ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესში ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე მამხილებელს მოუსმინეს


რაიან გრეივსი, დევიდ გრაში და დევიდ ფრეივორი (მარცხნიდან მარჯვნივ) აშშ-ის კონგრესში გამართულ მოსმენაზე, ფიცის დადების მომენტში. ვაშინგტონი, აშშ. 26 ივლისი, 2023 წ.
რაიან გრეივსი, დევიდ გრაში და დევიდ ფრეივორი (მარცხნიდან მარჯვნივ) აშშ-ის კონგრესში გამართულ მოსმენაზე, ფიცის დადების მომენტში. ვაშინგტონი, აშშ. 26 ივლისი, 2023 წ.

ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან დაკავშირებით (UFO) ამერიკის კონგრესში გამართულ კიდევ ერთ მოსმენაზე სამ მოწმეს მოუსმინეს. გაურკვეველი წარმოშობის მისტიკურ მფრინავ სხეულებს ახლა უმეტესად ამოუცნობ ანომალიურ ფენომენად (UAP) მოიხსენიებენ. მოსმენა - „ამოუცნობი ანომალიური ფენომენი - ზემოქმედება ეროვნულ უსაფრთხოებაზე, საჯარო უსაფრთხოებაზე და მთავრობის გამჭვირვალობაზე“ - წარმომადგენელთა პალატაში 26 ივლისს გაიმართა, ეროვნული უსაფრთხოების, საზღვრების და საგარეო ურთიერთობათა ქვეკომიტეტში.

საკითხით კანონმდებელთა დაინტერესება განსაკუთრებით 2017 წლის შემდეგ გაიზარდა, მას შემდეგ, რაც გამოცემა „ნიუ-იორკ თაიმსმა“ ამერიკის საზღვაო ფლოტის პილოტების მიერ გადაღებული ვიდეოები გამოაქვეყნა და ისაუბრა პენტაგონში UAP-ის შემსწავლელ პროგრამაზე, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის მანამდე ცნობილი არ იყო. მოგვიანებით, 2021 წლის ივნისში ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისმა ამ ფენომენზე ანგარიში გამოაქვეყნა. იმავე წლის ნოემბერში კი, ამოუცნობი ანომალიური ფენომენის შესასწავლად, პენტაგონში ახალი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელმაც გასული წლის დეკემბერში განაცხადა, რომ პროგრამის ამუშავების შემდეგ, UAP-ის შესახებ "ასობით" ახალი ანგარიში მიიღო.

კონგრესში ივლისის ბოლოს გამართულ მოსმენაზე ერთ-ერთი მთავარი მოწმე თადარიგის მაიორი დევიდ გრაში იყო, რომელიც 14 წლის მანძილზე შეერთებული შტატების სამხედრო ავიაციის დაზვერვის ოფიცრად მსახურობდა, ახლა კი ის მამხილებელია. ამ წლის გაზაფხულამდე დევიდ გრაში პენტაგონის ორ ჯგუფში მუშაობდა, სადაც ამოუცნობ ანომალიურ ფენომენს სწავლობენ. მისი თქმით, უკვე მრავალი ათწლეულია, რაც აღმასრულებელი შტოს სააგენტოები კანონმდებლებს არ ატყობინებენ უცნობი წარმოშობის ობიექტებზე და ამერიკელი სამხედრო პილოტების მათთან შეხების ფაქტებზე, რაც მისი თქმით, იშვიათობას არ წარმოადგენს.

შეერთებულ შტატებში მამხილებელს კანონი იცავს. მამხილებლად მიიჩნევა ადამიანი, რომელიც ავტორიზებულ ორგანოს მიაწვდის გონივრულ მტკიცებულებებს, რომლებიც მისი გადასახედიდან, ორგანიზაციის ან ინდივიდის არასწორ ქმედებას ადასტურებს.

მოსმენამდე ცოტა ხნით ადრე, ივნისში, დევიდ გრაშმა მედიის რამდენიმე საშუალებასთან საჯაროდ განაცხადა, რომ ამერიკის მთავრობაში მოქმედებს უკიდურესად გასაიდუმლოებული პროგრამა, რომელიც სწავლობს ამოუცნობ ანომალიურ ფენომენს. მეტიც, მისი თქმით, მთავრობა დღესაც ფლობს მისტიკურ მფრინავ ობიექტებს, რომლებიც ადამიანის ხელით არ არის შექმნილი და მათ ბორტზე ნაპოვნი პილოტების გვამებსაც სწავლობს. გრაში აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაციის გასაჯაროების გამო, ის დევნას განიცდის.

