ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

32-ე ბატალიონმა თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა დაასრულა


III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი GDRP-ის როტაციის დროს

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში 2018 წელს რიგით მე-2 როტაცია დასრულდა. გადამზადება შეიარაღებული ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონმა გაიარა, სწავლებამ სექტემბრის დასაწყისში აიღო სტარტი და 30 ნოემბრამდე გასტანა.

32-ე ქვეითმა ბატალიონმა დასკვნითი საველე წვრთნა ნორიოს სამხედრო ცენტრის ტერიტორიაზე გამართა. სწავლება სამ ლოკაციაზე განხორციელდა. ორი მათგანი მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მონაკვეთის პირობითი მოწინააღმდეგისგან გათავისუფლებას გულისხმობდა.

წვრთნა ნორიოში
წვრთნა ნორიოში

მე-3 ქვეითი ბრიგადის ბატალიონის ჯარისკაცებმა ოპერაციის რაიონში ტაქტიკური მართვის ცენტრი მოაწყვეს და როგორც თავდაცვითი, ისე თავდასხმითი ოპერაციები განახორციელეს. ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ პირობითი მოწინააღმდეგის მიერ გამაგრებული ობიექტები დაიკავა და თავდაცვითი პოზიციების შენარჩუნებაზე გადავიდა.

სამხედრო წვრთნის ფარგლებში, ქართულ ქვედანაყოფს აშშ-ის არმიის COBRA ასეულის სპეცებმა გაუწიეს მხარდაჭერა. თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ GDRP-ის მეორე როტაციის დასრულებასთან დაკავშირებით კერძოდ ბრძანა:

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა არის ჩვენი სტრატეგიული მზადყოფნის პოლიტიკის წამყვანი კომპონენტი, რომლის მთავარი მიზანია ერთის მხრივ, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა და მეორეს მხრივ, ნატოში ინტეგრაცია“
ლევან იზორია, თავდაცვის მინისტრი

„საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა არის ჩვენი სტრატეგიული მზადყოფნის პოლიტიკის წამყვანი კომპონენტი, რომლის მთავარი მიზანია, ერთის მხრივ, ტერიტორიული თავდაცვის პრინციპის საფუძველზე, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის პირობების შექმნა და მეორეს მხრივ ნატოში ინტეგრაცია.“

მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი გადაზადებას დღისა და ღამის პირობებში ვაზიანის და ნორიოს საწვრთნელ ბაზებზე, ჯამში 13 კვირის განმავლობაში გადიოდა. ამერიკელი ინსტრუქტორების მხარდაჭერით, სწავლება ასეულის და ბატალიონის დონეზე, რეალურ საბრძოლო პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში მიმდინარეობდა.

32-ე ბატალიონის ალფა ასეული
32-ე ბატალიონის ალფა ასეული

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრისა (JTEC) და საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) ინსტრუქტორების შეფასებით ბატალიონმა დაკისრებული ამოცანა წარმატებით გადაჭრა.

მათ შორის იყო, აშშ-ის ევროპული სარდლობის პირველი კავალერიის ინსტრუქტორთა ჯგუფის, "ლინქსის" ხელმძღვანელი, მაიორი დავიდ ფარარი, რომელიც მედლით „გენერალი კვინიტაძე“ დაჯილდოვდა. 32-ე ბატალიონის "ალფა" ასეულის მეთაური, უფროსი ლეიტენანტი იაკობ ჩხუბაძე ამბობს:

ნორიოში დასკვნითი სწავლება მოიცავდა შეტევითი ხასიათის ოპერაციებს. სწავლება მაღალი წარმატებით განხორციელდა, პირად შემადგენლობასაც მაღალი მოტივაცია ჰქონდა"
იაკობ ჩხუბაძე, 32-ე ბატალიონის ალფა ასეულის მეთაური

„ნორიოში დასკვნითი სწავლება მოიცავდა შეტევითი ხასიათის ოპერაციებს. სწავლება მაღალი წარმატებით განხორციელდა, პირად შემადგენლობასაც მაღალი მოტივაცია ჰქონდა. GDRP-ის გადამზადება და როტაცია ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის.“

32-ე ქვეითი ბატალიონი მეორე ქვედანაყოფია, რომელიც საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში იყო ჩართული. GDRP საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივი მასშტაბური პროექტია, რომელიც 2018 წლის მაისში დაიწყო და საერთო ჯამში, 9 ქართული ბატალიონის გადამზადებას ითვალისწინებს.

43-ე ბატალიონის კულმინაციური სწავლება
43-ე ბატალიონის კულმინაციური სწავლება

პირველმა გადამზადება მე-4 მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონმა გაიარა, შემდეგი როტაცია მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონს შეეხო, ახლა კი რიგში პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონია, რომელიც თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP) 2019 წლის იანვრიდან ჩაერთვება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG