რესპუბლიკური პარტია (http://republicans.ge/) კონტროლის პალატას არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლების ინსტიტუტის“ (http://www.liberty.ge/geo/) შემოწმებას სთხოვს. ეს მოთხოვნა მას შემდეგ გაჟღერდა, რაც კონტროლის პალატამ (http://www.control.ge/) არასამთავრობო ორგანიზაცია „რესპუბლიკური ინსტიტუტი“ რესპუბლიკურ პარტიასთან დააკავშირა და ფინანსური დოკუმენტაციის გადაცემა მოსთხოვა. „რესპუბლიკურ ინსტიტუტთან“ ერთად კონტროლის პალატამ ა/ო „ახალი თაობა ახალი ინიციატივის“ (http://ngni.net/) შემოწმებაც დაიწყო. კონტროლის პალატის განცხადებით, ამ ა/ო-სთან ასოცირებული პირები, აქტიურ პოლიტიკაში არიან ჩაბმული, თუმცა პალატას არ დაუკონკრეტებია ამ პირებში ვინ იგულისხმა. ცნობილია, რომ ახლო წარსულში ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, დღეს თბილისის საკრებულოში „ნაციონალების“ ერთ-ერთი ლიდერი კოკი იონათამაშვილი იყო (http://www.sakrebulo.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=140&cevri_id=102). საინტერესოა, რომ პალატამ „რესპუბლიკური ინსტიტუტის“ გარდა, ფინანსური ანგარიშის წარდგენა რესპუბლიკურ პარტიასაც მოსთხოვა და პარტიამ დღეს ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. პალატამ იგივე პრინციპით არ იხელმძღვანელა „ახალი თაობა ახალ ინიციატივასთან“ დაკავშირებით. კონტროლის პალატამ თავიდანვე საერთოდ არ ახსენა არც კოკი იონათამაშვილი და არც „ნაციონალური მოძრაობა“. დღეს კი დაადგინა რომ ა/ო „ახალი თაობა ახალი ინიციატივის“ პოლიტიკასთან დაკავშირებული არ ყოფილა. რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი, რომელიც „რესპუბლიკური ინსტიტუტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელიც არის, მიიჩნევს, რომ ეს შერჩევითი, მიზანმიმართული პოლიტიკური დევნაა
„ჩვენ ვაპირებთ სერიოზულად მივმართოთ საერთაშორისო საზოგადოეობას. კუბაზე რაც არ უქნიათ და ჩრდილოეთ კორეაში ეს ისეთი პრაქტიკაა. ვინ და რატომ დაგვაკავშირა პარტიასთან ჯერ არ ვიცით; მეორე - რამდენი ხნით ვარ დაკავშირებული? გრანტი რამდენი ხანი არ მეკუთნის? რამდენი ხანი არ შემიძლია არასამთავრობო მოღვაწეობა?! ე.ი გიგა ბოკერია ჩემზე პატარა პოლიტიკური ფიგურაა?! მე ვფიქრობ რომ კი, მაგრამ თვითომ ხომ ასე არ ფიქრობს?! ვანო მერაბიშვილი არ არის პოლიტიკური ფიგურა?! თუ არც გივი თარგამაძეა პოლიტიკური ფიგურა და სუყველა „თავისუფლების ინსტიტუტიდან“ არ არიან?! ბოლოს და ბოლოს ისინი თუ არა, ჩვენი დათო ზურაბიშვილი ხო არის დამფუძნებელი?! მეც ხომ ვარ „თავისუფლების ინსტიტუტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი?! იმათ რატომ არ ეხებათ ეს რეგულაცია?! ჩვენ რატომ შეგვეხო?! კონტროლის პალატა ვითომ ფორმის შევსებას გვავალებს სინამდვილეში კი ფაქტობრივად აგვიკრძალა არასამთავრობო მოღვაწეობა. არასამთავრობო ორგანიზაციას ამის მერე გრანტი აღარ ეკუთვნის, მას შემდეგ რაც კონტროლის პალატამ „პოლიტასთან დაკავშირებული სტატუსი“ განგვისაზღვრა.“
კონტროლის პალატას პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის და პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებული არასამთავრობოების გამოვლენის უფლება, შარშან დეკემბერის ბოლოს "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" ორგანული კანონში სასწრაფო წესით შეტანილი ცვლილებებით მიენიჭა. ამ ცვლილებებს ხმა მხოლოდ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მისცა. ახალი შეზღუდვებით თუ არასამთავრობო ორგანიზაციას პოლიტიკურ პარტიასთან კავშირი დაუმტიცდა, ის პრაქტიკულად ფუნქციონირებას წყვეტს. არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილისთვის დღემდე გაუგებარია კონტროლის პალატა, ცალკეულ ნჯო-ებს შესამოწმებლად რა პრინციპით არჩევს და შემდეგ მათ პოლიტიკასთან როგორ აკავშირებს. მაგალითად, პირველ ეტაპზე, 2012 წლის იანვარში, რა პრინციპით დაწყვილდნენ ბიძინა ივანიშვილის საზოგადაოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ (http://www.georgiandream.ge/) და ორგანიზაცია ა/ო „ჩემი ხმა გიგი უგულავას“ (http://www.facebook.com/group.php?v=wall&gid=337173034506) (ეს ორგანიზაცია 2010 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთის შეიქმნა და ბოლო ორი წლის მანძილზე სრულიად უმოქმედო იყო - ზ.