ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

19 წლის ნინო შათირიშვილი სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიო-ქიმიას სწავლობს. ამბობს, რომ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კალიფორნიის კამპუსი დინამიური ადგილია:

“აქ სწავლა არის უმაღლეს დონეზე. გვაქვს იმის საშუალება, რომ უშუალოდ ვიმუშაოთ ლაბორატორიებში. ამას გარდა არის ორგანიზაციები, სადაც შეგიძლია იმუშაო ქიმიის განხრით თუ სხვა პროფესიით, რაც ძალიან საინტერესოს ხდის ჩვენს ცხოვრებას.”

ნინოს უნივერსიტეტმა კალიფორნიის სანაპირო ქალაქში საქართველოს დღეებს უმასპინძლა.

უნივერსიტეტის დეკანი სტენლი მალოი ამბობს, რომ დროა კალიფორნიელებმა საქართველო გაიცნონ:

“ჩვენი გაცვლითი პროგრამებით სტუდენტებმა საქართველოს გაცნობა დაიწყეს, მაგრამ ადგილობრივებმა არ იციან საქართველოს კულტურის და მისი არაჩვეულებრივი ისტორიის შესახებ.”

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველი ამერიკული სასწავლებელია, რომელმაც საქართველოში ამერიკაში აკრედიტებული ბაკალავრიატის პროგრამების შეთავაზება დაიწყო.

გვაქვს იმის საშუალება, რომ უშუალოდ ვიმუშაოთ ლაბორატორიებში

სამ სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით, სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ქართველ სტუდენტებს ამერიკულ განათლებას ისეთ სფეროებში სთავაზობს, როგორიცაა ინჟინერია, ტექნოლოგიები, ქიმია და სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. პროექტი 140 მილიონი დოლარით “ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა” დააფინანსა.

“ეს არ არის მხოლოდ სწავლა წიგნებიდან, აქ სტუნდეტები ნასწავლს პრაქტიკაში ცდიან. სწავლის დამთავრებამდე ლოდინი არაა საჭირო იმისთვის, რომ ინჟნერიის სტუდენტებმა ააგონ თავიანთი გამოგონებები, კომპიუტერული ტექნოლოგიების სტუდნეტებმა კი პროგრამები შექმნან. ამ ყველაფერს სწავლის პარალელურად, ლაბორატორიებში აკეთებენ,” ამბობს მალოი “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში.

სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში ამჟამად 200 სტუდენტი სწავლობს, პროგრამის იზანია 5 წლის შემდეგ განათლებას, სულ მცირე, 1000 სტუდენტი იღებდეს.

“ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის მაგდა მაღრაძის თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში უნივერსიტეტების პარტნიორობა დადებითად იმოქმედებს საქართველოს განათლების სისტემის განვითარებაზე.

უცხოელ სტუდენტებს ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ ძალიან მაღალი ხარისხის საერთაშორისო პროგრამები, უნიკალური სტუდენტური ცხოვრება და უსაფრთხოება

“გარდა სასწავლო პროგრამისა ხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული განვითარების კომპონენტი, რომლის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება 2000 კვადრატზე მეტ ფართს. ის აღიჭურვება თანამედროვე ლაბორატორიებით, რომლის მსგავსიც სამხრეთ კავკასიის რეგიონში ჯერ-ჯერობით არ გვაქვს. ეს რესურსი მოხმარდება საქართველოში განათლების სისტემის განვითარებას,” ამბობს მაღრაძე.

საქართველოს დღეებზე ჩასული განათლების მინისტრის თქით, ამ პროგრამით ქართველი და უცხოელი სტუდენტები საქართველოში მსოფლიო კლასის განათლების მიღებას შეძლებენ. უცხოელ სტუდნეტებში, მინისტრი რუსულენოვან და არაბულენოვან სტუდენტებს გამოჰყოფს.

“საქართველო საბჭოთა დროსაც იყო და ახლაც არის უმაღლესი განათლების ერთ-ერთი მოწინავე პროვაიდერი. უცხოელ სტუდენტებს ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ ძალიან მაღალი ხარისხის საერთაშორისო პროგრამები, უნიკალური სტუდენტური ცხოვრება და უსაფრთხოება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველ პირობაა საქართველოში უცხოელი სტუდენტების შემოსვლისთვის.”

საქართველოს მთავრობასთან ათწლიან თანამშრომლობაზე საუბრობს “ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის” აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯონატან ნეში. მისი თქმით, ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების გრძელვადიანი მიზანი სიღარიბის შემცირება და ეკონომიკური ზრდაა, ამ მიზნის მისაღწევად საქართველოში ფონდმა ბოლოს განათლების პროგრამა დააფინანსა.

“ამ პროექტით ჩვენ ვეხმარებით საქართველოს მთავრობას სტუდენტები აღჭურვონ იმ ცოდნით და უნარებით, რაც მათ დასაქმების თანამედროვე ბაზარზე უპირატესობის მოპოვებაში დაეხმარება,” ამბობს ნეში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG