ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ივანიშვილი მეორედ მიდის


 ვერ მივიღებ იმ ბრალდებას, რომ სიღარიბე, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო, „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგია - ივანიშვილის წერილიდან
ვერ მივიღებ იმ ბრალდებას, რომ სიღარიბე, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო, „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგია - ივანიშვილის წერილიდან

მმართველი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან ბოლო 7 წლის განმავლობაში მეორედ წავიდა. თავის გრძელ წერილში, ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანი ამბობს, რომ 65 წლის ხდება, ამჯერად, „საბოლოოდ“ მიდის და „კერძო ცხოვრების წესს“ უბრუნდება. ივანიშვილი წერს, რომ ეს როქი „ქართულ ოცნებას“ კიდე უფრო გააძლიერებს:

დღეს საქართველოს ხელისუფლება გაწონასწორებული და დაბალანსებულია, არავის აქვს ზომაზე მეტი, ჭარბი და გადამეტებული ძალაუფლება
ბიძინა ივანიშვილი

„კიდევ უფრო გააძლიერებს, სიცოცხლის უნარიანსა და მოტივირებულს გახდის მმართველ პარტიას, გაამხნევებს მომხრეებს და უფრო ენერგიულს გახდის ხელისუფლებას... დღეს საქართველოს ხელისუფლება გაწონასწორებული და დაბალანსებულია, არავის აქვს ზომაზე მეტი, ჭარბი და გადამეტებული ძალაუფლება. თითოეულ სახელისუფლებო შტოს აქვს მკაცრად განსაზღვრული და შემოფარგლული უფლებამოსილებები. დღეს ჩვენ გვყავს მოამაგე, მეგობრული და ხალხზე მზრუნველი ხელისუფლება“, - მიაჩნია ივანიშვილს.

ივანიშვილმა წერილით ბოდიში მოუხადა იმ მოქალაქეებს, რომლებსაც "ქართული ოცნების" მმართველობამ იმედები გაუცრუათ, თუმცა, თავად ფიქრობს, რომ მხოლოდ „ხარვეზები და გადაცდომები“ იყო, და ხელისუფლებამ შესაძლებლობების "თითქმის მაქსიმუმი გააკეთა".

რამდენად რეალურია რომ პოლიტიკურ პროცესებზე, ხელისუფლებასა და მმართველ პარტიაზე ამხელა გავლენის ადამიანი და პარტიის წამყვანი ფიგურა პოლიტიკას სულ ჩამოშორდეს?!

სტუდია "მონიტორის" რედაქტორი, მაია მეცხვარიშვილი, "ამერიკის ხმასთან" საუბარში ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

"მონიტორმა" ერთი წლის წინ მოამზადა ჟურნალისტური გამოძიება, სახელმწოდებით „ერთი კაცის ქვეყანა“, რომელიც ხელისუფლების შტოებზე ივანიშვილის გავლენას შეეხება:

ივანიშვილისგან ერთხელ უკვე მოსმენილი გვაქვს იგივე ტექსტი, რომ პოლიტიკიდან წავიდა, თუმცა რეალურად, იგი იმ დროსაც აგრძელებდა არაფორმალურ მმართველობას
მაია მეცხვარიშვილი, სტუდია "მონიტორის" რედაქტორი


„ივანიშვილისგან ერთხელ უკვე მოსმენილი გვაქვს იგივე ტექტსი, თუმცა რეალურად, იმ დროსაც აგრძელებდა პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას და არაფორმალურ მმართველობას. უფრო მეტიც ითავსებდა ხელისუფლების სხვადასხვა შტოების ფუნქციებსაც კი, მაგალითად სასამართლოს ფუნქციას. მას არც დაუმალავს, რომ ბიზნესს დავის მოსაგვარებლად საკუთარ რეზიდენციაში დაიბარა ბიზნესმენები ჩხარტიშვილი და ხაზარაძე. ჩემი აზრით, ახლაც არანაირი ნიშანი არ არის, რომ ივანიშვილი მისივე სურვილით პოლიტიკური პროცესს ჩამოშორდება“ - გვითხრა მაია მეცხვარიშვილმა.

