ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოში შეზღუდვები ექვს ეტაპად მოიხსნება


პანდემიის გამო, საქართველოში დაწესებული შეზღუდვები, გეგმის მიხედვით, ორკვირიანი ინტერვალებით გაიხსნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

საქართველოს მთავრობამ, შეზღუდვების შემსუბუქების ექვსეტაპიანი გეგმა წარმოადგინა.

გიორგი გახარიას თქმით, შეზღუდვების შემსუბუქების პირველი ეტაპი 27 აპრილიდან დაიწყება. შესაბამისად, ორშაბათიდან დაშვებული იქნება, ავტომობილებით გადაადგილება, აგრარული ბაზრების საქმიანობა და ონლაინ ვაჭრობა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, შეზღუდვების მეორე ეტაპი, ეპიდემიოლოგური მდგომარეობის სრული შეფასების გათვალისწინებით, შესაძლოა ორი კვირის შემდეგ დაიწყოს.

მეორე ეტაპზე დაშვებული იქნება: მშენებლობა, მშენებლობის ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა, სამშენებლო მასალების წარმოება, ავტოსამრეცხაოების და ავტოსერვისების სრულად ამუშავება, კომპიუტერების და პირადი საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი და სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება.

მესამე ეტაპზე: გარდა დიდი სავაჭრო მოლებისა, იხსნება ის საცალო და საბითუმო მაღაზიები, რომლებსაც გააჩნიათ დამოუკიდებელი შესასვლელი ქუჩიდან. ასევე ყველა ტიპის ღია ბაზრობა, წარმოება და საგამომცემლო საქმიანობა: „ეს ნიშნავს, რომ მესამე ეტაპზე ჩვენ დიდწილად ვხსნით ვაჭრობას“ - აცხადებს პრემიერი.

მეოთხე ეტაპზე: იხსნება სავაჭრო მოლები, ღია ტიპის რესტორნები და კვების ობიექტები ადგილზე მომსახურებით. ყველა ტიპის საფინანსო მომსახურება, სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები.

მეხუთე ეტაპზე: იხსნება დახურული ტიპის ბაზრები და ბაზრობები, ყველა ტიპის რესტორანი, კვების ობიექტები ადგილზე მომსახურებით.

მეექვსე ეტაპიზე: დაშვებულია გასართობი, სპორტული, შემოქმედებითი საქმიანობა, აზარტული თამაშების, სასტუმროების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ყველა სხვა სახის საქმიანობა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მეექვსე ეტაპზე გადასვლისას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება ვირუსის გავრცელების დინამიკას.

გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრმა COVID-19-ის პანდემიის პირობებში, ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის შემდეგი ეტაპით გათვალისწინებული ზომების შესახებ ისაუბრა.

კოვიდ-19-ის გავრცელების საფრთხის გამო, 22 აპრილს საქართველოს პარლამენტმა, საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაახანგრძლივა. საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა.

ოფიციალური, ლაბორატორიულად დადასტურებული მონაცემებით, ამ დროისთვის, საქართველოშო კორონავირუსით ინფიცირების 431 და გარდაცვალების 5 შემთხვევა ფიქსირდება. 114 ადამიანი ვირუსისგან განიკურნა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG