ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ღაზის სექტორში ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება


ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შედეგად 8 დღიანი შეიარაღებული დაპირისპირება და საარტილერიო რეიდები დასრულდა

ღაზის პორტში, ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, ერთკვირიანი პაუზის შემდეგ პალესტინელი მეთევზეები ზღვას დაუბრუნდნენ.

მათთვის თევზჭერა არც ისე ადვილია, რადგან შეზღუდულები არიან ზღვაში გასვლის რადიუსში. ეს ისრაელის მიერ დაწესებული ბლოკადის ერთი ელემენტია. ბლოკადა ხუთი წლის წინ დაწესდა, როცა ჰამასმა პალესტინელების მმართველობა არჩევნებში დაამარცხა და ღაზას სექტორზე კონტროლი მოიპოვა. ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ისრაელმა შეზღუდვის რადიუსი 5-დან 10 კილომეტრამდე გაზარდა.

მიფლე აბუ რიალა ამბობს, რომ ბლოკადამ ღაზაში თევზჭერის ინდუსტრია თითქმის გაანადგურა. მისი თქმით, მეთევზეების ორმა მესამედმა საქმიანობას თავი დაანება:

„ჩვენ გვინდა, რომ ისრაელმა ალყა მოგვიხსნას და ზღვა მთლიანად გაგვიხსნას.“

ცოტა ხნის წინ ისრაელის საარტილერიო რეიდების შედეგად მეთევზეთა კოოპერატივისა და პორტის ადმინისტრაციის შენობა დაინგრა. ისრაელის საჰაერო კამპანიის შედეგად ასევე განადგურდა ბევრი სამთავრობო შენობა.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, ისრაელმა ასევე შეამსუბუქა ბლოკადის კიდევ ერთი ელემენტი და პალესტინელ ფერმერებს სასაზღვრო ზონაში მიწები დაუბრუნა. ეს ორი კილომეტრის სიგანის სასაზღვო ზონა იყო, სადაც ისრაელის ჯარისკცების მიერ ნებისმიერი ადამიანის ლიკვიდაცია ხდებოდა. ეს ტერიტორია ღაზას სასოფლო-სამეურნეო მიწების ერთ მეოთხედს წარმოადგენს და პალესტინელი გლეხებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

მაჰმუდ ალ ხომი პალესტინელია, რომელიც ბაზარში ხილ-ბოსტნეულს ყიდის. ის ამბობს, რომ ბლოკადის გამო ყველაფერი ძალიან ძვირია და უამრავი საყოფაცხოვრებო საქონელი არ იშოვება. არის საქონელი, რომელიც ჭარბი რაოდენობითაა ღაზაში, მაგრამ გლეხებს მისი ექსპორტი არ შეუძლიათ ბლოკადის გამო:

„კონფლიქტამდე საქმე ხან კარგად მიდიოდა ხან ცუდად. საზღვარი ზოგჯერ იღებოდა და ზოგჯერ იკეტებოდა. ახლა იმედია საზღვარი გაიხსნება და გახსნილი დარჩება.“

ღაზაში უმსხვილესი სუპერმარკეტის მენეჯერი ჰაზემ აში ამბობს, რომ ბლოკადამ უამრავი საუშაო ადგილი გაანადგურა, პროდუქტი გააძვირა და უამრავ ადამიანს ღირსეული ცხოვრების საშუალება წაართვა:

„იმედი გვაქვს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას სამშვიდობო მოლაპარაკებების მოჰყვება. მაგრამ ვითარებიდან გამომდინარე ოპტიმიზმის მიზეზი არ მაქვს. თავდაპირველად პოლიტიკური ვითარება უნდა გაუმჯობესდეს. ამის შემდეგ ეკონომიკური მდგომარეობა თავისით გამოსწორდება.“

ანალიტიკოსი მაიმარ აბუსადა ამბობს, რომ ჰამასის წარმომადგენელების განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება წარმატებული მხოლოდ მას შემდეგ იქნება, რაც ღაზაზე ბლოკადა მთლიანად მოიხსნება:

„ეს ჰამასის ერთ-ერთი წინაპირობაა ცეცხლის გრძელვადიანი შეწყვეტისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ ჰამასს აღარ სურს იყოს მოქცეული იზოლაციაში და ალყისა და ბლოკადის მოხსნას ითხოვს.“

ისრაელი ამბობს, რომ ბლოკადას მხოლოდ მას შემდეგ მოხსნის, რაც ჰამასი ღაზაში იარაღის შეტანას შეწყვეტს. ისრაელში ბევრს არ სჯერა, რომ ჰამასი შეიარაღებაზე უარს იტყვის და ისრაელის ამ პირობას პირნათლად დაიცავს.
XS
SM
MD
LG