ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბლოკავს თუ არა "ოცნება" მესამე სექტორს?


სამუშაო ჯგუფის შეხვედრა საქართველოს პარლამენტში
სამუშაო ჯგუფის შეხვედრა საქართველოს პარლამენტში

„ესაა დისკრიმინაციული მოპყრობა და დამოკიდებულება. ხელისუფლება გადავიდა დევნის სხვა ხარისხზე", - ასე აფასებს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელი ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად საჭირო ჯგუფებში მესამე სექტორის წარმომადგენლების ჩართვის პროცესში შექმნილ პრობლემებს. იმისათვის, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსი მიიღოს, ევროკომისიისა და ევროპის საბჭოს მიერ რეკომენდებული 12 პუნქტი უნდა შეასრულოს. რეკომენდაციების მეორე და მესამე პუნქტები საარჩევნო კოდექსის მოდერნიზირებასა და სასამართლო სისტემის გაჯანსაღებას ეხება. ამ რეკომენდაციების შესრულების მიზნით, პარლამენტში სამუშაო ჯგუფები შეიქმნა.

არასამთავრობო ორგანიზაციებსა და „ქართულ ოცნებას“ შორის მორიგმა დაპირისპირებამ იჩინა თავი. „ქართულმა ოცნებამ“ ის ორგანიზაციები დაბლოკა, რომლებიც რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით სამუშაო პროცესში უნდა ჩართულიყვნენ.

სამუშაო ჯგუფების დაკომპლექტების წესი პარლამენტმა შეიმუშავა. ამ წესის თანახმად, თითოეულ ჯგუფში უნდა იყოს საპარლამენტო უმრავლესობიდან 4 წევრი, კიდევ 4 წევრი არაუმრავლესობიდან, ასევე, ცესკოს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობამ განსაზღვრა, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიდან ორი წევრი უნდა დაიშვას და მხოლოდ ისინი, ვინც „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის“ წარმომადგენელია.

სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თავად გადაწყვიტეს, ვინ უნდა წარედგინათ სამუშაო ჯგუფში. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან“ ერთად, საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფში მესამე სექტორმა „სამართლიანი არჩევნები“ შეარჩია. თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ ამ ორგანიზაციასთან მუშაობაზე უარი განაცადა. ამის მიზეზად კი ორგანიზაციის "პოლიტიზირებულობა" დაასახელა.

გივი მიქანაძე, პარლამენტარი "ქართული ოცნებიდან"
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:47 0:00

„მიბრძანდით ქალბატონ ნინო დოლიძესთან [„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი] და ჰკითხეთ, ემიჯნება თუ არა ის იმ მოთხოვნებს, რომლებიც თვენახევრის წინ, მიტინგზე დააყენეს და ითვლისწინებდა მთავრობის მეთაურისა და მთავრობის გადადგომას. თუ ის ამ მოთხოვნებს ემიჯნება, ამ შემთხვევაში, ჩვენი კარი ღიაა მისთვის. მაგრამ, როდესაც პოლიტიკური განცხადებები კეთდება და კონკრეტული ორგანიზაციის და მისი ხელმძღვანელის კონკრეტულ პოლიტიკურ პროცესში ჩართულობა იკვეთება, ამ შემთხვევაში, ეს ორგანიზაცია ვერ იქნება აღქმული, როგორც ნეიტრალური. სწორედ ესაა ერთადერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ მოვიწვიეთ „სამართლიანი არჩევნები“, - განაცხადა ჟურნალისტებთან გივი მიქანაძემ, საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, პარლამენტარმა „ქართული ოცნებიდან“.

პარლამენტის სამუშაო ჯგუფში დაბლოკვის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ არასამთავრობო სექტორიდან მხოლოდ ორი ადგილის განსაზღვრა ისედაც გამორიცხავდა სამოქალაქო სექტორის ფართო ჩართულობას მუშაობის პროცესში. არადა, დასავლელი პარტნიორების ერთ-ერთი რეკომენდაცია სწორედ ინკლუზიურობას ეხებოდა. „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას მათი ჩამოცილებით, სურს, პროცესი ფორმალობად აქციოს.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრა საქართველოს პარლამენტში
სამუშაო ჯგუფის შეხვედრა საქართველოს პარლამენტში

„ხელისუფლების დამოკიდებულება არის პირდაპირი დემარში “სამართლიანი არჩევნებისა” და მთლიანად, სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ, მათი კონსტრუქციული პოზიციის და სამუშაო ჯგუფებში ჩართულობის მზაობის მიუხედავად. ხელისუფლების ასეთი დამოკიდებულება გამოწვეულია ორგანიზაციის მიუკერძოებლობისა და კრიტიკული პოზიციის მიუღებლობით", - ნათქვამია „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებაში.

საპარლამენტო ოპოზიცია ნეგატიულად აფასებს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, პარლამენტის სამუშაო ჯგუფებიდან არასამთავრობო ორგანიზაციების დაბლოკვის თაობაზე.