„ოფიციალური მოვალეობის შესრულებისას, მე მატყობინებდნენ ამოუცნობი ანომალიური ფენომენის ავარიების შემდგომი [ნარჩენების] ამოღების და რევერსიული ინჟინერიის პროგრამების შესახებ, რომლებზე წვდომაზეც უარი მითხრეს, როცა მათზე დამატებითი ინფორმაცია მოვითხოვე. მე ანგარიშისთვის შეგროვებული მონაცემების საფუძველზე გადაწყვეტილება მივიღე და ვაცნობე ზემდგომ პირებს და ბევრ გენერალურ ინსპექტორს. საბოლოო ჯამში კი მამხილებელი გავხდი. როგორც იცით, ჩემი ამ გადაწყვეტილების გამო შურისძიების მსხვერპლი აღმოვჩნდი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩემი ქმედება საბოლოო ჯამში, დადებით შედეგს და მზარდ გამჭვირვალობას მოიტანს“ - უთხრა გრაშმა მოსმენაზე შეკრებილ კანონმდებლებს.

ფოტო აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ვიდეოდან, რომელიც 2015 წელს საზღვაო პილოტებმა გადაიღეს. "მათი მთელი ფლოტია" - ეუბნება ვიდეოში ერთ-ერთი პილოტი მეორეს, "და ის ბრუნავს".
ფოტო აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ვიდეოდან, რომელიც 2015 წელს საზღვაო პილოტებმა გადაიღეს. "მათი მთელი ფლოტია" - ეუბნება ვიდეოში ერთ-ერთი პილოტი მეორეს, "და ის ბრუნავს".

ივნისშივე, გრაშის ადრინდელ ბრალდებებზე არაერთი საპასუხო განცხადება გაკეთდა როგორც შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის, ისე ნასას, შეერთებული შტატების აერონავტიკის და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს მხრიდან. თავდაცვის დეპარტამენტის ერთ-ერთმა პრესსპიკერმა სიუ გოჰმა ტელეკომპანია „ფოქსს“ უთხრა, რომ მთავრობის მიერ მსგავსი ანომალიური მასალების ფლობის დამადასტურებელი ინფორმაცია არ არსებობს.

„დღემდე არ არის ნაპოვნი რაიმე სახის დადასტურებადი ინფორმაცია, რომელიც განამტკიცებდა შეხედულებას პროგრამაზე, რევერსიული ინჟინერიის უცხოპლანეტური წარმოშობის მასალების ფლობაზე წარსულში, ან დღეს“ - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტმა ბრიტანულ გამოცემა „ინდიფენდენტს“ მიაწოდა. განმარტებისთვის: რევერსიულ ინჟინერიას უწოდებენ ერთგვარ ინჟინრულ უკუპროცესს, რომელიც უკვე შექმნილი ობიექტის მუშაობის პრინციპის შესწავლას ითვალისწინებს.

დავუბრუნდეთ კონგრესში 26 ივლისს გამართულ მოსმენას.

მანამდე მედიასთან გაკეთებული განცხადებებისგან განსხვავებით, მოწმეებმა ამჯერად ამერიკელ კანონმდებლებს ჩვენება ფიცის დადების შემდეგ მისცეს. დევიდ გრაშის გარდა, წარმომადგენელთა პალატაში მოუსმინეს ამერიკის საზღვაო ძალების ყოფილ პილოტ რაიან გრეივსს და აშშ-ის საზღვაო ფლოტის ერთ-ერთ ყოფილ მეთაურს, დევიდ ფრეივორს, რომელიც ამჟამად პენსიაზეა. მათ ისაუბრეს პირად გამოცდილებაზე, როცა თავად გახდნენ მისტიკურ მფრინავ ობიექტებთან შეხების მოწმეები, რომლებიც წარმოუდგენელი სისწრაფით, სავარაუდოდ, ძრავის გარეშე გადაადგილდებოდნენ.

