ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გეითსის ვიზიტი აზიაში


გეითსის ვიზიტი აზიაში
გეითსის ვიზიტი აზიაში

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის რობერტ გეითსის განცხადებით, თანამდებობის დატოვებამდე მისი ერთერთი ბოლო საერთაშორისო ვიზიტი აზიაში განხორციელდება. გეითსი ამის შესახებ ჰავაიზე ჟურნალისტებს ესაუბრა. მისი თქმით, აზიის ქვეყნების მთავრობებმა უნდა იცოდნენ, რომ მიუხედავად შეერთებული შტატების თავდაცვის ბიუჯეტის შეკვეცისა, ვაშინგტონის ვალდებულებები რეგიონის მიმართ უცვლელი დარჩება. რობერტ გეითსი თანამდებობას 30 ივნისისს დატოვებს.

„მართალია, ჩვენ ველით ბიუჯეტის შემცირებას, აზიაში შეერთებული შტატების ვალდებულები არ შესუსტდება. ჩვენ წყნარი ოკეანის ქვეყანა ვართ და დავრჩებით რეგიონის სახელმწიფოდ. ჩვენ რეგიონში ყოფნას შევინარჩუნებთ,“ - განაცხადა გეითსმა.

თავდაცვის მდივანი ჰავაიზე მოკლე ხნით შეჩერდა, რის შემდეგაც სინგაპურში აზიის მეგობარი ქვეყნების უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება.

თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ანონიმურობის დაცვის პირობით, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რობერტ გეითსს კარგად ესმის აზიის ქვეყნების შეშფოთება, რაც ამერიკის თავდაცვის ხარჯების შეკვეცას უკავშირდება. სინგაპურში უსაფრთხოების კონფერენციის მთავარი განსახილველი თემები ავღანეთში შექმნილი ვითარება და ჩინეთის სამხედრო აღმშენებლობა იქნება.

როგორც ცნობილია, გუშინ ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ საერთაშორისო კოალიციის ძალები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის არ მოითმენს მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვას საჰაერო ოპერაციების დროს.

პრეზიდენტმა კარზაიმ გააფრთხილა ნატოს სარდლობა, რომ ნუ იქცევიან საოკუპაციო ძალებივით. მისი შეშფოთება ბოლო ოპერაციის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვას მოჰყვა. ამის თაობაზე რობერტ გეითსმა აღნიშნა, რომ მას კარგად ესმის კარზაის შეშფოთების მიზეზი.

„ავღანელი ხალხი 30 წელია ომშია. მე ვფიქრობ რომ კარზაი გამოხატავს ავღანელი ხალხის ტკივილს, რასაც ამდენი ხნის მანძილზე უძლებენ,“ - განაცხადა გეითსმა.

მისი თქმით, ორივე მხარემ უნდა გამოიძიოს მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის ფაქტები.

რობერტ გეითსი სინგაპურიდან ბრიუსელში გაემგზავრება და ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრას დაესწრება, სადაც მთავარი საკითხი ისევ ავღანეთი იქნება.

XS
SM
MD
LG