ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორი იქნება საარჩევნო წლის ბიუჯეტი საქართველოში


როგორი იქნება საარჩევნო წლის ბიუჯეტი საქართველოში
როგორი იქნება საარჩევნო წლის ბიუჯეტი საქართველოში

მმართველმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, უპრობლემოდ დაამტკიცა 2012 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომლის საერთო მოცულობა საბოლოოდ - 7 მილიარდ 940 მილიონი ლარით განისაზღვრა (იხილეთ http://www.mof.ge/budget/by_year). ბიუჯეტს 86 პარლამენტარმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი მხოლოდ სამი დეპუტატი იყო. აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის პირველ პროექტში, რომელიც პარლამენტში ოქტომბერში შევიდა, შემოსავლები - 6 მილიარდ 606 მილიონით, ხოლო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი - 5,5 პროცენტით იყო განსაზღვრული. საბოლოოდ, შემოსავლები 6 მილიარდ 839 მილიონამდე გაიზარდა, ხოლო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5 პროცენტამდე შემცირდა, რაც წლევანდელ მაჩვენებელზე 1 პროცენტით ნაკლებია. ახალი ბიუჯეტით, 19 სამინისტროდან 15-ს დაფინანსება გაეზარდა, ოთხს კი შეუმცირდა. მათ შორის, ფინანსთა სამინისტროს - 117 მილიონით, იძულებით გადაადგილებულ, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს - 6 მილიონი ლარით. ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ კერძოდ განაცხადა

„ხუთ პროცენტიანი რეალური ზრდა საშუალებას გვაძლევს, რომ ქვეყნის ეკონომიკა გაიზარდოს 2 მილიარდ 700 მილიონი ლარით. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ეს არის პირდაპირ კავშირში სიღარიბის დონის შემცირებასთან. ბიუჯეტის კრიტიკა არის უსაფუძვლო და ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ზოგიერთ კრიტიკოსს უბრალოდ არ წაუკითხვას ბიუჯეტი. ეს არის ძალიან დიდი და ვრცელი დოკუმენტი, ამის წაკითხვა 1 ან 2 საათში შეუძლებელია. ოპონენტებს ერთადერთი რჩევა შეიძლება დასხდნენ და წაიკითხონ, ეს ბიუჯეტი პასუხობს მათ ნებისმიერ კითხვას.“

ეკონომიკის ექსპერტთა ერთ-ერთი ძირითადი პრეტენზია სოციალურ ხარჯებს ეხება, რომლის წილი ბიუჯეტში 21 პროცენტია, მაშინ როცა ხელფასებსა და სოციალურ უზრუნველყოფაზე ბიუჯეტის 35 პროცენტზე მეტი მიდის. მომავალ წელს ხელფასებზე მილიარდ 113 მილიონი ლარი დაიხარჯება, სოციალურ უზრუნველყოფაზე - მილიარდ 691 მილიონი ლარი, ხოლო - პენსიებზე მილიარდ 72 მილიონი ლარია გაწერილი. 1 სექტებრიდან, ახალი საპენსიო პაკეტით, 67 წლამდე პენსიონერი 125 ლარს იღებს, ხოლო უფრო მეტი ასაკის პენსიონერი - 140 ლარს. ამის მიუხედავად, პენსია საარსებო მინიმუმის დონესაც კი ვერ აღწევს, რომელიც 156 ლარით არის განსაზღვრული. შესაბამისად, 2008 წლის საპრეზიდენტო დაპირება 100 დოლარიანი პენსიის შესახებ 2012 წელსაც დაპირებად რჩება. საარჩევნო წლის ბიუჯეტში ოპოზიციის განსაკუთრებულ შეშფოთებას მუხლი „სხვა ხარჯები“ იწვევს. თავდაპირველ პროექტში, ეს მუხლი 836 მილიონით იყო განსაზღვრული, საბოლოო კი თითქმის 140 მილიონი ლარით გაიზარდა და 974 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ბიუჯეტის მთლიანი ხარჯების 16 პროცენტზე მეტია. ფინანსთა ყოფილი მინისტრი დავით ონოფრიშვილი ამბობს

„ეს ბიუჯეტი პრაქტიკულად არის ხალხისგან დამალული ბიუჯეტი, აბსოლუტურად არაგამჭირვალე. ასეთი ბიუჯეტის შესრულებაზე ძნელია ელემენტარული თვალყურის დევნება არათუ მოსახლეობისთვის, არამედ პროფესიონალებისთვისაც. არადა ყველა გადამხდელს აქვს ამის უფლება, რადგან ბიუჯეტი არის მოსახლეობისგან გადასახადების სახით აკრეფილი თანხა. ვერავინ, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციები პრაქტიკულად ვერ შეძლებენ ასეთი დახურული ბიუჯეტის მონიტორინგს.“

2012 წელს ყველაზე დიდი ბიუჯეტი მილიარდ 772 მილიონი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექნება. ყველაზე მეტით - 162 მილიონი ლარით რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება გაიზარდა და 968 მილიონი ლარი შეადგინა. ამის მიუხედავად, გაურკვეველია მომავალ წლის გაზაფხულზე, მთავრობა რა სახსრებით აპირებს ახალი ქალაქის - ლაზიკას მშენებლობის დაწყებას (იხილეთhttp://www.voanews.com/georgian/news/new-town-Lazika-Goergia-135172648.html). ეს შეკითხვა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ დასვა

„პრეზიდენტმა სააკაშვილმა ახლახანს თქვა, რომ სახელმწიფოს ფულით 200 მილიონი ლარით უნდა დავაფინანსოთ ლაზიკას მშენებლობა. ამ ბიუჯეტში ეს თანხები არ დევს. ე.ი ბოლი გამოუშვა ალბათ პრეზიდენტმა. მერე გამოვიდა დეპუტატი წიკლაური და გვეუბნება, რომ ლაზიკისთვის თანხებს მოვიძიებთ, აგერ ლაზებს ჩავადებინებთ ამ ფულსო.“

2012 წლის ბიუჯეტში, ინფლაციის 6 პროცენტიანი დონეა გათვალისწინებული. თითქმის რვა მილიარდიან ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 6 მილიარდ 528 მილიონს შეადგენს; საშემოსავლო გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი 6 მილიარდ 300 მილიონია, ხოლო გრანტების მოცულობა 239 მილიონი ლარი. მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ საბიუჯეტო დეფიციტი 3,6 პროცენტით არის განსაზღვრული, ხოლო მშპ-ს მიმართ სახელმწიფო ვალის მოცულობა 38,3 პროცენტამდე უნდა შემცირდეს.

XS
SM
MD
LG