ხატია დეკანოიძე, "ნაციონალური მოძრაობა"
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:48 0:00
ესაა დისკრიმინაციული მოპყრობა და დამოკიდებულება. ხელისუფლება გადავიდა დევნის სხვა ხარისხზე. ხელისუფლების წარმომადგენელი არასამთავრობო ორგანიზაციას ეუბნება, რომ მისი გარკვეული მოსაზრებების გამო, არ აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს სამუშაო ჯგუფში. ესაა სრულიად დაუშვებელი და მიუღებელი",
- ნიკა სიმონიშვილი

„ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელი რეკომენდაციების შესრულების უგულვებელყოფა „ქართული ოცნების“ მხრიდან, გრძელდება. ამას ადასტურებს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ყველა პროცესს ჩამოაცილონ საქართველოში საარჩევნო გარემოსა და საარჩევნო კანონმდებლობაზე მომუშავე ყველაზე გავლენიანი ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“. „ნაციონალური მოძრაობა“, სხვა პარტიებთან, არასამთავრობო სექტორთან ერთად, აგრძელებს დემოკრატიული არჩევნებისთვის აუცილებელ იმ პაკეტზე მუშაობას, რომელიც დაუყოვნებლივ, სექტემბერშივე უნდა იყოს მიღებული. ცვლილებებს ვგულისხმობ, იმისთვის, რომ სასამართლო და საარჩევნო სისტემის რეფორმირება მოხერხდეს“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ჟურნალისტებთან.

„ამერიკის ხმასთან“ საუბრისას ნიკა სიმონიშვილი, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" [საია-ს] ხელმძღვანელი, აცხადებს, რომ ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება, არაა უბრალოდ თავდასხმა ან დისკრედიტაციის მცდელობა, ესაა, სამოქალაქო საზოგადოების პოლიტიკური დევნა, მისი კრიტიკული პოზიციების გამო. მისი თქმით, ხელისუფლების დამოკიდებულება არის დემარში არა მხოლოდ “სამართლიანი არჩევნების”, არამედ, მთლიანად სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ, მათი კონსტრუქციული პოზიციის და სამუშაო ჯგუფებში ჩართულობის მზაობის მიუხედავად. "ხელისუფლების ასეთი დამოკიდებულება გამოწვეულია ორგანიზაციის მიუკერძოებლობისა და კრიტიკული პოზიციის მიუღებლობით", - ამბობს სიმონიშვილი.

ნიკა სიმონიშვნილი, საიას ხელმძღვანელი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:12 0:00

18 აგვისტოს სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ნიკა სიმონიშვნილმა პროტესტის ნიშნად დატოვა. "ამერიკის ხმასთან" საუბრისას ის ამბობს, რომ მდგომარეობა ყოველწუთიერთად იცვლება. ამ ეტაპზე არაა ცნობილი, ვინ იმუშავებს ჯგუფებში. ამ დელიკატური მდგომარეობიდან გამოსავლის გზების თაობაზე კი კონსულტაციებში დასავლელი პარტნიორებიც აქტიურად არიან ჩაბმული.

„ესაა დისკრიმინაციული მოპყრობა და დამოკიდებულება. ხელისუფლება გადავიდა დევნის სხვა ხარისხზე. ხელისუფლების წარმომადგენელი არასამთავრობო ორგანიზაციას ეუბნება, რომ მისი გარკვეული მოსაზრებების გამო, და აქ არ აქვს მნიშვნელობა, რას ეხება ეს მოსაზრებები, არ აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს სამუშაო ჯგუფში. შეიძლება, ხვალ ჩემი განცხადება არ მოეწონოთ, ან ჩემი სხვა კოლეგის და ამოარჩიონ, ვინაა „მათთვის მისაღები“ არასამთავრობო ორგანიზაცია და ვინ - არა. ესაა სრულიად დაუშვებელი და მიუღებელი. მე სხდომაზე გუშინ მქონდა პროტესტი ამ საკითხზე და მივიღე დისკრიმინაციული მოტივებით დასაბუთება. იქ დავაფიქსირე, რომ ამგვარ შემთხვევაში არ დავესწრებოდი შეხვედრებს. ჩვენ ახლა ვაგრძელებთ კონსულტაციებს და გვინდა დავგეგმოთ ის ნაბიჯები, როგორ გაგრძელდეს სამუშაო“,- გვეუბნება ნიკა სიმონიშვნილი.

ნაზი ჯანეზაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგის“ დამფუძნებელი, იუსტიციის საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი, სასამართლოს რეფორმირების შესახებ სამუშაო ჯგუფში დაიბლოკა. მისი ორგანიზაციის დაბლოკვა, ერთგვარად, ტექნიკური მოტივით მოხდა, როდესაც პარლამენტმა სამუშაო ჯგუფში მოხვედრის კრიტერიუმად „ეროვნული პლატფორმის წევრობა“ დაასახელა. აღსანიშნია, რომ ეს მოთხოვნა, მხოლოდ სასამართლოს რეფორმირების ამ სამუშაო ჯგუფის წევრებისთვის იყო წაყენებული.

