ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მორიგი სამთავრობო კარუსელი არჩევნებამდე 48 დღით ადრე


გვინდაძის ადგილზე ხეთაგური, ხეთაგურის ნაცვლად ბალავაძე

საპარლამენტო არჩევნებამდე 48 დღით ადრე, პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა მთავრობაში კიდევ ორი წევრი შეცვალა. ფინანსთა მინისტრის თანამდებობა დატოვა დიმიტრი გვინდაძემ, მის ნაცვლად ალექსანდრე ხეთაგური დაინიშნა, რომელიც თავის მხრივ, ენერგეტისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის სავარძელს შეელია.

ხეთაგურის ადგილი კი, სრულიად მოულოდნელად, მმართველი პარტიის ერთ-ერთმა აქტიურმა სახემ, პარლამენტარმა ვახტანგ ბალავაძემ დაიკავა. ბალავაძე ბოლო პერიოდში აქტიურად იყო ჩაბმული „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო აგიტაციაში და ამ მიზნით რეგიონებში მოგზაურობდა.

33 წლის დეპუტატი, რომელიც პროფესიით სამართალმცოდნე და მშენებელია, ბოლოს, პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკის, თვითთმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე იყო. ხეთაგურისა და ბალავაძის ახალ თანამდებობის წარდგენისას პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა კერძოდ აღნიშნა:

„დღეს საქართველოში არავის არ აწუხებს უდენობის პრობლემა და ეს ხეთაგურის დამსახურებაა. ამიტომ ჩემი გადაწყვეტილებაა, რომ ისეთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე, როგორიც ფინანსთა მინისტრია მინდა წარვადგინო სწორედ ხეთაგური, ხოლო მისი შემცვლელი იქნება ჩვენი ახალგაზრდა პარტიული ლიდერი ვარტანგ ბალავაძე და ეს დალაგებული სამინისტრო მას ჩავაბარო.

საქართველოში ენერგეტიკის გლობალური პრობლემები მოხსნილია, თუმცა რჩება ერთი პრობლემა - ჩვენ გვინდა სტაბილური, მაღალი ხარისხის ელექტროენერგია.“

ალექსანდრე ხეთაგური ბოლო ხუთი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა ენერგეტიკის სამინისტროს. სახელმწიფო პროგრამამ „განახლებადი ენერგია“ სწორედ ხეთაგურის მინისტრობის პერიოდში დაუდო სათავე რევოლუციურ ცვლილებებს ენერგეტიკის სფეროში.

განახლდა ან თავიდან დაიწყო ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში შეჩერებული ან დაწუნებული რამდენიმე ათეული ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობა. მთავრობის გათლებით, საბოლოო ჯამში, იაფი ელექტროენერგია საქართველოს მთავარ საექსპორტო პროდუქტად უნდა იქცეს.

დღეისათვის, საქართველო უკვე აწარმოებს ელეტროენერგიის ექსპორტს ოთხივე მეზობელ ქვეყანაში. ხაზგასასმელია, რომ მთელი ეს პროცესი ბუნების დამცველი ორგანიზაციების მწვავე კრიტიკის ფონზე მიმდინარეობს. ისინი ამტკიცებენ, რომ გაუთვლელი მშენებლობები საქართველოს ეკოსისტემას გამოუსწორებენ ზიანს მიაყენებს.

რაც შეეხება დიმიტრი გვინდაძეს, მან ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ერთი წელი იმუშავა. ისე კი, მინისტრის მოადგილის რანგში, 2005 წლიდან კურირებდა საგარეო დაფინანსების, სახელმწიფო ვალის, დონორებთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის საკითხებს.

ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ სამთავრობო ცვლილებები სწორედ დიმიტრი გვინდაძის გამო განხორციელდა, რომელმაც მათი ინფორმაციით, რამდენჯერმე დაწერა განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ. ამ თემაზე თავად გვინდაძე კომენტარს არ აკეთებს. ვიცე-სპიკერ ლევან ვეფხვაძეს კი ამ გადაადგილებების სერიოზულად შეფასება უჭირს.

ლევან ვეფხვაძე: „არჩევნებამდე თვენახევრით ადრე მთავრობაში რაიმე ტიპის ცვლილების სერიოზული შეფასება იქნება მართლაც არასერიოზული. იმიტომ, რომ მთავარი ეხლა არის არჩევნების შედეგად ახალი მთავრობის ფორმირება.“

პრემიერმა მერაბიშვილმა ჩანასახშივე უარყო ხმები, დიმიტრი გვინდაძესთან უთანხმოების შესახებ და განაცხადა, რომ რამდენიმე დღეში გვინდაძეს ახალ, ძალიან საინტერესო თანამდებობაზე წარადგენს.

„დიმა გვინდაძეს, რომლემაც ძალიან ბევრი საქმე გააკეთა, მას ჩვენ ძალიან სერიოზულ ახალ თანამდებობას ვუმზადებთ.“

მთავრობაში ბოლო მასშტაბური ცვლილებები სულ ახლახანს, ივლისის დასაწყისში განხორციელდა როცა პრემიერი ნიკა გილაურის ადგილი ვანო მერაბიშვილმა დაიკავა. ამის შემდეგ, რამდენიმე მინისტრმა სამინისტროები უბრალოდ გაცვალა, განახლებულ კაბინეტს კი მხოლოდ ერთი ახალი - დასაქმების სამინისტრო დაემატა.

დასაქმების მინისტრის პაატა ტრაპაიძეს შემდეგ, „ნაციონალების“ აქტიური პარტიული მუშაკი ვახტანგ ბალავაძე მერაბიშვილის მთავრობაში რიგით მეორე სიახლეა.

XS
SM
MD
LG