„ამოუცნობი ანომალიური ფენომენი ჩვენს საჰაერო სივრცეშია, მაგრამ მათ შესახებ ანგარიში სამწუხარო იშვიათობას წარმოადგენს. მსგავსი სანახაობა არც იშვიათობაა და არც იზოლირებული შემთხვევა. სამხედროები, საავიაციო გუნდები და კომერციული პილოტები, გამოცდილი დამკვირვებლები, რომელთა სიცოცხლე სწორ იდენტიფიკაციაზეა დამოკიდებული, მსგავსი ფენომენის მოწმენი ხშირად ხდებიან“ - ამბობს რაიან გრეივსი. მისი თქმით, მთავრობის ნაწილი საქმის კურსშია, მაგრამ „გადაჭარბებული გასაიდუმლოების პრაქტიკის გამო, კრიტიკული ინფორმაცია დამალული რჩება. 2021 წლიდან მოყოლებული, UAP-ზე ყველა ვიდეოს საიდუმლო, ან კიდევ უფრო მკაცრი საიდუმლო გრიფი აქვს მინიჭებული. ამ დონის გასაიდუმლოება ზიანს აყენებს არამარტო ჩვენ მიერ მოვლენების აღქმას, არამედ ასაზრდოებს სპეკულაციებს და უნდობლობას“.

გრეივსი ჰყვება, თუ როგორ დაიწყო მათი თვითმფრინავების რადარებმა უცნობი ობიექტების აღმოჩენა 2014 წლიდან, მას შემდეგ, რაც მათ გაუმჯობესებული, მოწინავე სარადარო სისტემები დაუყენეს. მისი მონათხრობის მიხედვით, ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდი ვირჯინიის შტატში, ქალაქ ვირჯინია-ბიჩთან მოხდა, როცა საზღვაო ფლოტის თვითმფრინავები წვრთნას ნაპირიდან დაახლოებით 10 მილის (16 კილომეტრი) დაცილებით გადიოდნენ.

„ობიექტი, აღწერილობით მუქი ნაცრისფერი ან შავი, რომელიც უფრო ნათელ სფეროში იმყოფებოდა, მოწინავე თვითმფრინავთან 50 ფუტის (15.24 მეტრი) მანძილზე მოვიდა. მისი დიამეტრი დაახლოებით 5-15 ფუტი იქნებოდა. მისიის მეთაურმა ფრენა სასწრაფოდ გააუქმა და ბაზაზე დავბრუნდით. ესკადრონმა უსაფრთხოების ანგარიში შეადგინა, მაგრამ ამ ინციდენტის შემდეგ, არანაირი ოფიციალური ცნობა არ მოსულა, არ არსებობს არანაირი მექანიზმი, რომელიც ამ ანგარიშს გააანალიზებს. მალე მსგავსი შეხება იმდენად ხშირი გახდა, რომ ეკიპაჟები ფენომენის რისკებს ჩვეულებრივი, რეგულარული ფრენის წინა ბრიფინგებზეც განიხილავდნენ“ - ამბობს ყოფილი პილოტი. მისი და 30-მდე სხვა პილოტის პირადი გამოცდილებით, მსგავსი ეპიზოდები ყველაზე ხშირად, „ჰავაის ჩრდილოეთით და ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთში“ ხდება.

ყოფილი მეთაური დევიდ ფრეივორი ყვება ინციდენტზე, რომელსაც ის 2004-ში, სხვებთან ერთად კალიფორნიის შტატში, ქალაქ სან-დიეგოს მახლობლად შეესწრო. იმ დღეს ამინდი მისი თქმით, ძალიან კარგი იყო და ხილვადობაც საუკეთესო. თვითმფრინავ F-18-ზე ორი ადამიანი იმყოფებოდა. ეკიპაჟმა ქვემოთ მცირე ზომის თეთრი ობიექტი დაინახა, რომელსაც მათ „ტიკ-ტაკი“ შეარქვეს, და რომელიც „წყალზე ძალიან მკვეთრად, პინგპონგის ბურთივით მოძრაობდა“. ამ მომენტში კომუნიკაცია ჩაიხშო, მათ და ახლოს მყოფმა თვითმფრინავებმა ერთმანეთთან და ბაზასთან კავშირი დაკარგეს.

ფრეივორის ეკიპაჟმა მიმართულება შეიცვალა და გეზი უცნობი ობიექტისკენ აიღო. „როცა [თვითმფრინავის] ცხვირით ობიექტს დაახლოებით ნახევარი მილით მივუახლოვდით, მან ჩვენ თვალწინ სიჩქარე სწრაფად აკრიფა და გაქრა. მეწყვილე თვითმფრინავის პილოტმაც დაკარგა კონტაქტი, რომელიც ჩვენგან დაახლოებით 8 000 ფუტით (2.4 კილომეტრი) მაღლა იმყოფებოდა“.

