო კვალიფიკაციით, ევროკავშირის, ევროსაბჭოს სტანდარტებით, ნორმებით, ეროვნული უმცირესობების შესახებ კანონმდებლობით ეს საზოგადოება არსებობს საერთაშორისო სივრცეში და დღითიდღე უფრო ხმამაღლა ამბობს თავის სათქმელს საკუთარი თვიმყოფადობის შენარჩუნების შესახებ და არა რაიმე სხვა დატვირთვით. მნიშვნელოვანია, რომ ქართულ სამყაროს, რომლის ისტორიული და განუყოფელი ნაწილი არიან ლაზები, უფრო და უფრო დიდი ადგილი დაეთმოს ჩვენი საზოგადოების ცხოვრებაში. ეს იქნება კულტურის სფერო, მუსიკა, მეცნიერებს, ისტორიოგრაფია, ეთნოგრაფია თუ სხვა”.

კომპოზიტორმა ჭაბუკა ამირანაშვილმა ლაზურ თემატიკაზე მუშაობა ასევე 2003 წლიდან დაიწყო: ”-უხვი მუშაობა გამოგვივიდა, იმ პერიოდში პირადად მე გავაკეთე ორი სიდი. ერთი იყო ჩემი სიმღერების კრებული, ერთი ლელა წურწუმიას გავუკეთეთ ლაზური სიმღერების კრებული. მაშინ ჩაიწერა ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერა - ლაზური ნანა”.

”-ჩვენი მისიაა ლაზური სიმღერის, ლაზური ენის გადარჩენა”- ამბობს ”მარსისის” ვოკალისტი, საქართველოზე შეყვარებული კორან ოზილდისი.

XS
SM
MD
LG