წ); ეხლა კი „რესპუბლიკური ინსტიტუტი“ და „ახალი თაობა ახალი ინიციატივა“. კონტროლის პალატას პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი ნათია მოგელაძე ამბობს, რომ ახალი უწყება კანონის შესაბამისად მოქმედებს. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადადოების“ (http://www.isfed.ge/) დირექტორს ნინო ლომჯარიას კი მიაჩნია, რომ კანონი იმდენად ბუნდოვანია, ნებისმიერი არასამთავრო ორგანიზაციის წინააღმდეგ შეიძლება იქნეს გამოყენებული
ნათია მოგელაძე: „ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია რომელთა დაკავშირებითაც იარსებებს გარკვეული დასაბუთებული ვარაუდი, იმასთან დაკავშირებით რომ მათი ფინანსური საქმიანობა, მათი ხარჯები უკავშირდება პოლიტიკურ საქმიანობას და პოლიტიკურ მიზნებს, რა თქმა უნდა განურჩევლად, რომელი პოლიტიკური გუნდის მხარდამჭერიც არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა შემოწმდება.“
ნინო ლომჯარია: „ამ ლოგიკით ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია შეიძლება პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულად გამოცხადდეს. მთელი მთავრობა თავის დროზე ფაქტობრივად არასამთავრობო სექტორის წამომადგენლებით დაკომპლექტდა და ყველა ორგანიზაციასთან რომელიღაცა პოლიტიკურად აქტიური ადამიანი ასე თუ ისე ასოცირდება. სწორედ ეს არის ძალიან საგანგაშო ჩვენთვის. ფინანსურ საკითბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია რეპუტაცია. ჩვენ ვართ ორგანიზაციები რომლებიც ვაკვირდებით არჩვენებს, დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ანგარიშებს ვაქვეყნებთ და როცა ესე დაუსაბუთებლად მაკონტროლებელი ორგანო სვამს შეკითხვებს და გაცხადებს პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირად, ეს რა თქმა უნდა ზოგადად სამოქალაქო საზოგადოების იმიჯსა და რეპუტაციაზე მოქმედებს.“
არასამთავრობო სექტორის ერთი ნაწილი ეჭვობს, რომ კონტროლის პალატა მმართველი პარტიის ზეწოლით მოქმედებს და მასთან შეთანხმებით ამოწმებს ცალკეულ ენჯოებს, ან საერთოდ არ ამოწმებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებთანაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ასოცირდებიან, მათ შორის - თავისუფლების ინსტიტუტს, „კოალიციას ევროპული საქართველოსთვის“, ალპე-ს, მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციას და სხვებს; არასამთავრობო სექტორის ნაწილი ფოქრობს, რომ მმართველი პარტიის მიერ კონტროლის პალატის შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში გამოყენება ხდება. არასამთავრობოებისა და მედიის ნაწილმა დღეს გაავრცელა პეტიცია, სადაც ნათქვამია, რომ დეკემბერში მიღებული შეზღუდვები „განუსაზღვრელ და არაკონსტიტუციურ უფლებამოსილებას ანიჭებს კონტროლის პალატას და რაც საფრთეს უქნის სამოქალაქო საზოგადებას და აუარესებს საარჩევნო გარემოს“. პეტიციაზე ხელმომწერებმა საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა მოითხოვეს. საპარლამენტო უმრავლეობამ დეკემბერში ეს საკანონმდებლო ცვლილებები, ოპოზიციის ახალი ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ფინანსური რესურსის გასანეიტრალებლად შეიმუშავა. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ამ შეზღუდვების დამტკიცების შემდეგ ამბობდნენ, რომ ცვლილებებს ვენეციის კომისია (http://www.venice.coe.int/) გაეცნო. კომისიის მდივანმა თომას მარკერტმა კი მოგვიანებით განმარტა, (იხილეთ http://www.youtube.com/watch?v=ZZDXSwIe15c&feature=player_embedded რომ ვენეციის კომისიამ ამ შეზღუდვების შესახებ პოსტ ფაქტუმ, მხოლოდ პარლამენტში დამტკიცების შემდეგ შეიტყო.