ამის შემდეგ, თვითმფრინავებმა მიმართულება შეიცვალეს და აღმოსავლეთით უნდა გაფრენილიყვნენ, როცა მას მეორე პილოტმა უთხრა: „არ დაიჯერებთ, მაგრამ იმ რაღაცამ, რაც ჩვენ წინ იყო, ერთ წუთზე ნაკლებ დროში ჩვენ უკან დაახლოებით 60 მილის (96.5 კილომეტრი) მანძილზე გადაინაცვლა“. ფრეივორის ეკიპაჟმა ინციდენტის ამსახველი 90-წამიანი ვიდეოს გადაღება შეძლო, რომელიც მოგვიანებით, საიდუმლო კლასიფიკაციის მოხსნის შემდეგ, „ტიკ-ტაკის“ ვიდეოს სახელით გავრცელდა და სხვადასხვა სოციალურ არხებზე ათეულ მილიონობით ადამიანმა ნახა.

მოსმენაზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა კონგრესმენმა გლენ გროთმენმა დასვა: „ფიქრობთ, რომ UAP ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის პოტენციურ რისკს ქმნის“?

დევიდ ფრეივორმა მას ასე უპასუხა: „დიახ, და აი რატომ: ტექნოლოგია, რომლის პირისპირაც აღმოვჩნდით, გაცილებით მოწინავეა, ვიდრე ნებისმიერი რამ, რაც გვქონია. მისი გაგზავნა ყველგან შეიძლება. ასეთი რამ რომ გვქონდეს, ხელში რომ ჩავიგდოთ, მისი რევერსიული ინჟინერიით ამოქმედება შეგვეძლებოდა. საუბარია ისეთ რამეზე, რომელსაც აგზავნი სადმე კოსმოსში, დაუშვებ წამებში სადაც გინდა იქ, გააკეთებინებ რასაც გინდა და უკან დააბრუნებ. მასთან ვერაფერს გააწყობ. ვერაფერს“.

ყოფილი პილოტი რაიან გრეივსი მოსმენაზე ყურადღებას უფრო ავიაციაში მსგავსი ეპიზოდების მომსწრე სამხედრო თუ სამოქალაქო პერსონალისთვის შექმნილ სიტუაციაზე ამახვილებდა. მისი აზრით, ამ ეტაპზე „საჭიროა შეიქმნას სისტემა, რომლის საშუალებითაც პილოტებს შეეძლებათ ანგარიშების წარდგენა ისე, რომ მათ სამსახურის დაკარგვის არ ეშინოდეთ. არსებობს სტიგმის შიშიც, რომელიც ამ საკითხს ახლავს თან და რომელიც პროფესიულ კარიერაზე ახდენს გავლენას, ან მენეჯმენტის მხრიდან, ან მათი ყოველწლიური ფიზიკური შემოწმების გზით“.

გასულ კვირაში თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა ჯონ კირბიმაც აღნიშნა, რომ UAP-ები „გავლენას ახდენენ ჩვენი [პილოტების] წვრთნების სპექტრზე“. მისი თქმით ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი ხედავენ ცაში ობიექტებს და არ არიან დარწმუნებულები იმაში, თუ რას წარმოადგენენ ისინი.

წარმომადგენელთა პალატის კანონმდებლები საკითხისადმი ორპარტიული მიდგომის აუცილებლობას უსვამენ ხაზს. „ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ, რომ კონგრესში დემოკრატებს და რესპუბლიკელებს შეგვიძლია გაერთიანება, ორპარტიული მიდგომით არასწორი ინფორმაციის გარღვევა და სერიოზული ანალიზით ფაქტებზე მსჯელობა“ - თქვა მოსმენაზე კალიფორნიის დემოკრატმა კონგრესმენმა რობერტ გარსიამ.

ამ საკითხთან დაკავშირებით, სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა ივნისში შეერთებული შტატების თავდაცვის ბიუჯეტში საკანონმდებლო ცვლილება წარადგინა. სენატის უმრავლესობის ლიდერის, დემოკრატი ჩაკ შუმერის მეთაურობით, სენატორები გამოდიან ინიციატივით, რომ აღმასრულებელი შტოს წარმომადგენელმა სააგენტოებმა UAP-ისთან დაკავშირებული ჩანაწერები სპეციალური განხილვის საბჭოში წარადგინონ. ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში, ფედერალურ სააგენტოებს მოუწევთ დაასაბუთონ, რომ ჩანაწერების საიდუმლოდ დატოვება აუცილებლობას წარმოადგენს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG