ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქალები სიცივეს კაცებზე მეტად აღიქვამენ


„გალილეოს“ დღევანდელ გამოშვებაში ჰოლანდიელი მეცნიერების ახალ კვლევაზე მოგიყვებით, რომელიც შეეცადა დაეზუსტებინა, თუ რამდენად უფრო მეტად გრძნობენ ქალები სიცივეს, ვიდრე მამაკაცები.

ადრეული კვლევებით არაერთხელ დადასტურდა, რომ ქალები ერთი და იმავე ტემპერატურაზე სიცივეს ზოგადად უფრო მეტად გრძნობენ, ვიდრე კაცები. გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ქალები ოფისში დაახლოებით 5.5 გრადუსით მაღალ ტემპერატურას ამჯობინებენ. ზაფხულის თვეებში ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია, როცა სამუშაო ადგილებზე ზედმეტი კონდიცირების გამო უმეტესად ქალები წუხდებიან.

დიდი ბრიტანეთის უორვიკის სამედიცინო სკოლის პროფესორი პოლ ტორნელეი ამბობს, რომ განსხვავება მეტაბოლურ პროცესებს, ანუ ნივთიერებათა ცვლის საშუალო მაჩვენებელს უკავშირდება. ეს მაჩვენებელი ენერგიის, ასევე სითბოს გამომუშავებაზეცაა პასუხისმგებელი და საშუალოდ ქალებს უფრო დაბალი აქვთ, ვიდრე მამაკაცებს. ამიტომ, პროფესორ ტორნელეის თქმით, შესაძლოა ამით აიხსნებოდეს ისიც, თუ „რატომ არის სხვადასხვა კომფორტისთვის აუცილებელი გარემოს ტემპერატურა ქალებისთვის და მამაკაცებისთვის“.

ჰოლანდიელი მეცნიერები შეეცადნენ დაეზუსტებინათ, თუ რამდენად განსხვავდება ოპტიმალური ტემპერატურა ორი სქესის წარმომადგენლებს შორის. მაასტრიქტის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევა ამბობს, რომ საშუალოდ ეს 2.5 გრადუსს (ცელსიუსით) შეადგენს. ექსპერიმენტის მონაწილეთა შემთხვევაში ქალებს სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის სულ ცოტა ორნახევარი გრადუსით მეტი სითბო ჭირდებათ, ვიდრე მამაკაცებს.

განსხვავების მაჩვენებელი მონაცემი ძალიან ზოგადია, ვინაიდან ასაკის, წონის, ცხოვრების სტილის და ბევრი სხვა კრიტერიუმის მიხედვით სხვადასხვაა და ხშირად ბევრად უფრო მაღალიც არის. მეცნიერები ამბობენ, რომ ადრეული კვლევებიდან გამომდინარე, ეს მონაცემი განსხვავებული იქნება ქვეყნების მიხედვითაც. ბორის კინგი, ჰოლანდიური კვლევის ხელმძღვანელი და ერთ-ერთი ავტორი ფიქრობს, რომ დროა მთავრობებმა კონდიცირების და გათბობის სტანდარტებს გადახედონ და სამუშაო ადგილებზე ოფისისთვის იდეალური ტემპერატურა ისე განსაზღვრონ, რომ ანგარიში ორივე სქესის წარმომადგენლებს თანაბრად გაეწიოს.

დანიის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ბიარნი ოლესონი თვლის, რომ ამერიკულ დაწესებულებებში თერმოსტატი ზედმეტად დაბალ ტემპერატურაზეა დაყენებული და ზაფხულში როგორც წესი, ძალიან ცივა. ამერიკის ნაციონალური საზოგადოებრივი რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში ის ამბობს, რომ საერთაშორისო სტანდარტებით რეკომენდირებულია 22-დან 26 გრადუსამდე სითბო. შეერთებულ შტატებში კი ზაფხულშიც უმეტესად თერმოსტატს ზამთრის სტანდარტზე აყენებენ, ანუ 20-22 გრადუსზე. მისი აზრით, ეს ყოველივე ენერგიის დაზოგვას და გარემოს დაცვას ხელს არ უწყობს.

კვლევის დეტალების გაცნობა შესაძლებელია ჟურნალში „ნეიჩერ“ (Nature), 3 აგვისტოს გამოშვებაში.

XS
SM
MD
LG