ბრიუსელში დღეს საქართველოს და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკება დაიწყო. ამ მიზნით იქ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ნიკა გილაური, იმყოფება.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის -ნინო კალანდაძის- განცხადებით ექსპერტების დონეზე პირველი სამუშაო შეხვედრა უკვე 2012 წლის იანვარში გაიმართება.
„ჩვენ მივესალმებით ამ ფაქტს, რადგან მას ეკონომიკური განვითარების მიმართულებით ძალიან დიდი წვლილი და გავლენა ექნება საქართველოს ბაზარზე“- განაცხადა ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ.
ევროკავშირის კომისარმა ვაჭრობის საკითხებში -კარელ დე გიუხტმა- ისაუბრა რა ორგანიზაციის გადაწყვეტილებაზე საქართველოსთან და მოლდოვასთან თავისუფალი ვაჭრობის დამყარების შესახებ, განაცხადა, რომ ევროკავშირს ამ ქვეყნებთან „სტაბილური და მყარი ახლო ეკონომიკური კავშირების ჩარჩოს“ ჩამოყალიბება სურს.