პოლიტოლოგ გია ნოდიას მიაჩნია, რომ ივანიშვილმა ეს ნაბიჯი ყოველდღიური მმართველობისგან მეტი დისტანცირების მიზნით გადადგა, თუმცა იგი შეინარჩუნებს პარტიაზე და პოლიტიკურ პროცესზე "ზოგად კონტროლს".

ეს ნიშნავს, რომ ის დღეს შექმნილი სიტუაციით კმაყოფილია. მას ყოველთვის ერჩივნა ჩრდილიდან, დისტანციურად ეკონტროლებინა მოვლენები
გია ნოდია, პოლიტოლოგი


"ეს ნიშნავს, რომ ის დღეს შექმნილი სიტუაციით კმაყოფილია. მას ყოველთვის ერჩივნა ჩრდილიდან, დისტანციურად ეკონტროლებინა მოვლენები; ე.წ. „დაბრუნება“ 2018 წლის აპრილში იძულებითი ნაბიჯი იყო. მაშინ პარტიაში სიტუაცია აიჭრა და, საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში, ხელისუფლების რეიტინგი ქვევით მიდიოდა. სავარაუდოდ, მაშინ მან ჩათვალა, რომ პროცესებში მისი უფრო აქტიური და ხილული ჩართვა გახდა აუცილებელი.

დღეს კი საქმე - მისი გადმოსახედიდან - კარგადაა. როცა ის ამბობს, რომ მიაღწია ყველაფერს, რასაც გეგმავდა, ის გულწრფელია. ცხადია, ეს გულისხმობს არა მდგომარეობას ქვეყანაში, არამედ ძალაუფლების სიტუაციას." - უთხრა "ამერიკის ხმას" ნოდიამ.

მოსაზრებას, რომ ივანიშვილი თავის წერილში "გულწრფელია" იზიარებს ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძეც. მისი აზრით, ივანიშვილის პირველი და მეორე წასვლა პოლიტიკიდან ერთმანეთისგან განსხვავდება.

რა თქმა უნდა, როცა ასეთი ზომის პოლიტიკური ფიგურა ტოვებს პოლიტიკას ეს რთულად წარმოსადგენია, მაგრამ ვფიქრობ, რომ მისი ეს გადაწყვეტილება საბოლოოა
ამირან სალუქვაძე, ანალიტიკოსი


"წინა წასვლა აბსოლუტურად განსხვავებულ რეალობაში მოხდა. მას პარტია მაშინ არ დაუტოვებია, წევრად დარჩა და მგონი იყო საპატიო თავმჯდომარეც. ამჟამად მან მთლიანად დატოვა პარტია.

რა თქმა უნდა, როცა ასეთი ზომის პოლიტიკური ფიგურა ტოვებს პოლიტიკას ეს რთულად წარმოსადგენია, მაგრამ ვფიქრობ, რომ მისი ეს გადაწყვეტილება საბოლოოა. თუ, რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც მისთვის მიუღებელი იქნება," - განაცხადა "ამერიკის ხმასთან" სალუქვაძემ.

ივანიშვილს პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძე შეცვლის, პარლამენტის ყოფილ სპიკერს ამ თანამდებობაზე 16 იანვარს ყრილობაზე აირჩევენ, რომელსაც, პარტიის 400-მდე დელეგატი დაესწრება.

"ქართული ოცნების“ ლიდერი პირველად პოლიტიკიდან 2013 წელს წავიდა, ივანიშვილმა მაშინ პრემიერ-მინისტრისა და პარტიის თავმჯდომარის თანმდებობები ერთდროულად დატოვა. პარტიის თავმჯდომარის პოსტზე, ის 2018 წელს დაბრუნდა და 2021 წელს, მისივე განცხადებით, "პოლიტიკიდან საბოლოოდ მიდის".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG