ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კორუფციის აღქმა საქართველოში


ადამიანების შეხედულებები და კორუფციის აღქმის ანალიზი ბერლინში დაფუძნებულმა საერთაშრისო ორგანიზაცია-„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ გამოაქვეყნა

მსოფლიო მასშტაბით ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ ნახევარზე მეტი რესპონდენტის აზრით, ბოლო ორი წლის განმავლობაში მექრთამეობის დონე საგრძნობლად გაზრდილია. 27-მა პროცენტმა განაცხადა, რომ ბოლო 12 თვის მანძილზე, ქრთამი გადაუხდიათ სხვადასხვა ოფიციალური პირებისათვის.

ბერლინში განლაგებული ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ შედგენილმა გამოკითხვამ-„2013 გლობალური კორუფციის ბარომეტრი“ ნათელჰყო, რომ ინსტიტუტები, რომლებიც მოწოდებით ხალხის დასაცავად ან მათი უფლებების წარმოსადგენადაა შექმნილი, მაგალითად პოლიცია ან სასამართლო, ყველაზე ნაკლებ ნდობას იმსახურებს მოსახლეობაში.
მექრთამეთა სიაში პოლიტიკური პარტიები ყველაზე მაღალ ადგილზეა. ამ სფეროში, 51 ქვეყნის წარმომადგენელი რესპონდენტი მას პირველ ადგილს ანიჭებს. 36 ქვეყანაში, ხალხის აზრით, პოლიციაა ყველაზე მოსყიდული დაწესებულება, ხოლო სხვა 20 ქვეყანაში სასამართლო იკავებს ამ ადგილს.
„გამჭვირვალობის“ წარმომადგენელმა მიუთითა სიღატაკესა და მექრთამეობის შორის კავშირზეც. ორგანიზაციის განცხადებით, ათი ყველაზე კორუმპირებული ქვეყნიდან რვა აფრიკაში მდებარეობს.

მიუხედავად იმისა, რომ ახლო აღმოსავლეთში მომხდარი 2011 წლის რევოლუციების სერია დიდწილად სახელმწიფო კორუფციის წინააღმდეგ იყო მიმართული გამოკითხვის მიხედვით, კორუფცია არაბულ ქვეყნებშიც გაუარესებულია. ისრაელში, იაპონიაში, სუდანში და სამხრეთ სუდანში რელიგიური პირები მექრთამეებად ითვლებიან.

გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ სახელმწიფოების მიერ კორუფციასთან ბრძოლა უფრო რთულად წარიმართა 2008 წელს მომხდარი გლობალური ფინანსური კრიზისის შედეგად.

„გამჭვირვალობის“ მკვლევართა ჯგუფი ამბობს, რომ მათი პროექტი „მსოფლიო კორუფციის ბარომეტრი 2013“ ამ თემისადმი მიძღვნილ ყველაზე დიდ გამოკითხვას წარმოადგენს მსოფლიოში. გამოკითხვაში 107 ქვეყნიდან 114, 000 ადამიანი მონაწილეობდა.

კვლევაში შესულია საქართ5ველოდან მიღებული მონაცემები, რაც შარშან სექტემბრის თვეში ჩატარებულ ინტერვიუებს ეყრდნობა. კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 4 პროცენტი ამბობს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში ქრთამი გადახდილი აქვს. საქართველოში ქრთამის გადახდის კოეფიციენტი, ისე როგორც ზოგადად კორუფციის აღქმა ერთერთ ყველაზე დაბალ დონეზეა მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით.

კითხვაზე თუ რომელ ინსტიტუტს მიიჩნევს მოსახლეობა ყველაზე კორუმპირებულად რესპონდენტების 51 პროცენტმა სასამართლო დაასახელა. გამოკითხულთა 42 პროცენტის აზრით მედია შემდეგ ადგილზეა, პარლამენტს კი კორუმპირებულად გამოკითხული მოსახლეობის 34 პროცენტი მიიჩნევს.

ყველაზე ნაკლბად კორუმპირებულ ინსტიტუტად საქართველოში რელიგიური ორგანიზაციები და არასამთავრობო ორგანიზაციები დასახელდა. პირველს რესპონდენტთა 81 პროცენტი ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულად აღიქვამს, არასამთავრობო სექტორს კი გამოკითხულთა 71 პროცენტი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა ამ გლობალური ბარომეტრის გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა, რომ კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, სასამართლო სისტემაში დაწყებული რეფორმები უნდა გაგრძელდეს და რომ საქართველოს ასევე ესაჭიროება პროკურატურის რეფორმირება.

კვლევაში მოყვანილია საქართველოს საჯარო სექორში განვითარებული რეფორმების ანალიზი, თუმცა აქ გაანალიზებულია საჯარო სექტორში არსებული გამოწვევები, კერძოდ ნეპოტიზმის პრობლემა. ამ კონტექსტში გამოკითხულთა 38 პროცენტი ამბობს, რომ პირადი კონტაქტები მნიშვნელოვან ფაკრად რჩება სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიედრთობაში და რომ ასეთი კონტაქტები მნიშვნელოვანია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ დაკვეთით ინტერვიუები შარშან სექტემბერში გამოკითხვებისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა- აიპიემმა ჩაატრა. დაიკითხა 1000 მოქალაქე.
XS
SM
MD
LG