ნაზი ჯანეზაშვილი "სასამართლოს გუშაგის" ხელმძღვანელი.
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:01 0:00

„არ გამოვრიცხავთ, რომ საგანგებო კრიტერიუმად აიღო „ოცნებამ“ "ეროვნული პლატფორმის" წევრობა, რომ სპეციალურად დაებლოკა ის ორგანიზაციები, ვისაც სამუშაო ჯგუფში ჩართვის სურვილი ექნებოდა“, - გვეუბნება ნიკა სიმონიშვნილი.

ნაზი ჯანეზაშვილი „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვას უჭერდა მხარს. თუმცა როდესაც იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეებს შეხვდა, მისთვის ცხადი გახდა - მათ ამის სურვილი არ გააჩნდათ.

"მე ამას ინკლუზიურ პროცესს ვერ ვუწოდებ. მე ვერ ვხედავ, რომ ხელისუფლებას სურს განსხვავებული აზრი მოისმინოს. ჩვენ გვეუბნება მოდით, დაბრძანდით, შორიდან გვიყურეთ. აზრის გამოხატვის უფლება არ გაქვთ, კომენტარის, ჩართულობის უფლება არ გაქვთ... მაშინ დავჯდები და ტელევიზორიდან ვუყურებ საერთოდ, როგორ იმართება ესა თუ ის შეხვედრა,“- გვეუბნება ნაზი ჯანეზაშვილი.

„სასამართლოს გუშაგის“ ხელმძღვანელი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ამპლუაში მოსამართლეების კორუფციისა და ნეპოტიზმის საკითხებზე ხმამაღლა საუბრობდა. „მათთვის მე მუღებელი ვარ და შეეცადნენ შეექმნათ ერთმანეთისთვის კომფორტული გარემო, რადგან ამ საბჭოში მოსამართლეებიც არიან, ვის მიმართაც მე ყოველთვის კრიტიული ვიყავი. არადა, ესაა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის შესამუშავებელი კრიტერიუმები და პროექტები. თუ „ოცნებას“ მართლა სურს, რომ საქართველომ სტატუსი მიიღოს, მაშინ პროცესი უნდა გახსნან. ისინი კარს არ ხსნიან, მხოლოდ ჭუჭრუტანიდან გვახედებენ. ეს არაა ჩართულობა“, - გვეუბნება ნაზი ჯანეზაშვილი და დასძენს, რომ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მიზნით, პარლამენტის სამუშაო ჯგუფებში „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ უფრო მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია დაბლოკა, ვიდრე ამ ეტაპზეა ცნობილი.

პაატა მანჯგალაძე, პარლამენტარი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:33 0:00

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წამომადგენელი, პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ პროცესი ხელოვნურადაა გაჭიანურებული: „ვინ ჰკითხავს გივი მიქანაძეს, ვინ დაესწრება სხდომას და ვინ არა? ესაა პირდაპირ, სელექცია „ქართული ოცნების“ მხრიდან. მათ არ აქვთ ამის უფლება. პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, ინკლუზიური. ამაზე საუბრობდნენ ჩვენი პარტნიორები. „ქართული ოცნება“ არაა განწყობილი თანამშრომლობისთვის, შედეგისთვის. ეს პროცესი მათ სჭირდებათ იმიტაციისთვის, ფარსისთვის, რომ გაწელონ დრო და შემდეგ ყველაფერი დააბრალონ დასავლელ პარტნიორებს“, თქვა მან.

სპეციალური განცხადება საპარლამენტო ჯგუფებში მესამე სექტორის ინკლუზიურობის თაობაზე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამაც გააკეთა. განცხადებაში ნათქვამია:

„მოვუწოდებთ საქართველოში ყველა დაინტერესებულ მხარეს, უზრუნველყოს, რომ ყველა შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაცია მოწვეული იყოს და მიეცეს შესაძლებლობა არსებითი მონაწილეობა მიიღოს ყველა სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში, საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის ჩათვლით. #10 პრიორიტეტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში ჩართულობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით შეეხება და შეესაბამება პარლამენტში მიმდინარე მუშაობას.“

20 აგვისტოს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ვინც ჩართული იყო პარლამენტთან სამუშაო პროცესში, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით, ერთობლივი განცხადება გააკეთეს. მასში ნათქვამია, რომ აჩერებენ თანამშრომლობას ჯგუფებში იმ დრომდე, ვიდრე "სამართლიანი არჩევნები" არ დაბრუნდება სამუშაო პროცესში. განცხადებას ხელს აწერენ "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI), "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" (DRI), "საქართველოს ახალგარდა იურისტთა ასოციაცია" და "სოციალური სამართლიანობის ცენტრი".

XS
SM
MD
LG